თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სასამართლოს თვამჯდომარე მოსამართლეებმა და უწყების სხვა თანამშრომლებმა რომ აირჩიონ, შესაძლოა ის გარკვეული ინტერეს-ჯგუფების მძევალი გახდეს, — განაცხადა იურისტმა ირაკლი კობიძემ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განსახორციელებელ შესწორებებზე საუბრისას.
„თუ კი ჩვენ თუნდაც პატარა სასამართლოს მივცემთ იმის უფლებამოსილებას, რომ თვითონვე აირჩიოს თავჯდომარე და მან უნდა იმოქმედოს ამომრჩეველთა მანდატის შესაბამისად, შესაძლებელია ის გარკვეული ინტერეს-ჯგუფების მძევალი გახდეს. ამგვარი ტიპის უფლებამოსილებით სასამართლოების აღჭურვა, მიმაჩნია, რომ გამოიწვევს ცალკეული სასამართლოების საქმიანობის დეზორგანიზაციას, რაც ნეგატიურად აისახება იმ სტანდარტებზე, რაც დაკავშირებულია თითოეული მოსამართლის და მთლიანად სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ამდენად, მოდელი რომლის თანახმადაც სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა იუსტიციის საბჭოს მიერ, ყველაზე პროგრესულია“–განაცხადა ირაკლი კობიძემ.
იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ შესწორებებს კანონში “საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს პარლამენტი განიხილავს. შესწორებები მოსამართლეებს შორის საქმეების განაწილების ცვლილებებსა და ინსპექტორის ინსტიტუტის დანერგვას ითვალისწინებს, რომელიც მოსამართლეთა მიმართ დისციპლინარულ წარმოებას განახორციელებს.
ირაკლი კობიძის თქმით, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილება იმდენად მნიშვნელოვანი ფუნქციიაა, რომ მას ცალკე კანონი არეგულირებს.
„არსებობს რისკი იმისა, რომ, მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარემ გამოიყენოს პირადი დამოკიდებულება და იმ მოსამართლეს დააწეროს საქმე განსახილველად, რომლისგანაც მოსალოდნელია კანონდარღვევით და მიკერძოებულობით არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა“,– მიაჩნია იურისტს.
რაც შეეხება ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებას, რომლის მოვალეობაც მოსამართლეების ზედამხედველობა უნდა გახდეს, ირაკლი კობიძს თქმით, ამით ევროპული კანონმდებლობის საყოველთაოდ აღიარებული ის პრინციპი დაირღვევა, რომლის თანახმადაც, მოსამართლის გადაწყვეტილების რევიზიის უფლება (თუ მკვეთრად გამოხატულ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ აქვს ადგილი), მხოლოდ და მხოლოდ მოსამართლის სტატუსის მქონე ზემდგომი სასამართლოების კომპეტენციაა.
„ამდენად, რაიმე ტიპის ზედამხედველობის ინსპექტორის შემოღება, ჩემის აზრით, არის სასამართლოს დამოუკიდებლობის დარღვევა, ან, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ეს შეიძლება, მიზნად ისახავდეს გარკევული ტიპის კანონზე ზემოქმედების ახალი მექანიზმის შემოღებას სასამართლოს საქმიანობაში“, –მიაჩნია იურისტს.
ირაკლი კობიძის განცხადებით, შედეგად, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ისეთი კატეგორიის საქმეები, სადაც მოსამართლეს ფსიქოლოგიურად მოუწიოს თავისი საქმიანობისას ინსპექტორზე მორგება და თავისი გადაწყვეტილებების ასე გამოტანა.
„თუ მსგავსი კანონპროექტი ამოქმედდება, არ გამოვრიცხავ, რომ ევროპის სასამართლოში სამართლიანობის დარღვევის გამო არც თუ ისე ცოტა საჩივარს ვიხილავთ“, –აღნიშნა იურისტმა.
საქართველოს სასამართლო სისტემაში ამ შესწორებების შეტანას არც მოსამართლეთა უმეტესობა იწონებს. მოსამართლეები, რომლებმაც შესწორებებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღებამდე მათ მოსმენას სთხოვენ.
შესწორებების მიღების შემთხევაში, მოსამართლეებს, კონკურსის შედეგების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებიდან შეარჩევენ და მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღარ დანიშნავს. ამასთან, მოსამართლეებს საქალაქო (რაიონული) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევა თავად შეეძლებათ.