საავადმყოფოში მიღებული ოქროს მედალი

© авт:Тамаз Чикванаиаცნობილი მოჭიდავის როსტომ აბაშიძის ვარსკვლავი
ცნობილი მოჭიდავის როსტომ აბაშიძის ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბეჭდაუდებელ ბათუმელ ფალავანს, როსტომ აბაშიძეს, წელს, თებერვალში, 80 წელი შეუსრულდა.

 თამაზ ჩიქვანაია

 2014 წლის გაზაფხულზე რედაქციაში ბათუმიდან ცნობილი ფალავანი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი როსტომ აბაშიძე გვესტუმრა. ასეთ შემთხვევას ხელიდან ვერ გავუშვებდი. საქმიანი შეხვედრის შემდეგ, საშუალება მომეცა ბატონ როსტომთან მესაუბრა. სანამ ამ საუბრის შინაარსს მოგითხრობთ, მოკლედ მოგახსენებთ როსტომ აბაშიძის სპორტული მიღწევების შესახებ.

 მისი დებიუტი მსოფლიოს ჩემპიონატზე 1958 წელს ბუდაპეშტში შედგა. ფინალამდე ყველა მეტოქეს იოლად გაუსწორდა. გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელი, გეორგ გურიჩი ელოდა, რომელზეც ამბობდნენ ცხენის ნალს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ამსხვრევსო. ქართველი უფრო მტკიცე აღმოჩნდა, სამი ქულით დაამარცხა მეტოქე და მსოფლიოს ჩემპიონის პირველ ოქროს მედალს დაეუფლა. იქვე, ბუდაპეშტში, მესამედ მოიპოვა მსოფლიო ჩეპიონის ტიტული ლეგენდარულმა ქართველმა მოჭიდავემ, გივი კარტოზია. აი, როგორ იხსენებს ამ ამბებს თავად ბატონი როსტომი:

 „გივი შეუდარებელი იყო. იმ დროს მისი სახელი მთელ მსოფლიოში ქუხდა, ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი! წარმოიდგინეთ, რა შიშის კანკალი ჰქონდათ მუხლებში მის მოწინააღმდეგეებს. ფინალის წინ ჩემთან მოვიდა და მითხრა, როსტომ, შენი მოგვერდის გამძლები მე კაცი არ მეგულება, აბა, შენ იცი, არ შემარცხვინოო. ეს ჩემთვის დოპინგივით იყო — ამხელა კაცს იმედს ხომ არ გავუცრუებდი“.

 მოგვიანებით, ამ ორი დიდი სპორტსმენის გზები მრავალგზის გადაიკვეთა. ამ ჩემპიონატის შემდეგ, ისე მოხდა, რომ ორივე ქვემძიმე წონაში გამოდიოდა. დიდი თავსატეხი გაუჩნდათ ნაკრების მესვეურებს რომის ოლიმპიური თამაშების წინ. ერთ მხარეს იყო კარტოზიას გამოცდილება და ავტორიტეტი, მეორე მხარეს — ახალგაზრდა აბაშიძის წაუგებელი სერია. ოლიმპიადისწინა საკავშირო პირველობაზე აბაშიძემ იმარჯვა და, წესით, ოლიმპიური საგზურიც მას უნდა რგებოდა, მაგრამ კარტოზიას ფენომენმა გადასძლია და მარადიულ ქალაქშიც ის გაემგზავრა.

 როსტომ აბაშიძე: „რომში გივიმ ბრინჯაოს მედალი მოიგო. სხვისთვის ეს შეიძლება წარმატება იყო. მაგრამ მისთვის მარცხის ტოლფასი. კარტოზია შეუდარებელი მოჭიდავე და კიდევ უფრო დიდი პიროვნება, რომიდან დაბრუნებული შემხვდა და ასე მითხრა: „შევცდი, არ უნდა დავთანხმებულიყავი და ოლიმპიადაზე შენ უნდა წასულიყავი, უეჭველად მოიგებდიო“. ვინც მას იცნობდა, მიხვდება, ეს სიტყვები, ნებისმიერ ოქროზე ძვირფასი გახლდათ. 

 1962 წელს ამერიკულ ტოლედოში მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე ჩემი მწვრთნელის რანგში წამოვიდა. პირველ დღეს ამერიკელთან ფრედ დავამთავრე შეხვედრა. მეორე დღეს ოთხჯერ გავედი ხალიჩაზე და ოთხივე შეხვედრა დროზე ადრე მოვუგე შვედ იანსონს, რუმინელ მარტინესკუს, ბულგარელ რადევს და ფინალში თურქ ათლის“.

 თურქი ფალავანი ღონიერი და შეუპოვარი, ერთთავად შეტევაზე ფიქრობდა, მაგრამ აბაშიძის მძლავრ მარყუჟში მოექცა და იძულებული გახდა ჩემპიონობა ბათუმელი ფალავნისთვის მიელოცა. 

