სააგენტო „სპუტნიკის“ კორესპონდენტის კითხვებს სისტემური ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტმა როსტისლავ იშჩენკომ უპასუხა.
–უახლეს ისტორიაში პირველად, რუსეთი თავის გავლენის პირობითი სფეროს — პოსტსაბჭოთა სივრცის გარეთ პირველად ატარებს სამხედრო ოპერაციას. თანაც, ეს ოპერაცია ისეთ რთულ რეგიონში ტარდება, როგორიც ახლო აღმოსავლეთია. რამდენად არის გამართლებული იქ დიდი მატერიალური და ადამიანური რესურსების გამოყენება, როდესაც ქვეყნის შიგნით ვითარება არც თუ ისე მარტივია?
— შიდა ვითარება არავის,არასდროს, მარტივი არა აქვს, მაგრამ სახელმწიფო, რომელიც აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე და თავისი და მთელ მსოფლიოში თავისი მოკავშირეების ინტერესების დაცვაზე „რესურსების ხარჯვას“ წყვეტს, ძალიან მალე აღმოაჩენს, რომ მესამეხარისხოვანი ზესახელმწიფოების რიცხვში აღმოჩნდა, ვის რესურსებსაც სხვები განაგებენ, ვინც ასეთი „ეკონომიური“ არ არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კუთხით.
- სირიის ომში რუსეთის ღია ჩართვა რეგიონში გეოპოლიტიკურ ვითარებას ხარისხობრივად ცვლის. რა გეოპოლიტიკურ რისკებს ხედავთ?
— რამდენადაც სირიაში, ისევე, როგორც სხვა კონფლიქტურ რეგიონებში, სინამდვილეში რუსეთისა და აშშ-ის დაპირისპირება მიდის (თუნდაც ჩანდეს, რომ ბრძოლა ადგილობრივ ბანდიტურ რადიკალებს შორისაა), ყველა გეოპოლიტიკური რისკი დიდი ხნის წინ დადგა — თხუთმეტიოდე წლის წინ (როდესაც ვაშინგტონმა რუსეთის სასიცოცხლო ინტერესების სფეროში დაიწყო შეჭრა). ასე რომ, ახლა საუბარი მხოლოდ გეოპოლიტიკური რისკების მინიმიზაციაზე შეიძლება იყოს, რამდენადაც თვითონ ფაქტი რუსული არმიის მიერ სირიის კამპანიის დაწყებისა, მოსკოვის პოლიტიკური, დიპლომატიური, სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდაზე და რუსული ფინანსურ-ეკონომიკური სისტემის მდგრადობაზე მეტყველებს. თუ მხედველობაში პროცესის დინამიკას მივიღებთ (ბოლო ხუთწლედში, აშშ-ის შესუსტების ფონზე, რუსეთი ძალებს მზარდი ტემპით იკრებდა), მაშინ თამამად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ სირიის ტერიტორიაზე გლობალური ლიდერის ცვლა ხდება.
- „სირიის ისტორია“ „უკრაინის ისტორიას“ ცვლის? თუ ისინი ერთმანეთს ავსებენ? იქნებ, რუსეთის ქმედებები სირიაში რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული დაძაბულობის რამენაირად მოხსნას დაეხმაროს?
— არ ცვლის. ეს ერთი და იგივე პროცესია — ერთი და იმავე გლობალური სამხედრო-პოლიტიკური მოზაიკის ნაწილებია.
რაც შეეხება დაძაბულობას, აქ საუბარი „კოლექტიურ დასავლეთთან“ ურთიერთობებზე არ შეიძლება. აშშ-თან ურთიერთობებში არაფერი გვიშველის, გარდა სრული და საბოლოო გამარჯვებისა. მხოლოდ თეთრი სახლის მიერ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე საკუთარი უუნარობის აღიარებას (როგორც გერმანიამ 1918 წლის ნოემბერში ანტანტისთვის შემდგომი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებლად აღიარა) შეუძლია ურთიერთობების ფორმატის შეცვლა.
