თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ბულგარეთში საბავშვო სიმღერის კონკურსზე „ევროვიზია 2015“ საქართველოს კვარტეტი The Virus წარმოადგენს, ამის შესახებ ღონისძიების ოფიციალური გვერდი იტყობინება.
საბავშვო კვარტეტმა The Virus ვიდეოკლიპი წარმოადგინა სიმღერაზე „გაბედე“, რომლითაც 21 ნოემბერს „ევროვიზიაზე“ წარსდგება.
კვარტეტი საბავშვო სტუდია „ბზიკების“ აღსაზრდელებისაგან შედგება: ელენე კეჟრიშვილი (10 წლის), ლიზი თავბერიძე (12 წლის), თაკო გაგნიძე (11 წლის) და დათა პავლიაშვილი (11 წლის).
სიმღერისა და კლიპის კომპოზიტორი, რეჟისორი და პროდიუსერია გიგა კუხიანიძე. ტექსტი პოეტ ერეკლე დეისაძეს ეკუთვნის, არანჟირება ბორიკო შხიანს. ბავშვების იმიჯზე დიზაინერმა მარიკა ქურდუბიძემ იზრუნა.
ბავშვთა მუსიკალური კოლექტივები საქართველოდან, ევროვიზიაზე ორჯერ გახდნენ გამარჯვებულნი. საქართველო კონკურსში Junior Eurovision უკვე მეცხრედ მონაწილეობს.