მანაბა მაგომედოვა და დახურვას გადაარჩენილი სამხატვრო აკადემია

© http://www.daptar.ru/article/188/blagodaryu-sudbu-za-svoyu-profმანაბა მაგომედოვა
მანაბა მაგომედოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა

  მანანა ტურიაშვილი

 მანაბა მაგომედოვას მიერ შექმნილი სამკაულები, ქართული თუ რუსული კლასიკური ლიტერატურის ნიმუშების ჭედური ყდები, მოოქროვილი ვერცხლის ჭურჭელი, სამკაუალები და იარაღი, საქართველოს გარდა, ინახება საზღვარგარეთის გალერეებსა და კერძო კოლექციებში. 4 წლის იყო მანაბა მაგომედოვა, როცა დაღესტანიდან თბილისში ჩამოიყვანეს. მან საქართველოში 67 წელიწადი იცხოვრა. 1999 წელს ის გაძარცვეს და მოკლე ხანში, საცხოვრებლად დაღესტანში გადავიდა.

 „თბილისში აღარ ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი სულის ნაწილი საქართველოს მუზეუმებშია“,- გვითხრა ერთხელ აღიარებულმა ოქრომჭედელმა და სამხატვრო აკადემიის პედაგოგმა — მანაბა მაგომედოვამ. მის შემოქმედებასთან არის დაკავშირებული თბილისის სამხატვრო აკადემიის წინსვლა. ჩვენი შეხვედრის დროს, წუხდა, რომ საქართველოს მოქალაქე აღარ იყო და მითხრა: ძველი პასპორტი სუვენირივით მაქვს შენახულიო.

 — 1959 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმად სამხატვრო აკადემია მხოლოდ ლენინგრადში უნდა ყოფილიყო. ჩვენი აკადემიის რექტორმა, აპოლონ ქუთათელაძემ მთხოვა გამეკეთებინა თამარ მეფის ყელსაბამის ასლი. საქართველოდან მოსკოვში დელეგაცია გაემგზავრა და საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრს, ეკატერინა ფურცევას, ჩემი გაკეთებული თამარ მეფის ყელსაბამის ასლი მიართვეს. ფურცევა გაოცდა. ასეთი ხალხური რეწვის კულტურა გაქვთ და წინ უნდა წავწიოთო. ასე გადარჩა სამხატვრო აკადემია დახურვას და მას ახალი — დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტიც დაუმატეს.

 — ქალბატონო მანაბა, ყველა შემოქმედს აქვს პრობლემები და ეს უჩვეულო რამ არ არის. ამ მხრივ განსაკუთრებული რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში?

 - საქართველოში წელიწადში ოთხი გამოფენა მქონდა, დაღესტანში ერთი. დაღესტანში მეკამათებოდნენ — ეს დაღესტნური არ არისო და ვინ იცის, რამდენი ნაკეთობა არ გამოუფენიათ. საქართველოშიც იმავეს მეუბნებოდნენ — ეს ქართული არ არისო.  აი, ასეთი საშინელი დღეები გამივლია ახალგაზრდობაში. მერე უკვე მაღიარეს და მგონია, რომ ჩემი გზა, ჩემი ორნამენტი, ფორმა და სული ვიპოვე და აი, აქამდე მოვედი.

 — ტიხრულ მინანქარზე, ლითონზე მუშაობა ტრადიციულად მამაკაცის პროფესია იყო. თქვენ გინდოდათ დაგემტკიცებინათ, რომ ეს ქალსაც შეუძლია…

 - ასე ითვლებოდა დაღესტანში და, საერთოდ, კავკასიაში. შოთა რუსთაველის აფორიზმმა: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“, მომცა ბიძგი, შევჭიდებოდი ოქრომჭედლობას და დამემტკიცებინა, რომ ქალსაც შეუძლია ამ პროფესიაში მუშაობა. მამა ადრე გარდამეცვალა, 35 წლის იყო. მისი სახე, დღესაც სიზმარში მეცხადება. აი, მაშინ ვიგრძენი დედის ძალა და მერე მივხვდი, რომ რუსთაველი მართალია — რასაც მამაკაცი აკეთებს ოჯახში, ის შეუძლია ქალსაც. ამიტომ მიყვარს ასე ძლიერ შოთა რუსთაველი. ეს ურთულესი პროფესიაა. ვთქვათ, ავიღოთ ფერწერა — მხატვარი მუშაობს ტილოზე და რაღაც გაუფუჭდა. მას შეუძლია გადაასწოროს. ოქრომჭედლობაში ვერაფერს გაასწორებ, თუ რამე გაგიფუჭდა, უნდა დაამტვრიო და ხელმეორედ უნდა გააკეთო — აი, ამაშია ამ პროფესიის ძლიერება. ალბათ, ამიტომ არ მოჰკიდეს ქალებმა ხელი ამ საქმეს. სამხატვრო აკადემიაში მხოლოდ ოთხი სტუდენტი-გოგონა მყავდა და ამ საქმეს არც ერთი არ გაჰყვა. 

