თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში ჩადენილი დანაშაულების ფაქტების გამოძიება ყოფილი საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მთავარი პრობლემა, რაც 2008 წლის აგვისტოს ომს თან ახლდა, ქართველების ეთნიკური წმენდა იყო, რომელშიც არა მხოლოდ ოსური დაჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, არამედ ხორციელდებოდა რუსული შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ. და თუ ეს გამოძიება ბოლომდე მიყვანილი იქნა, მაშინ მთავარი დასკვნა იქნება“,–აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ თხოვნით მიმართა მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს, დაიწყოს გამოძიება 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით პროკურორმა ითხოვა საქართველოში 2008 წლის 1ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება. პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი ვირწმუნოთ, რომ ამ კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები.
„მე იმედი მაქვს, რომ გამოძიება არ შეჩერდება მხოლოდ იმ ოსი ეროვნების წარმომადგენლებზე, რომლებიც იყვნენ ამაში დამნაშავე, არამედ უფრო შორს წავა და ნახავს, ვისი პატრონაჟის ქვეშ ხდებოდა ეს და ვინ იყო რეალურად სიტუაციის მაკონტროლებელი“,–აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
საგარეო საქმეთა მინისრტრის ყოფილი მოადგილე ასევე იმედოვნებს, რომ გამოძიებული იქნება სამშვიდობოების წინააღმდეგ განხორციელებული შეტევებიც, რომლთა შესახებაც ტალიავინის კომისიის დასკვნაშია საუბარი.
„იმედია, გამოძიება დაადგენს იმასაც, რომ ის რუსი სამშვიდოებოები, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ორთაბრძოლაში, იყვნენ ოსურ მხარეს და იმ დროს კონფლიქტის მხარეს წარმოადგენდნენ. და თუ ეს ყველაფერი იქნა დადგენილი, ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან კარგი და წარმატებული ჩვენთვის“, –აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ქართული მხარე მჭიდროდ ითანამშრომლებს ჰააგის პროკურორთან 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიების საქმეში.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰააგის პროკურორმა მთლიანად აგვისტოს ომის სიტუაციაზე მოითხოვა ნებართვა ჰააგის მოსამართლისაგან, რომ ჩაატაროს გამოძიება აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდზე. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩვენთვის, რადგან ჩვენ მხოლოდ ეთნიკურ წმენდაზე არ გავაკეთებთ აქცენტს. ჩვენთვის, რა თქმა, უნდა, მთავარია ეთნიკური წმენდის ნაწილი, სადაც, როგორც მთავარი პროკურორი ამბობს, დღეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 75%-ით არის შემცირებული ეთნიკური ქართველების რიცხვი, ჩვენ შევძლებთ, დავამტკიცოთ − და ამაზე ვიმუშავებთ − რომ ქართველების ეთნიკური წმენდა ჩატარდა. ჩვენ, ასევე, ვიმუშავებთ იმაზე, რომ ყველა ეთნიკურად ქართველი ადამიანი, იქნებოდა ეს სამოქალაქო პირი თუ ჩვენი სამხედრო, რომლებიც იყვნენ ნაწამები, ამაზეც ჩატარდეს გამოძიება. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქართულ ინტერესს ამ საქმეში და ძალიან კარგია, რომ რომელიმე ერთი ან ორი მიმართულება კი არ გადაეცა გამოძიებისთვის, არამედ მთლიანად აგვისტოს ომის სიტუაცია“,- განაცხადა თეა წულუკიანმა