ქართული სულით გაჟღენთილი „არაბულები“

© Автор: Шаишмелашвилиწიგნი "არაბულები"
წიგნი არაბულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
"...ვზი ხევსურეთში:ცა ყვავილობს გაზაფხულივით“.

   რუსუდან შაიშმელაშვილი

  ხევსური და პოეზია ორი განუყრელი ცნებაა. ულექსოდ ხევსურის ცხოვრება წარმოუდგენელია. ხევსურეთში, დღემდე შემორჩენილია მელექსეობის უძველესი ტრადიცია. აქ ლექსი საოცრად დაფასებულია, მელექსეთა შორის კი გამორჩეულია არაბულების გვარი. ლიტერატორები ხშირად ხუმრობენ, საქართველოში იმდენი პოეტი გყვავს გვარად არაბული, დროა ახალი მიმდინარეობა გაჩნდეს, რომელსაც  „არაბული“ პოეზია დაერქმევაო. ჯერ კიდევ, 80-იანი წლების დასაწყისში, ძალიან ბევრი არაბული წერდა ლექსებს. ერთხელ პოეტ ირაკლი არაბულს ჰკითხეს: ბატონო ირაკლი, რა არის თქვენთვის პოეზიაო. პოეზია, პოეტის სულის ანარეკლია, თითოეული ლექსი კი გულის ჭრილობაა. ლექსს, ისე ვერ დაწერ, თუ არ გტკივა, არ გედარდება, თუ სისხლი არ გიდუღს და თუ აღელვებული არ ხარ. ეს იგივეა, ადამიანმა მდინარეში ნავით გასვლა მოინდომოს, ნიჩბები კი ნაპირზე დარჩესო, — იყო პასუხი.

   ჯერ კიდევ როდის წერდა, ჯუთელი შაბურა არაბული: ბუნებაში ხომ არაფერი არ იკარგება, მეც ალბათ კიდევ გავმეორდებიო. და აი, ახლახანს გამოიცა ახალი კრებული „არაბულების პოეზია“, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. ეს წიგნი ერთი გვარის 14 ავტორს იტევს. უმეტესი მათგანის ლექსები გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იბეჭდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში.

 ბლიც-ინტერვიუ წიგნის შემდგენელთან, პოეტ გიორგი არაბულთან (მგონი გვარი არ იყო საჭირო).

 - გიორგი, როგორ გაგიჩნდა ამ წიგნის გამოცემის სურვილი?

 - იდეა გამომცემლობა „ინტელექტის“ გახლავთ. იქ შემომთავაზეს, შემედგინა კრებული, სადაც ერთად იქნებოდა თავმოყრილი არაბულების ლექსები.  ჯერ კიდევ ბავშობიდან მესმოდა მათი სახელები.  ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე დადგა და არაბულების კრებული გამოიცა. აქ შესულია როგორც უფროსი, ისე უმცროსი თაობის წარმომადგენლების ნაღვაწი. ლექსები ჩემო გემოვნებით შევარჩიე. არც ერთმა ავტორმა არ იცოდა ამის შესახებ. ეს ყველაფერი მათთვის სიუპრიზიც იყო. კიდევ ერთი ინტერვიუ. ამჯერად პოეტ კობა არაბულთან.

 — შემდგენელმა გვითხრა, რომ ეს კრებული თქვენთვის სიურპრიზი იყო. 

 — ასეა. ეს ამბავი ტელეფონით მაცნობეს და ძალიან გამიხარდა. უფროსი თაობისთვის დიდი თანადგომაა, ის, რაც ახალგაზრდებმა გაგვიკეთეს. ერთიანობის ელემენტი დევს აქ.  ისეთი დროა დაგვიდგა, ყველაფერი გათიშული და დაშლილია. ერთი გვარი კი არა, ოჯახები ინგრევა. ამდენი არაბული ერთ წიგნში, საოცარი მოვლენაა! კარგი ბიჭები არიან, გამორჩეულად ნიჭიერები. თემური, გიორგი, გელა… ყველა — რომელი ერთი ვახსენო. ძალიან საინტერესო პოეტები იყვნენ აწგარდაცვლილები ალუდა, ირაკლი, მინდია და შაბურა. მერე, შუა თაობა მოდის და ბოლოს, ეს ჩვენი ბიჭები. ახლა, ესენი უნდა გაიზარდონ. მუშაობა არ უნდა შეწყვიტონ — ახალი დროა და მოდერნიზმიც საჭიროა და მითიც. პოეზია ძალიან რთულია, ძალიან რთული. ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ კრებულს, თქვენც გილოცავთ, ჩვენო მკითხველო და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გიორგი არაბულს, რომელმაც ეს საშვილიშვილო საქმე თავის თავზე აიღო და ასეთი საჩუქარი გაუკეთა პოეზიის მოყვარულებს.

ისე ვერ დავსვამ წერტილს, ორი „არაბული“ რომ არ წაგაკითხოთ. პირველი სულეთის ქვეყანაში გარდასული შაბურასია, მეორე კი ახალგაზრდა კაცის — გელას კალმისაა. გვარებს აღარ შეგახსენებთ, პირდაპირ ჭაშნიკს გაახლებთ: 

 „ ვზი ხევსურეთში,

 არაგვის პირას,

 და ვარსკვლავებს ვაშინაურებ…

 პატარა ქოხიც არსად მეგულვის,

 ცისქვეშ, ჩემთვის გადახურვილი.

 ვზი ხევსურეთში:

 ცა ყვავილობს გაზაფხულივით“.

 

 ტრფიალი

 „ჩამოვიქროლებ მთიდან ქალშავავ,

 ჩემი რაშით და ჩემი მერანით,

 გულიც თუ ტრფობამ გადააშავა

 თუ ძვლებს დაუდგა გადამსხვრევანი.

 თუ ვერ გავუძელ ფეთქვას გულების,

 თუკი გავხდები შენი მსურველი.

 თუნდაც სამყაროს დასასრულების

 მრუდე საზღვრების გადამცურველი.

 ფხოვის ფერდობებს ფარად ვიფარებ,

 მოვალ პირდაპირ ყველა კარს გავლით.

 მერე ვეღარც შენ გადამიყვარებ,

 ვერც გაგიხდები დასაკარგავი.

 თუკი შუადღე კვლავ ახურდება

 და შენთან ყოფნაც ბედმა ინება,

 სანამ მზის დისკო გადაცურდება,

 სადმე მოვასწრებთ ჩაქორწინებას.

 მერე კი ღამე ვარსკვლავთა ფარდას

 შემოგვახურებს სულ სხვა განცდებად

 და ჭიუხებში ვარდისფერ კართან

 სხვა განთიადი შემოგვაცვდება.

 წაიკითხეთ, ბატონებო, „არაბულები“. მერწმუნეთ, დიდი სიამოვნება გელით.

 

ყველა ახალი ამბავი
0