© http://www.daptar.ru/article/188/blagodaryu-sudbu-za-svoyu-profცნობილი იუველირი მანაბა მაგომედოვა
ცნობილი იუველირი მანაბა მაგომედოვა - Sputnik საქართველო
ცნობილი იუველირი მანაბა მაგომედოვა

 — 1971 წელს, ნიურბერგში, ალბრეხტ დიურერის 500 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენილი იყო თქვენი ნამუშევრი — დიურერის ავტოპორტრეტი. ხელოვნებათმცოდნეები ამ ნამუშევარის ტექნიკას შუასაკუნეების ქართულ ხატებს უკავშირებენ…

 - მხატვრის ისტორია შევისწავლე, მისი ცხოვრება და მინდოდა ჩემი ნამუშევარი ყოფილიყო უფრო ძლიერი და განსხვავებული. მისი ავტოპორტრეტი ტიხრულ მინანქარშია გაკეთებული, ოქროს სიმებით და ინახება გერმანიაში, დიურერის მუზეუმში.

 - ვთქვათ, დაამთავრეთ ერთი ნამუშევარი. შემდეგს როგორ იწყებთ?

 - ერთზე რომ ვმუშაობ, სანამ იმას დავამთავრებ, უკვე მეორეზე ვფიქრობ. მხატვარი ყოველდღე უნდა მუშაობდეს, სხვაგვარად იდეას დაკარგავს. ოქრომჭედლობაში ძალიან რთული ტექნიკაა. აქ  ჩანაფიქრი — „რას“ აკეთებ — უფრო ადვილია, მთელი ენერგია მიაქვს იმაზე ფიქრს — „როგორ“ უნდა გააკეთო.  

 — ქალბატონო მანაბა, რას ნიშნავს სტილი ოქრომჭედლობაში?

 — სტილი შემიძლია დავარქვა დღევანდელი მაღაზიის ოქრომჭედლობას: ერთ სტილში რომ მიდის ყველაფერი. ერთ ყალიბში 40 ბეჭედს რომ ჩამოასხამენ, ეს იცით რას ნიშნავს? ამ სამკაულს აქვს ლითონის ფასი. არ ჯობია, ხელოსანმა ერთი თვე იმუშაოს, ერთი გააკეთოს და მის ოქრომჭედლობას ფასი ჰქონდეს? 

 - როგორ შეაფასებდით დღევანდელი ოქრომჭედლების ნამუშევრებს?

 — საშინელება ხდება! მეტროში ჩადიხარ — საშინელებას უყურებ. ოქროთია სავსე: ძეწკვი, საყურე, სამაჯური, ბეჭდები — თან ყველა ერთნაირია. ეს შემოქმედება არ არის. ასეთი სამკაული არის მხოლოდ ფული, და მეტი არაფერი. ეს იგივეა, რომ ფული დაიწებო ხელზე ან ყელზე. 

 - ქალბატონო მანაბა, თქვენ მუსლიმანი ბრძანდებით და  ქრისტიანული ხატების აღდგენაზე მუშაობდით… 

 — იცით რა, ჯერ ადამიანი დაიბადა და მერე რელიგიები: მუსლიმანობა იქნება ეს, ქრისტიანობა თუ იუდაიზმი. ამიტომ ყველა სარწმუნოებას პატივს ვცემ. 

 - ქალბატონო მანაბა, თქვენ რეალურად ორი სამშობლო გაქვთ, არა?

 — აბა, რა! მე აქ ავიდგი ფეხი — სიონის ეზოში ვცხოვრობდით… თუ ელენე ახვლედიანი ცოცხალი არ არის ან ლადო გუდიაშვილი ან დავით ციციშვილი — მათი შვილიშვილები ხომ არიან, მათი მუზეუმები, მათო ოჯახები… ჩემი სამშობლო აქ არის… და დაღესტანიც ჩემი სამშობლოა. როცა ადამიანს ორი სამშობლო აქვს, მასში ორი ადამიანია და ეს ძლიერებაა…

 ხანში შევედი და ვგრძნობ, რომ ადამიანს ბევრი რამ რჩება გაუკეთებელი — ძალიან ბევრი. არ მახსოვს დღე, რომ არ მემუშავოს. ვერ გამიგია მათი, ვინც დროს ფუჭად ხარჯავს.  ახალგაზრდებმა დრო არ უნდა დაკარგონ და ცუდი საქციელიც არ უნდა ჩაიდინონ. ცუდს რომ გააკეთებ, ის ცუდი შენში რჩება და სიკვდილი რომ მოვა, ყველაფერი წინ დაგხვდება.

 დაღესტანში წიგნის წერა დავიწყე, როცა სიტყვები მაკლდებოდა ქართულს ვიშველიებდი. ქართული ანბანი ჩემთვის ორნამენტია. ყოველ წელს ჩამოვდივარ თბილისში და ამ დღეს სულმოუთქმელად ველი. მართალია, თბილისში აღარ ვცხოვრობ, მაგრამ, აკი გითხარით, მართალია თბილისში აღარ ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი სულის ნაწილი საქართველოს მუზეუმებშია. 


ყველა ახალი ამბავი
0