თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. აბრეშუმის გზის პროექტი სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთსაც, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პეკინში აზიის პოლიტიკური პარტიების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. ის უკვე შეხვდა ჩინელ კოლეგას, სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს ჩჟან დეძიანგს (Zhang Dejiang).
„ჩვენ, ქართველი პოლიტიკოსები ვამბობთ, რომ აბრეშუმის გზის პროექტები, რკინიგზა, საზღვაო პორტები, სხვა დანარჩენი, რაც საქართველოში აშენდება, რუსეთისთვისაც სასარგებლოა, რადგან ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ყველა კონფლიქტი, როემლიც შესაძლოა არსებობდეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც, უნდა მოგვარდეს მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ მეტი კონტაქტის, მეტი ჩართულობის, მეტი ორმხრივი ინტერესებისა და სარგებლის გზით“, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა კონფერენციაზე.
სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ცზეპინმა ერთობლივი შეხვედრა გამართა კონფერენციაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც.
თბილისში 15-16 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმი იმართება, რომელშიც მსოფლიოს 30 ქვეყნის ათასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის არიან ჩინეთის ხელმძღვანელი პირები და სამასამდე ჩინური კომპანიის წარმომადგენლები.
ფორუმი ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობისთვის ახალი იდეების მოძიებას ეძღვნება. მისი ამოცანაა „დისკუსიიდან საქმეზე გადასვლა“. „აბრეშუმის გზის ფორუმის“ თბილისში ჩატარების ინიციატივა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. მან ეს წინადადება 2014 წლის ოქტომბერში წამოაყენა.
„აბრეშუმის გზა უძველესი სავაჭრო გზაა. საუკუნეების მანძილზე ის ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიის გავლით ააკავშირებდა. ახალი „აბრეშუმის გზის“ მშენებლობის იდეა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სი ცზინპინმა 2013 წელს წამოაყენა. ამ გზამ ჩინეთი უნდა დაუკავშიროს ევროპის ქვეყნებს, განამტკიცოს აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან თანამშრომლობა.