სომხეთსა და ირანს შავი ზღვისკენ სატრანსპორტო დერეფნის შექმნა სურთ

© RIA Novosti . Бесик Пипияშავი ზღვა
შავი ზღვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის ტრანსპორტის მინისტრმა აბას აჯმად აჰუნდიმ განაცხადა, რომ სომხეთისთვის სპარსეთის ყურიდან სატრანსპორტო დერეფნის შექმნის საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც ქვეყანას ზღვაზე გასასვლელი არა აქვს.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. სომხეთი და ირანი სპარსეთის ყურიდან შავი ზღვისა და შემდეგ ბულგარეთის მიმართულებით სატრანსპორტო დერეფნის საკითხზე მუშაობენ, განაცხადა ხუთშაბათს ირანის ტრანსპორტის მინისტრმა აბას აჰმად აჰუნდიმ.

ირანის მინისტრი სომხეთში დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, რომელსაც ირანის პირველი ვიცე–პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. 

„სომხეთისთვის სპარსეთის ყურიდან სატრანსპორტო დერეფნის შექმნის საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც ქვეყანას ზღვაზე გასასვლელი არა აქვს. ჩვენ ასევე შევძლებთ გამოვიყენოთ ეს დერეფანი, ასევე სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიები შავ ზღვაზე გასასვლელად“, – განაცხადა აჰუნდიმ რადიო „აზატუთიუნთან“ (რადიო „თავისუფლების“ სომხეთის სამსახური) ინტერვიუში. „ამ მიზნით საუბარი იყო ოთხმხრივ შეთანხმებაზე ირანს, სომხეთს, საქართველოსა და ბულგარეთს შორის“, – დასძინა აჰუნდიმ. 

ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, დელეგაციამ სომხურ მხარესთან ასევე იმსჯელა ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის რეკონსტრუქციისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხებზე. „ჩვენ დავარწმუნეთ სომხური მხარე, რომ რკინიგზის ჩვენს მონაკვეთს ავაშენებთ, როდესაც სომხეთი თავისი მონაკვეთის თუნდაც ერთ მესამედს ააშენებს“, – განაცხადა ირანის ტრანსპორტის მინისტრმა. 

ირანი-სომხეთის რკინიგზის მშენებლობაზე საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ეს გზა სომხურ მხარეს ენრგორესურსებისა და სხვა საქონლის ტრანსპორტირების ალტერნატიულ გზას გაუხსნის. ამჟამად სომხეთიდან ყველა სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოს გავლით ხორციელდება. 

სომხეთის მთავრობამ 2014 წლის 7 აგვისტოს ამ რკინიგზის მშენებლობის წინასწარი პროგრამა მოიწონა. პროექტის ღირებულება 3,5 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული, მისი სიგრძე 316 კმ იქნება, მის ინფრასტრუქტურაში შევა 19,4 კილომეტრი სიგრძის 64 ხიდი, 102,3 კმ სიგრძის 60 გვირაბი და 27 სადგური. ვარაუდობენ, რომ მშენებლობა 2022 წელს დასრულდება, ტვირთების გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 25 მლნ ტონა იქნება.

რკინიგზის პროექტი ჩინეთის მშენებლობისა და კომუნიკაციების საერთაშორისო კომპანიამ (CCCC International) შეიმუშავა. პროექტისადმი ინტერესს ჩინური ბანკები ამჟღავნებენ, რომელთაც პროგრამის 60%–ის დაფინანსებაზე მზადყოფნა გამოთქვეს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0