თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, უარი თქვან ძალის გამოყენებაზე და კომპრომისის მისაღწევად პოლიტიკური ნება გამოაჩინონ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„სამწუხაროდ, პოლიტიკური დიალოგის განახლება კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავებისა და მსხვერპლის რაოდენობის ზრდის გამო, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში, რთულდება. შემდგომი ესკალაცია, უბრალოდ, დაუშვებელია. მოვუწოდებთ მხარეებს, უარი თქვან ძალის გამოყენებაზე, გამოვლინონ პოლიტიკური ნება, რაც კომპრომისის მისაღწევად არის აუცილებელი“, — განაცხადა მან.
ზახაროვას განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლქტის მოგვარების თემა დეტალურად განიხილეს ამა წლის აპრილ-მაისში, მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტისას.
„ეს არის სერგეი ლავროვის თავის უცხოელ კოლეგებთან მიმდინარე კონტაქტის თემაც. ამ მიმართულებით ჩვენ აშშ-თან და საფრანგეთთან მჭიდრო თანამშრომლობით ვმუშაობთ. ცოტა ხნის წინ, გაეროს გენასამბლეის 70-ე სესიაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა, რომლებიც ამ თვეში რეგიონში ვიზიტს აპირებენ და მათთან კონფლიქტის მოგვარების პრაქტიკული საკითხები განიხილა“, — დასძინა მან.
კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წელს დაიწყო, როდესაც ყარაბაღის უმეტესად სომეხმა მოსახლეობამ აზერბაიჯანიდან გასვლის შესახებ განაცხადა. 1992-1994 წლების საომარი მოქმედებების შემდეგ აზერბაიჯანმა ტერიტორიაზე კონტროლი დაკარგა. მთიანმა ყარააღმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე მოლაპარაკებები 1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს. აზერბაიჯანი თავისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას მოითხოვს, სომხეთი კი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს. ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა მოლაპარაკებებში მხარეს არ წარმოადგენს.