კუკავა მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გააუქმოს საკონსტიტუციო სასამართლო თუ...

გამოწერა
თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციონირების შეჩერების შესახებ, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ცალსახად დადებითი გადაწყვეტილებაა, რადგან „ეს არის უსაქმური მაღალხელფასიანი ბიუროკრატების დასაქმების უწყება.“

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. „სასამართლო და, განსაკუთრებით — საკონსტიტუციო სასამართლო, ევროპის ქვეყნებში იმიტომ არსებობს, რომ მან მთვარობის გადაწყვეტილებები გააუქმოს და, თუ „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მთავრობის გადაწყვეტილებები არ უნდა გააუქმოს, მაშინ გააუქმონ მთლიანად სასამართლო“,–აღნიშნა კახა კუკავამ.

 რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერის აზრით, ეს კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელია,თუ რა სიბნელეა „ქართული ოცნებაში“. 

 „ქართული ოცნების“ კომენტარების ქვეტექსტიდან გამოდის, რომ მათ მოსწონდათ ის სასამართლო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო და რომელიც  ხელისუფლების მორჩილი იყო“,–განაცხადა კახა კუკავამ.

 თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციონირების შეჩერების შესახებ, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ცალსახად დადებითი გადაწყვეტილებაა, რადგან „ეს არის უსაქმური მაღალხელფასიანი ბიუროკრატების დასაქმების უწყება.“

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 12 ოქტომბერს, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების სარჩელის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა ის საკანონმდებლო ნორმები, რომელთა თანახმადაც, უნდა ამუშავებულიყო საფინანსო ზედამხედველობის სამსახური. 

 „საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან კონსტიტუციურ დარღვევებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია განცხადება არც ერთ იურისტს, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ღრმად ერკვევიან ამ საკითხებში“, — განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს 13 ოქტომბერს. 

 მმართველი კოალიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილიც.

 "რაც შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, პოლიტიკოსები თავიანთ საუბრებში თავისუფლები არიან. დებატებში არ შევალ, მაგრამ იმას აღვნიშნავ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ისინიც მოდიოდნენ ხშირად, საქმეებსაც იგებდნენ, მაშინ არ იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და ახლა გახდა? მინდა აღვნიშნო, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული", — განაცხადა პაპუაშვილმა. 

 მისივე თქმით, საფინანსო ზედქამზედველობის სააგენტოს საკითხის გადაწყვეტას რამდენიმე თვე დასჭირდება.

 საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა 22 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელი შეიტანეს. ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ საზედამხედველო სამსახურის ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან გამოყოფა ნაკარნახევია არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მოტივებით. 

 პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებების თანახმად, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო დაკავდება კომერციული ბანკებისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისათვის ლიცენზირების, შემოწმების, რეგულირების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებით. 

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფინანსური მეთვალყურეობის ფუნქციების ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში დატოვებასა და მისი დამოუკიდებლობის გაძლიერებას მოითხოვდა, თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და 2015 წლის 11 სექტემბერს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა.

 საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საბანკო მეთვალყურეობის შესახებ ცვლილებების მოწინააღმდეგეთა კრიტიკისას განაცხადა, რომ კანონპროექტზე „ხელოვნური აჟიოტაჟი“ „ინვესტორების შეშინების“ მიზნით „უპასუხისმგებლო“ კრიტიკოსებმა ატეხეს

 

 

ყველა ახალი ამბავი
0