ირმა ლეჟავა
როდის შეიქმნა საქართველოს სამაშველო სამსახური და ვინ იყვნენ ქართველი მაშველები? ჰგვანან თუ არა „911“-ის, ან სენტროპელ კოლეგებს და გადაიღებენ, თუ არა მათ სიმამაცეზე ქართველები ფილმებს?— ყოფილი წითელი ჯვრის საზოგადოების რესპუბლიკური სამაშველო ცენტრის — „სანთელის“ მაშველი იური დავლიანიძე და სწრაფი რეაგირების სამაშველო სამსახურის ყოფილი უფროსი ელგუჯა ჯამრიშვილი არცთუ შორეული წარსულის ამბებს იხსენებენ:
ელგუჯა ჯამრიშვილი: - პროფესიული სამაშველო სამსახურების ჩამოყალიბებას მთელ მსოფლიოში საფუძველი სომხეთში, სპიტაკში მომხდარმა მიწისძვრამ ჩაუყარა. მაშინ მოხალისეთა ჯგუფს სპელეოკლუბის წევრები შევუერთდით და წავედით სომხეთში. ამის შემდეგ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან შევქმენით რესპუბლიკური სამაშველო ცენტრი „სანთელი“, რომელსაც თემურ ქუმსიაშვილი ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, ხელფასსაც გვიხდიდნენ. მაგალითად, ჩვეულებრივი მაშველი იღებდა 400 მანეთს. 1990 წლიდან, საჩხერისა და რაჭის მიწისძვრების შემდეგ კი — ჩვენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას სახელმწიფო აფინანსებდა.
- იმ პერიოდში საქართველოს თავს რამდენიმე ომი გადახდა. ბრძოლებში დაჭრილებსაც თქვენ შველოდით?
- ცეცხლის ხაზიდან დაჭრილები ჩვენ გამოგვყავდა. თბილისის ომის დროს ფორმებიც არ გვქონდა, არადა აუცილებელი იყო განსხვავებული ნიშანი მებრძოლებისგან გამოსარჩევად. მოვიფიქრეთ და თეთრი ზეწრებისგან სახელდახელო კვართები გავაკეთეთ, რომელსაც წინ და უკან წითელი ჯვრები დავახატეთ. ორივე მხარემ იცოდა, რომ ჩვენთვის არ უნდა ესროლა. ერთ-ერთმა მხარემ, არ მახსოვს, რომელმა, ჩვენი „გამოგონება“ გამოიყენა, გადავიდა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე და დაიწყო სროლა. ამან ჩვენი იმიჯი შელახა და ბოლოს უკვე, ერთ-ერთი დაჭრილის გამოყვანისას ჩვენც გვესროლეს და ორი-სამი ბიჭი დაგვეჭრა. როცა „მხედრიონი“ დაიშალა, სახელმწიფომ გადაწყვიტა, აღარ დაეფინანსებინა „წითელი ჯვრის“ სამაშველო სამსახური და საკუთარი შეექმნა. 1996 წელს შეიქმნა სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი. მის თავმჯდომარედ დანიშნეს მაშინდელი შს მინისტრის მოადგილე გია ჩეჩელაშვილი, რომლის დაჟინებული თხოვნით, სწრაფი რეაგირების სამაშველო სამსახურის უფროსად გადამიყვანეს.
— „წითელი ჯვრის“ სამაშველო სამსახური დაიხურა?
— არა, 2000 წლამდე პარალელურად არსებობდა, უბრალოდ, მე გადავედი და რამდენიმე ადამიანი წავიყვანე. ერთი სიტყვით, გავხდით პოლიციელები, ვაყალიბებდით ახალ სამაშველო სამსახურს, ტექნიკურ ბაზას და ვზრდიდით კადრებს.
იური დავლიანიძე: - მაშველი სულით უნდა იყო, თორემ ძალით ვერ გახდები. საბჭოთა მილიციელი მაშველი ვერ გახდებოდა, რადგან ის სხვაგვარ ცხოვრებას იყო მიჩვეული: მას ყოველთვის ჰქონდა დამატებითი შემოსავალი, მაშველს კი — არა; მას ერთგან რომ გაათავისუფლებდნენ და, ვთქვათ, მაშველობას „მიუსჯიდნენ“, მერე თავს თუ გამოიჩენდა, ისევ აღადგენდნენ შს სამინისტროს რომელიმე განყოფილებაში. მათგან განსხვავებით, „წითელი ჯვრის“ სამაშველო სამსახურში პროფესიონალები აგვყავდა და კი არ ვნიშნავდით ვინმეს, არამედ მთავარი მისი გამოცდილება იყო, არც ასაკობრივი შეზღუდვა გვქონდა...
