მზარდი შეშფოთება თვალებზე ბინდით

© фото : РИА Новостиრუსეთი, კრემლი
რუსეთი, კრემლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვება მათი გამოსაჭედია, ვინც „მოთამაშეებს“ ირჩევს. ამ შემთხვევაში არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია. დავფიქრდეთ და ეგებ სამომავლოდ მაინც სწორად გავაანალიზოთ პოზიცია!

 სულხან მელაძე

 „ამათაც დაინახეს და დაიჯერეს ჩვენი პოზიტიური წარმატებული სვლა ნატოსკენ და ნამეტნავად გაბრაზებულები ჩანან? და ჩვენში რა ბინდია ასეთი თვალებს რომ აბრმავებს?“, — აი, ასე გამოეხმაურა სოციალური ქსელით, facebook-ის საკუთარ კედელზე, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებას, რომელიც ჟენევის დისკუსიის რიგით ოცდამეცამეტე რაუნდის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

 ძნელია არ დაეთანხმო თავდაცვის მინისტრს რეპლიკის პირველ ნაწილში, სადაც ის ნატოსკენ ჩვენი პოზიტიური წარმატებული სვლის შესახებ საუბრობს. თუმცა, ვეჭვობ, ეს ამბავი არახალია.

 მრავალი წელია, რაც გვესმის, სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ნატოსო. აგერ ახლა, აგვისტოში, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გვითხრა: ახლა ჩვენ ვხედავთ უფრო მეტად საქართველოს ნატო-ში და ნატო-ს საქართველოშიო.

 ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მისი სტაბილური, დემოკრატიული განვითარების მთავარ გარანტად აღიარებულ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის დამადასტურებელ არგუმენტებს აღარ ჩამოვთვლი. ახლა ყურადღებას გავამახვილებ თავდაცვის მინისტრის ნააზრევის იმ ნაწილზე, სადაც ის ბინდით დაბრმავებულ თვალებზე საუბრობს.

 სავარაუდოდ, ავტორი მათ შორის მოიაზრებს იმ პოლიტიკოსებსა და ექსპერტ-ანალიტიკოსებს, რომელნიც საქართველო-ნატოს მრავალწლიანი თანამშრომლობის დინამიკას და შედეგს ნეგატიურად აფასებენ.  

 შესაძლოა, თვალებზე ბინდგადაკრულთა შორის უკვე იმედგაცრუებული, ერთ დროს სანუკვარ ოცნებად ქცეული იდეისადმი ახლა ნიჰილისტურად განწყობილი თანამოქალაქეებიც იგულისხმებიან. აქვე მახსენდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის რამდენიმე წინადადება, რომელიც BBC-ის ეთერში სექტემბრის მიწურულს გაჟღერდა.

 თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი: „საქართველოში არ შეიმჩნევა რუსეთის მომხრეთა რაოდენობის ზრდა. რაც საქართველოში ხდება, ეს არის რწმენის დაკარგვა ევროკავშირისა და ნატოს მიმართ. უკვე ოცდაერთი წელია ვაკაკუნებთ ნატოს კარზე, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე კი, როდესაც საქართველოს უარი ეთქვა MAP-ის გადაცემაზე, იმედი გაგვიცრუვდა“.

 თუ ამ სიტყვებთან ერთად, სხვადასხვა დროს ალიანსის მესვეურთა მიერ დეკლარირებულ პოზიციებსა და განცხადებებს დავაკვირდებით, ადვილად დავრწმუნდებით, რომ იმედგაცრუება, რაზეც თავდაცვის მინისტრი საუბრობს, უსაფუძვლო არ არის და არც ჩვენი „შემოქმედების“ შედეგია. უფრო მეტიც, ვფიქრობ ამ ნაწილში ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჯეროვნად გაისარჯნენ.

 ვფიქრობ, უკვე დროა თავად რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებას გავეცნოთ: „აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზარდი შეშფოთება საქართველო-ნატოს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების გამო. კერძოდ, აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს გაღრმავებული თანამშრომლობის ე.წ. პაკეტის პრაქტიკული რეალიზაციის დაწყება, აგვისტოს ბოლოს ალიანსის სასწავლო ცენტრის გახსნა, აშშ-ის გეგმები ქართულ ტერიტორიაზე ერთობლივი სამხედრო სწავლების მასშტაბის გაფართოების შესახებ — რეგიონში დესტაბილიზაციას ახდენს. ეს ყველაფერი არ შეესაბამება თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებას სამხედრო შეკავების შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებების შესაბამისად“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 განცხადების ტონი და პათოსი მოულოდნელი ნამდვილად არ არის. შესაძლოა, უფრო ხისტი და მკაცრი ყოფილიყო. ოფიციალურ მოსკოვს არასოდეს დაუმალავს, რომ ის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების კატეგორიულად წინააღმდეგია, ხოლო ნატოში უკრაინისა და საქართველოს შესაძლო გაწევრიანებას ეროვნული უსაფრთხოების პრობლემად აღიქვამს. ოფიციალური თბილისი კი, ნატოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებათა მოლოდინშია.

