საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. მერვე ტურის ანონსი

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერვე ტურის შაბათის პროგრამა ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრით დასრულდება.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში პარასკევს, 16 ოქტომბერს ორკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდება. ეს შესვენება ეროვნული ნაკრებების თამაშით იყო განპირობებული. 

პირველობის მერვე ტური „საბურთალოსა“ და „საპოვნელას“ შეხვედრით დაიწყება. თავდაპირველად მატჩი 17 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ იმის გამო, რომ თბილისური კლუბი 21 ოქტომბერს უეფას ახალგაზრდული ლიგის ფარგლებში დანიურ „მიდტიულანთან“ საპასუხო მატჩს მართავს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თამაში პარასკევს გადმოიტანა. დანიელების წინააღმდეგ „საბურთალოს“ შემადგენლობის თითქმის 80% ითამაშებს. პირველ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა 1:3 წააგეს.

მერვე ტურის ძირითადი შეხვედრები შაბათს, 17 ოქტომბერს გაიმართება. განსაკუთრებულ ყურადღებას ორი დაპირისპირება იწვევს.

ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის ერთ–ერთ ლიდერს – „სამტრედიას“ შეხვდება, რომელიც სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. ბათუმელები კი უკვე მეოთხე ტურია ზედიზედ მოგებას ვერ ახერხებენ. ბოლო გამარჯვება მათ აგვისტოში მოიპოვეს, მას შემდეგ შოთა ჭეიშვილის გუნდმა ორი მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო ორი – წააგო.

„სამტრედიამ“ კი ბოლო სამ მატჩში მეტოქეებს სულ 12 გოლი გაუტანა, თანაც ბოლო შეხვედრაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დილა“ გამანადგურებელი ანგარიშით – 5:0 დაამარცხა. 

რაც შეეხებასტატისტიკას, აქ გამოკვეთილი უპირატესობა „დინამოს“ აქვს. 23 თამაშიდან ბათუმელებმა 12 მოიგეს და 8 – წააგეს, სამი თამაში ფრედ დასრულდა.

მერვე ტურის შაბათის პროგრამა ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრით დასრულდება.

მასპინძლები – ქუთაისის გუნდი სატურნირო ცხრილის ბოლოშია, 8 ქულით მე–11 ადგილი უკავია, ხოლო თბილისის „დინამო“ ეროვნული პირველობის ერთპიროვნული ლიდერია. 

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, უპირატესობა თბილისელებს აქვთ. „ტორპედომ“ „დინამოს“ მხოლოდ 15–ჯერ მოუგო, ხოლო დამარცხებით – 28–ჯერ დამარცხდა.

„ტორპედოელების“ თამაშზე შეიძლება დადებითად აისახოს ის, რომ რომ 12 წლის შემდეგ გუნდს უკრაინელი მწვრთნელი ალექსანდრ შტელინი დაუბრუნდა. ამ პოსტზე მან გიორგი დარასელია შეცვალა, რომელთანაც გუნდმა ხელშეკრულება ორმხრივი თანხმობით გააუქმა.

შტელინი, ქართული ეტაპის შემდეგ, ცხრა წელი ბელგიაში მუშაობდა, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც პოლტავის „ვორსკლესთან“ დაიწყო მუშაობა.

მერვე ტური კვირას გამართული ორი მატჩით დასრულდება – „დილა“ „გურიას“ უმასპინძლებს, ხოლო „ცხინვალი“ „ჩიხურას“ შეხვდება.

მერვე ტურის მატჩების ჩატარების გრაფიკი:

16 ოქტომბერი

„საბურთალო“ – „საპოვნელა“.

17 ოქტომბერი

„კოლხეთი“ – „ლოკომოტივი“;

„დინამო“ (ბათუმი) – „სამტრედია“;

„მერანი“ – „შუქურა“;

„ზუგდიდი“ – „სიონი“;

„ტორპედო“ – „დინამო“ (თბილისი).

18 ოქტომბერი

„დილა“ – „გურია“;

„ცხინვალი“ – „ჩიხურა“.


ყველა ახალი ამბავი
0