ელგუჯა ჯამრიშვილი: - 2003 წლის ივლისში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმოდ გაიხსნა, შვეიცარიელების დაფინანსებით აშენებული, საკმაოდ მაღალი დონის ბაზა, რასაც სასწავლო პროგრამაც მოჰყვა. შვეიცარიელმა ინსტრუქტორებმა ჯერ ჩვენ — 10 ქართველი ინსტრუქტორი მოგვამზადეს, მერე მათი მეთვალყურეობით, ჩვენ ვამზადებდით მაშველებს, უკვე გვქონდა უმაღლესი ტექნიკური აღჭურვილობა, ფორმა, განსხვავებული სატრანსპორტო საშუალებები და ბევრად გაადვილდა მუშაობა. მომდევნო ეტაპზე სამაშველო სამსახური კვლავ შსს-ს დაქვემდებარებაში დარჩა, საგანგებო შემთხვევებისას გამოძახება კი 022-ზე ხდებოდა. სახელმწიფომაც ამ სამსახურისთვის უკვე ევროპული მოდელი აირჩია, რაც სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთიანობას ითვალისწინებს და საკმაოდ ეფექტიანია, მაგრამ დიდ დაფინანსებასა და გამოცდილ კადრებს საჭიროებს. მახსოვს, 2004 თუ 2005 წელს, როდესაც ჩვენი დეპარტამენტი გაუქმდა, 6 თვით აღმოვჩნდით შინაგანი ჯარის შემადგენლობაში. 022-ით გამოგვიძახეს, თურმე, გაყინულ კუმისის ტბაზე გადადიოდა ორი მონადირე თუ მეთევზე, ყინული ჩაუტყდათ და შველას ითხოვდნენ. მაშინვე გავედით ჯიპებით, პარალელურად, შევატყობინე შინაგანი ჯარების სარდალს და ვერტმფრენი ვთხოვე. მან მაშინვე მიიღო ზომები, მაგრამ ვერტმფრენს ასაფრენად საკმაო დრო დასჭირდა, არადა, საგანგებო სიტუაციისთვის, წესით, ის მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ და ვერტმფრენი კუმისის ტბასთან თითქმის ერთდროულად მივედით, მაგრამ უკვე დავგვიანდით: ორივე ადამიანი დაიხრჩო.
— ყველაზე მეტად როდის გაგიჭირდათ ადამიანების გადარჩენა?
- ასეთი რამ ფართომასშტაბიანი საგანგებო სიტუაციისას მომხდარა. მაგალითად, ირანისა და თურქეთის მიწისძვრებისას 30-30-კაციანი ჯგუფები ვიყავით ორივეგან. ირანში ჯოჯოხეთური სამუშაო იყო: არც ერთ ჯგუფს ცოცხალი ადამიანი არ ამოგვიყვანია. ყველგან ადგილობრივი ჯარისკაცები დაგვყვებოდნენ. მახსოვს, ჩვენთან ერთად ორი ფერეიდნელი ქართველი იყო, ძალიან საინტერესო ქართულით ლაპარაკობდნენ. გვეუბნებოდნენ, თქვენით ვამაყობთ, რადგან ყველა ამბობს, სხვა ჯგუფები ძაღლებით გაივლ-გამოივლიან და ჯარისკაცებს ამუშავებენ, ქართველები კი ყველაფერს თავიანთი ხელით აკეთებენო. განა უცხოელები არ იყვნენ პროფესიონალები, მაგრამ ისინი ჩარჩოდან არ გამოდიან: ერთმა პატარა აგურმა საფრთხე რომ შეუქმნას მაშველის მუშაობას, ვიდრე იმ საფრთხეს არ მოიშორებს, ადამიანი თუნდაც კვდებოდეს, მაინც არ მიეშველება. უსაფრთხოების წესების დაცვა სამაშველო სამსახურის პირველი მოთხოვნაა, ქართველები კი გადარეული, უწესო ხალხი ვართ. ჩვენც ვასწავლიდით მაშველებს, უპირველესი უსაფრთხოება რომ იყო, მაგრამ ის ახალგაზრდა რეალურად ხედავდა ჩვენს მუშაობას, პირველ რიგში დაზარალებულის სიცოცხლეს რომ ვაყენებდით და ისიც იმ სულისკვეთებით იზრდებოდა. ლოზუნგივით გვქონდა: ისე არ მოიქცე, როგორც მე ვაკეთებ, გააკეთე ისე, როგორც მე გასწავლი!
- როგორი უნდა იყოს მაშველი, რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს?
იური დავლიანიძე: — გულადი, თავდადებული, უღალატო, რისკიანი და ენთუზიასტი. ყველაფერი უნდა იცოდეს, თუნდაც — მეანობიდან დაწყებული. ამას წინათ ტელეარხ „დისქოვერიზე“ უჩვენეს ტიპები, წყალში ჯოხებით ეძებდნენ დაკარგულ ადამიანს. ერთსაც არ მოაფიქრდა, ბალონი გაეკეთებინა და წყალში ჩაეყვინთა — ასე ხომ უფრო ადვილად მოძებნიდნენ?! ხშირად უთქვამთ: „დისქოვერიზე“, იცი, რა მაგარი ბიჭები ვნახეო?! მართალია, ჩვენ სამაშველო სამსახურში აღარ ვართ, მაგრამ ხომ ვიცნობთ, ვხედავთ, ვიგებთ, რა მაგარი ბიჭები არიან საქართველოში: ალპინისტები, სპელეოლოგები, მყვინთავები — ყველანი. ახლა კიდევ უფრო ცენტრალიზებულია ჩვენი ქვეყნის სამაშველო სამსახური. როგორც ვიცი, წელს თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ჩამოყალიბდა და სამსახური კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სამწუხაროდ, განსაცდელიც არ გვაკლია, მაგრამ მჯერა, რომ ქართველი მაშველები ყოველთვის თავგანწირულები იქნებიან სხვების გადასარჩენად. ამის მაგალითად ჩვენს თავს გადახდენილი უახლესი ამბებიც კმარა!..