თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის საპყრობილის პატიმარმა თეონა ყოლბაიამ ტელეკომპანია „იმედის“ პროექტ The Voice-ში მიიღო მონაწილეობა.
26 წლის მსჯავრდებულს რუსთავის №5 საპყრობილის ადმინისტრაციამ პროექტში მონაწილეობის ნება დართო. ყოლბაია სცენაზე დაწესებულების ორი თანამშრომლის თანდასწრებით გამოვიდა.
„მოხარული ვარ, ამ პროექტში მონაწილეობის საშუალება რომ მომეცა. განსაკუთრებით მიხარია, რომ ჩვენი ადმინისტრაცია ძალიან მეხმარება და ცდილობს წარმატებას რომ მივაღწიო… ჩემთვის ადვილი არ იყო Voice-ში მონაწილეობის მიღება და ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ ჩემთვის კარგი იქნება“, —განაცხადა ყოლბაიამ.
სიმღერა Ave Maria თეონა ყობაიას შესრულებით პროექტის მენტორებისგან მხოლოდ ერთს- ანრი ჯოხაძეს მოეწონა, რომელიც „ბრმა შერჩევის“ დროს შემოუბრუნდა კონკურსანტს.
„პირობას გაძლევ, რომ თავად ვივლი შენთან (საპატიმროში — რედ.) იმისათვის, რომ ყველას ვაჩვენოთ ის კლასი, რაც ამ პროექტისთვისაა აუცილებელი. პირველ რიგში შენთვის.. მე შენგან ვარსკვლავს შევქმნი“, — ამ სიტყვებით შეაფასა ჯოხაძემ ყოლბაიას გამოსვლა.
საქართველოში The Voice-ის სატელევიზიო შოუ ტელეარხ „იმედზე“ 2012 წლიდან გადის. ადრე პროექტს „ახალი ხმა“ ერქვა. პირველი ორი სეზონის გამარჯვებულები სალომე ქათამაძე და მარიამ ჩაჩხიანი გახდნენ. აღნიშნული პროექტი ჰოლანდიური The Voice of Holland-ის ქართული ანალოგია.