თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის გენერალური შტაბი „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების რაოდენობის შესახებ აცხადებს, რომ მათი რიცხვი 40–50 ათასია, განაცხადა გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა ანდრეი კარტაპოლოვმა გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში.
„სხვადასხვა შეფასებებით, 30–დან 80 ათასამდეა. ჩვეულებრივ, სიმართლე სადღაც შუაშია, მოდით, ვისაუბროთ 40–50 ათასზე“, – განაცხადა კარტაპოლოვმა „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების რაოდენობის შესახებ კითხვაზე პასუხისას.
რუსეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმები პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსულმა ავიაციამ უკვე მნიშვნელოვნად გაანადგურა ტერორისტების შტაბები, ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებელი ქარხანა, საწვრთნელი ბანაკი და რიგი სხვა ობიექტები. დარტყმები საჰაერო დაზვერვისა და სირიის არმიის შტაბისგან მოწოდებული მონაცემების დაზუსტების შემდეგ ხორციელდება.
სირიის, ერაყისა და ირანის სამხედრო–საჰაერო ძალები ტერორისტებთან ბრძოლაში თავისი გეგმის მიხედვით მოქმედებენ, მაგრამ, ამავე დროს, თავიანთ გეგმებს რუსეთთან ათანხმებენ, განაცხადა ანდრეი კარტაპოლოვმა.
რუსეთის გენშტაბის მონაცემებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს საგრძნობი დანაკარგი აქვთ, ისინი ტაქტიკას ცვლიან და ძალებს დასახლებულ პუნქტებში ანაწილებენ. მათ სირიის ჯარებთან შეტაკებებში იარაღისა და ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგეს, „ისლამურ სახელმწიფოში“ შემავალი რიგი დაჯგუფებები უკვე მზად არიან, საომარი მოქმედებების ზონა დატოვონ.