 1963 წელს ჰელსინკში როსტომ აბაშიძე უკვე ფავორიტის რანგში ჩადის.

 როსტომ აბაშიძე: „მე ორგზის ჩემპიონი ვიყავი, ჩემი დამრიგებელი გივი კარტოზია კი სამგზის და პლუს ოლიმპიური ოქროს მფლობელი და მოწინააღმდეგეებს უკვე ორივესი ეშინოდათ“.

 შიში შიშად, მაგრამ ნახევარფინალში, მელბურნის ოლიმპიურ ჩემპიონ ჰამიდ ყაფლანთან ურთულესი შერკინების გადატანა მოუხდა. ეს თურქი ცნობილი იყო, როგორც ძალიან ამტანი და უხეში მოჭიდავე. არც დაუშვებელ ხრიკებზე ამბობდა უარს. მსაჯებმა ქართველს რამდენიმე უეჭველი ქულა არ ჩაუთვალეს და შეხვედრა ფრედ დასრულებულად გამოაცხადეს. თუმცა, ფინალში მაინც აბაშიძე გავიდა, სადაც კარგად ნაცნობი რუმინელი მარტინესკუ ელოდა. ამჯერად, რუმინელი ოსტატურად უვლიდა გვერდს აბაშიძის თითოეულ მახეს, კონტაქტში შესვლას ერიდებოდა, რითაც სასურველ ფრეს უახლოვდებოდა. ბოლო წუთი დაიწყო და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მოწინაამღდეგე თავისას გაიტანდა.

 როსტომ აბაშიძე: „სხვა გზა არ მქონდა, ეშმაკობა უნდა მეხმარა. მარჯვენა ხელი დავუჭირე და ზურგი შევაქციე. ნებისმიერი თავმოყვარე მოჭიდავე, ასეთ შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებს, რუმინელიც შეეცადა ზურგიდან „ავეყვანე“, მაგრამ ამ დროს დალოცვილი ქართული „მოგვერდით“ ორქულიანზე დავაგდე. 16 წამი იყო დარჩენილი, როცა თავქუდმოგლეჯილი, შეტევაზე წამოსული დავიჭირე და ორჯერ დავატრიალე“…

 ასე გახდა პლანეტის უძლიერესი ფალავანი მესამედ. ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ცნობილმა სპეციალისტმა არკადი ლენცმა მას „განსაკუთრებული ტაქტიკის მოჭიდავე“ უწოდა და ამ შეფასებას ჭიდაობის მთელი სამყარო დაეთანხმა. ლენცმა აბაშიძის ეს განსაკუთრებული თვისებები კლასიკური ჭიდაობის ფუნდამენტური სწავლების წიგნში აღწერა და ნაკრების სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების დროს ნიმუშად და მაგალითად იყენებდნენ.

 როსტომ აბაშიძის შეუპოვარ ხასიათზე ერთი ფაქტი მეტყველებს.

 1957 წელს მოსკოვი მსოფლიოს ახალგაზრდულ თამაშებს მასპინძლობდა. ფინალში გასულ ქართველ ფალავანს 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა და ყველა დარწმუნებული იყო, რომ არ იჭიდავებდა. ექიმებმა ხომ კატეგორიულად აუკრძალეს ხალიჩაზე გასვლა.

 როსტომ აბაშიძე: „ეს შეჯიბრი ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატის წინ გაიმართა და იქ წყდებოდა ბუდაპეშტში მე წავიდოდი თუ ვანინი. ვიცოდი, თუ პირველ წუთზევე ვერ დავამარცხებდი მოწინააღმდეგეს, მერე ძალა აღარ მეყოფოდა“...

მოსკოვის ახალგაზრდულ თამაშებზე ეს ყველაზე ხანმოკლე შეხვედრა, სულ რაღაც 30 წამს გაგრძელდა. მოწინააღმდეგე ხალიჩაზე გულაღმა გაშხლართულიყო, აბაშიძე კი საავადმყოფოში გააქანეს და ოქროს მედალიც იქ მიუტანეს.

 როსტომ აბაშიძე: „თითქოს ყველაფერი მოვიგე, საერთაშორისო არენაზე არავისთან დავმარცხებულვარ, ორჯერ თუ სამჯერ ფრედ დავასრულე შეხვედრა, მაგრამ ხინჯად მაინც მაქვს, რომ ოლიმპიური ოქროს მედალი ვერ მოვიგე“…

 ბეჭდაუდებელ ბათუმელ ფალავანს, როსტომ აბაშიძეს, წელს, თებერვალში, 80 წელი შეუსრულდა. მინდა დღეგრძელობა ვუსურვო დიდ სპორტსმენს და დიდებულ ქართველს, ვინაც მსოფლიო სარბიელზე ღირსეულად ატარა ქართველი ფალავანის სახელი და სამართლიანად ითვლება ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ლეგენდარულ დიდოსტატად.


ყველა ახალი ამბავი
0