თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. სოფლის მეურნეობა ჩინეთის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტია და, აქედან გამომდინარე, საქართველოსა და ჩინეთს შორის აგრარულ სფეროში თანამშრომლობა, ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, — განაცხადა ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორმა შოთა მაჭარაშვილმა.
„ჩინეთი მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა და მისი სოფლის მეურნეობაც საკმაოდ განვითარებულია. ამიტომ ჩინეთსა და საქართველოს შორის აგრარულ სექტორში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩინეთი სასოფლო სამეურნეო პროდუქციას ისეთი მოცულობით აწარმოებს, რომ თავის ბაზარსაც აკმაყოფილებს და ექსპორტზეც გააქვს“,–აღნიშნა შოთა მაჭარაშვილმა.
გარდა ამისა, მაჭარაშვილის თქმით, თვითონ ჩინეთის ბაზარია, ქართული ღვინისთვის გასაღების თვალსაზრისით ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიული.
2015 წლის 9 თვის მონაცემებით, ამ ბაზრაზე გაყიდვების მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა. იანვარ–სექტემბერში ექსპორტირებული იყო 1 517 843 ბოთლი ღვინო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 90%–ით მეტია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოდან ჩინეთში 1 650 000 ბოთლი ღვინის და 3 000 000 მინერალური ბოთლი წყლის ექსპორტი განხორციელდება.
საქართველოსა და ჩინეთს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდებაზე ისაუბრეს 14 ოქტომბერს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეანსის პროვინციის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე,
შეხვედრაზე შეანსის პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ ვან ლისიამ აღნიშნა, რომ შეანსის პროვინციაში აგრარული დარგი კარგად არის განვითარებული
„გვსურს, ქართულ მხარესთან სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით კი, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლოთ“, — განაცხადა ვან ლისიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, ჩინეთი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის არაერთ საგრანტო პროგრამას ახორციელებს.
„აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის გაფორმებულია მემორანდუმი და განსაზღვრულია თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებებიც. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და ჩინეთს ისტორიული კავშირები აქვთ ჩვენს ქვეყანაში ჩაის კულტურის განვითარების კუთხით. ჩვენი დიდი სურვილია, ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ეს კავშირები აღვადგინოთ“, — განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე შეანსის პროვინციის დელეგაციის მიერ ორგანიზებულ ფორუმს დაესწრნენ. ფორუმს ასევე საქართველოსა და ჩინეთის შეანსის პროვინციის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.