ხოლო რაც შეეხება ევროკავშირს, აქ სიტუაცია არც ისე დრამატულია. საფრანგეთი და გერმანია უკრაინას დიდი გაფაციცებით აღარ უჭერენ მხარს, პარიზში „ნორმანდიული ოთხეულის“ ბოლო შეხვედრაზე კი მათი პოზიცია თავისუფლად შეიძლება შევაფასოთ, როგორც პრორუსული (მათ მინსკის შეთანხმებების არა პოროშენკოს, არამედპუტინისეული ვერსია მიიღეს). ასე რომ, აქ ურთიერთობები სირიის გარეშეც უიმედო არ არის, თუმცა, იდეალამდეც (ბერლინი-მოსკოვი-პეკინის ღერძის შექმნამდე) ჯერჯერობით შორია.
- რუსული ავიაციის მოულოდნელმა (ან, იქნებ, ვინმესთვის სრულიად მოსალოდნელმა) ფრენებმა სირია-თურქეთის საზღვართან ახლოს რუსეთის ურთიერთობები თურქეთთან გაართულა. თანაც, ბევრი ამ ფრენებს მხოლოდ საბაბად მიიჩნევს, სინამდვილეში კი მთავარი უთანხმოება რუსეთსა და თურქეთს შორის ბაშარ ასადს ეხება. რამდენად რეალურია თურქეთის მუქარა ამ ვითარებაში ნატოს ჩარევის თაობაზე?
— ასეთ სიტუაციაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ტრაგიკული არაფერია. და ნატოს არანაირი ჩარევა არსად არ იქნება.
- ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთს მოუწოდეს, შეწყვიტოს ავიადარტყმები “სირიის ზომიერ ოპოზიციაზე“. ამის პასუხად მოსკოვმა საერთაშორისო კოალიციას აშშ-ის ხელმძღვანელობით სთხოვა, „აცნობონ, სირიის რომელ რაიონებში მუშაობს არატერორისტული ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული „პატრიოტული ოპოზიცია“. თქვენ როგორ განმარტავდით „პატრიოტულ ოპოზიციას“? თქვენი აზრით, ამ ოპოზიციამ ახლა რა უნდა გააკეთოს? და მართლა შესაძლებელია მისი ჩართვა სირიის კონფლიქტის მოგვარების პროცესში?
– „პატრიოტული ოპოზიცია“ სირიაში ჯერ კიდევ მოსაძებნია. ისლამისტების განადგურების ოპერაციის შედეგების მიხედვით, სასურველია „სახალხო ნდობის მთავრობისმაგვარი“ რამის შექმნა, სადაც მოქმედი რეჟიმი რაიმე სახის ოპოზიციონერებით შეივსებოდა, რომლებიც თანახმა იქნებოდნენ, ყველა შიდა საკითხი მშვიდობიანი გზით, საყოველთაო არჩევნებზე გადაეწყვიტათ, გამოაცხადებდნენ ისლამისტ ტერორისტებთან ბრძოლაში ასადის მთავრობისა და სირიის არმის მხარდაჭერის შესახებ. ასეთი სახით ისინი, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მთელი მსოფლიოსთვის სირიული საზოგადოების ჯანსაღი ძალების ერთიანობის ჩვენების შესაძლებლობას მოგვცემდნენ.
ამასთან, ომის შედეგების მიხედვით, დარწმუნებული ვარ, ასადს ახალი ვადით აირჩევენ ნებისმიერ (ყველაზე გამჭვირვალე და დემოკრატიულ) არჩევნებზე (თუ თავად არ მოისურვებს გადადგომას, რაც ნაკლებსავარაუდოა), ხოლო რუსეთი სირიაში საიმედო და განმსაზღვრელ ზეგავლენას მიიღებდა.