ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს

თეატრალური აფიშა
თეატრალური აფიშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მე ვფიქრობ და ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ქართული თეატრი ცოტა შორსაა სოციალური პრობლემებისგან, დროა დავუბრუნდეთ რეალობას და ხშირად ვილაპარაკოთ პრობლემებზე“

 რუსუდან პირველი

ემიგრანტთა მძიმე ყოფა საზღვარგარეთ, ბულინგის პრობლემა ბავშვებსა და მოზარდებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების „სანახევრო არსებობა“ საზოგადოებაში და ფემიციდი — ძალადობა, რომელიც მუდამ ჩვენთანაა და რომელზეც ძალიან ხშირად თვალს ვხუჭავთ — სწორედ ამ სოციალურ საკითხებსა და პრობლემებს მოიცავს პროექტი-სპექტაკლი „ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“, რომელსაც თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში  რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი წარმოგვიდგენს.

 — მე გახლავართ ამ სპექტაკლის რეჟისორი, სცენოგრაფი და სცენარის ავტორი. ეს გახლავთ რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული წარმოდგენა. თავდაპირველად ავიღე 22 ინტერვიუ და ამის მიხედვით დავწერე სცენარი. ემიგრანტი ქალი, ტირანი ძმა, რომელმაც საკუთარი დის ცხოვრება მიისაკუთრა და ბულინგის მსხვერპლი ბავშვი საკუთარ განცდებსა დ აგამოცდილებაზე სცენიდან დაგველაპარაკებიან. სპექტაკლში ცოცხალი და თოჯინური პლანია გამოყენებული — მსახიობების გვერდით ამეტყველებული თოჯინებიც ამ ისტორიათა მთხრობელებად გვევლინებიან. თითეულ მსახიობს ჰყავს იდენტური თოჯინა. თხრობას იწყებს მსახიობი და განაგრძობს თოჯინა. ამ პერსონაჟებს თითოეული ჩვენგანი იცნობს — ისინი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილნი არიან. 

 - რატომ გადაწყვიტეთ დღეს ამ სპექტაკლის დადგმა?

 - მე ვფიქრობ, და ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ქართული თეატრი ცოტა შორსაა სოციალური პრობლემებისგან. დროა დავუბრუნდეთ რეალობას და ხშირად ვილაპარაკოთ პრობლემებზე  - ვილაპარაკოთ ყველგან და ყოველთვის, ხმამაღლა და ყველანაირი გამომსახველობითი საშუალებით, საკუთარი თავიც ვამხილოთ და გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, ფართოდ გავახილოთ დახუჭული თვალები! 

 — როგორც ვიცი, პრემიერა 17 ოქტომბერს შედგება…

 - დიახ, პრემიერა შაბათს, 17 ოტომბერს შედგება, მხოლოდ მოსაწვევებით. კვირას სპექტაკლს  ჟურნალისტები დაესწრებიან და ამის შემდეგ მის ნახვას ყველა შეძლებს. და კიდევ, ვინც ჩვენამდე ვერ მოვა, თავად ვესტუმრებით მათ. მაგალითად, შეიძლება წავიდეთ საავადმყოფოში, ან ბავშვთ სახლში და იქ ვითამაშოთ.

 ჩვენი თოჯინები ირგვლივ არსებულ პრობლემებზე ლაპარაკობენ. თქვენ კი მობრძანდით, კომფორტულად მოკალათდით და მოუსმინეთ რეალურ ისტორიებს, რომლებიც, რიგი მიზეზების გამო და სამწუხაროდ, აუცილებლად შეგიქმნიან დისკომფორტს. 

 დიახ, ახლა ლაპარაკისა და მოსმენის დროა — სწორედ ახლა, ვიდრე უფლისწული თავს  მოიკლავს…


ყველა ახალი ამბავი
0