ფული ჩვენი - არაპროფესიონალიზმი თქვენი

© http://pco.ge/wp-content/uploads/2014/03/20131008162207media.jpgქართული მედია
ქართული მედია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღევანდელ საქართველოში გამოცდილი და ჭკუადამჯდარი ხარი აღარავის სჭირდება.

 მერაბ ხაჩიძე   

 მოგბეზრდება ადამიანს მუდამდღე ერთსა და იმავეზე წერა და საუბარი, მაგრამ სიჩუმითა და წაყრუებით ჯერ საქმე არ გაკეთებულა.  

 ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა თემურ კვირკველიამ, რომელიც ამჟამად თბილისთან ახლოს, ერთ ლამაზ სოფელში ცხოვრობს, ასეთი რამ მიამბო: "საღამოხანს, როცა სოფლის საქონელი შინ მოჰყავდა, ჭიშკართან მდგომს მოხუცი მენახირე მომიახლოვდა და არც მომსალმებია, ისე მითხრა: ადრე, როცა ხარი გამწევ ძალად გვჭირდებოდა, წესი იყო — ორ ახლადგახედნილ მოზვერს გუთანსა და ურემში ერთად არავინ შეაბამდა. მოზვრის გვერდით, მეორე აუცილებლად ბებერი ხარი უნდა ყოფილიყო. ორი თავქარიანი და ჯანიანი მოზვერი ან ურემს გადაჩეხავს სადმე, ან ხნულს ისე გაამრუდებს, რომ ვეღარ გაასწორებ. ბებერი ხარის ცოდნა, სიდინჯე და გამოცდილი ნაბიჯი, მოზვერსაც ამშვიდებს, სწორად სიარულსაც ასწავლის და ურემზე დადებული ტვირთის შინამდე უსაფრთხოდ მიმტანიცაა. ცოტა გაოცება რომ შემატყო, გაღიმებულმა დაუმატა: შენ, შენს ქალაქელებს მოუყევი რაც გითხარი, თორემ სოფელში ეს ისედაც ყველამ კარგად ვიცითო."

 ერთი ცნობილი მწერლისა არ იყოს, მიზეზიც ნათქვამია და მიზანიც. არც ამ უჭკვიანესი გლეხი კაცის აზრის გაპროზაულება მინდოდა, მაგრამ ეს ამბავი შვილიშვილებთან მოსაყოლად არ გამიხსენებია. არც იმის მიხვედრაა ძნელი, "ქალაქელებში" ვინ იგულისხმა. 

 ამას წინათ, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა დაიჩივლა, ხალხს სწორი და ობიექტური იმფორმაცია არ მისდისო.  

 ესეც კიდევ ერთი ახალი ამბავი.  

 თუ ამ საყვედურის ადრესატი მხოლოდ დღევანდელი ქართული მედიაა, ახლავე ვიტყვი, რომ ბრიფინგებსა და პრესკონფერენციებზე "მიკროფონის დამტარებლის" სტატუსით მისულ ბავშვებს მეტი არ მოეთხოვებათ. რაც შეუძლიათ და რაც იციან, უფრო სწორად, რაც არ იციან, იმას აკეთებენ და იმიტომ.  დალოცვილებს, რომელი ერთი დავუჯეროთ:  სიტყვა პროფესიონალის გაგონებაზე გულყრა რომ  ემართებათ, თუ  ის, გაჭირვებისას რომ აწუწუნდებიან, პროფესიონალები არ გვყავსო?! ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა არაერთხელ: ჟურნალისტები უნდა გავზარდოთო! კარგი დაგემართათ, მაგრამ სახლებში გამოკეტილმა, უფუნქციოდ და მოკითხვის გარეშე დარჩენილმა გაზრდილებმა და პროფესიონალებმა (არა მარტო ჟურნალისტიკაში) რა დააშავეს?! კარგა ხანია, ამაზე ფიქრიც კი ზედმეტ თავისტკივილად იქცა ყველასთვის.

 პრემიერი რომ  მედიისგან სახელმწიფოებრივ აზროვნებას ითხოვს, ამაში გასაკვირი და მიუღებელი არაფერია, მაგრამ ნათქვამია, „ერთი მგლისკენ — ერთი თხისკენო“. თუ იციან ქვეყნის მესვეურებმა, როგორ უჭირთ ჟურნალისტებს სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა? თუ არა რომელიმე მინისტრის, გუბერნატორისა და რაიონის გამგებლის, ანდა თავად პრემიერის საჯარო  გამოსვლა, ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია მართლა მიუწვდომელია. არადა ცნობილია, რომ პრესცენტრებში, „საზოგადოებასთან ურთიერთობის“ სამსახურებსა და პიარ-ჯგუფებში უამრავი ადამიანია „დასაქმებული“.  რეალობა გვაიძულებს ეს სიტყვა ბრჭყალებში ჩავსვათ. ასეთ დასაქმებულთა წლიური ხელფასი ათეულობით მილიონია. რაში ვიხდით ამ ფულს? იმაში, რომ ხალხმა არ იცოდეს მისგანვე დაქირავებული ხელისუფლების საქმიანობის შესახებ?! 

 ასეა, „მამავ და შვილო“, დღევანდელ საქართველოში გამოცდილი და ჭკუადამჯდარი ხარი აღარავის სჭირდება. ამ დროს, ნათლიმამობითა და ძმაბიჭობით „უღელდადგმული“ და თავის ნებაზე მიშვებული „მოზვრები“ მეტს ვერ ქაჩავენ. ამ  ყველაფრის ფასს კი ხალხი იხდის — ფულითა და  დაწყვეტამდე მისული ნერვებით.

 

 

 

რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

 


ყველა ახალი ამბავი
0