 მორიგი გზავნილი მოსკოვიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მზარდი მილიტარიზაციის პროცესს და რეგიონში ისედაც დაძაბული ვითარების გამწვავებას დაემთხვა. ბუნებრივია, არის კითხვები. რა არის ეს, ოფიციალური მოსკოვის მიერ პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირება, გაფრთხილება, თუ უფრო მეტი, ანუ მუქარა, რაც, დიპლომატიურ ენაზე, ხშირად სტრიქონებს შორის იკითხება?

 თამარ კიკნაძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი: „ჩვენ განუხრელად გვიმტკიცებდნენ, რომ ნატო ჩვენი უსაფრთხოების ქოლგაა, მაგრამ სინამდვილეში იგი ჩვენი საფრთხეების მიზეზია. ზოგიერთი ექსპერტი და პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მთავარია ნატოში შევიდეთ, თუნდაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე. აკი, ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა: როგორც ფინეთი კარელიის გარეშე გახდა დემოკრატიული, ისე საქართველოსაც შეუძლია გახდეს დასავლური დემოკრატიაო. ეს ძალიან პრიმიტიული მსჯელობაა, რადგანაც ამ ტერიტორიების გარეშეც კი საქართველოს ნატოში მიღება არ იგეგმება და მას მხოლოდ რუსეთის გამღიზიანებლის ფუნქცია აქვს. პოლიტიკას ჭადრაკს ადარებენ და ეს შემთხვევითი არ არის. როდესაც პოლიტიკაში სვლას აკეთებ, წინასწარ უნდა გათვალო მოსალოდნელი შედეგები და მოთამაშეების სავარაუდო საპასუხო სვლები. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ნატოში შესვლა თვითმიზანია და არა საქართველოს კეთილდღეობისთვის გათვლილი ნაბიჯი. საქართველოს კეთილდღეობისთვის არც ჩვენი თავდაცვის მინისტრის მიერ ბი–ბი–სის ეთერში გაკეთებული განცხადებაა იმის შესახებ, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ რუსეთის წინააღმდეგ. დღეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ასეთი განწყობა არა აქვს და მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა აწუხებს. ასეთ განცხადებებს კი პროვოკაციის ელფერი აქვს და საფრთხის მომტანია, რადგანაც მათზე რუსეთს საპასუხო რეაქცია აქვს ხოლმე. პოლიტიკოსები და ქსპერტები, რომლებიც ქვეყნის კეთილდღეობაზე ფიქრობენ, ასე არ იქცევიან“.

 შესაძლოა მკითხველმა იფიქროს, რომ ამჯერად ექსპერტმა კითხვა უპასუხოდ დატოვა, თუმცა ამგვარ შეფასებას არ გავიზიარებ, რადგან მთავარ საკითხზე — ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შანსებსა და უახლოეს პერსპექტივებზე პოზიცია თვალსაჩინოა და, ამასთან ერთად, თამარ კიკნაძე პოლიტოლოგთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც მრავალგზის საჯაროდ განუცხადებია, რომ ქვეყნის უსაფრთხოება, მეზობელ სახელმწიფოსთან არსებული კონფრონტაციული რეჟიმის განმუხტვა დაბალანსებულმა და მრავალვექტორიანმა საგარეო პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს. „პოლიტიკას ჭადრაკს ადარებენ და ეს შემთხვევითი არ არის. როდესაც პოლიტიკაში სვლას აკეთებ, წინასწარ უნდა გათვალო მოსალოდნელი შედეგები და მოთამაშეების სავარაუდო საპასუხო სვლები“, — ბრძანებს თამარ კიკნაძე და თუ არ მიწყენს ვიტყვი, რომ ეს ის ბანალური ჭეშმარიტებაა, რაც პოლიტიკოსებისთვის არც სასწავლებელი და არც საკარნახებელი არ უნდა იყოს.

 შესაძლოა ასეც არის და ის, რომ ჩვენი „მოთამაშეები“ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე მუდმივად ერთ პოზიციას — „ნატოს გამბიტს“ ათამაშებენ ხშირად არამხოლოდ გათვლების უუნარობით, არამედ პოზიციის არჩევისას შეზღუდული თავისუფლებით არის გამოწვეული. ნებისმიერ შემთხვევაში, სცდება ყოველი ის, ვინც თვლის, რომ მთავარი პარტია „მოთამაშეების“ მოსაგებია. არა, გამარჯვება მათი გამოსაჭედია, ვინც „მოთამაშეებს“ ირჩევს. ამ შემთხვევაში არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია. დავფიქრდეთ და ეგებ სამომავლოდ მაინც სწორად გავაანალიზოთ პოზიცია!

ყველა ახალი ამბავი
0