რუსუდან შაიშმელაშვილი
„დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის. იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით იწერება და იშლება ეს წიგნი. დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია. ნეტა სად არის ის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი წიგნი. ანდა საწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული..ან იქნებ არც ერთი აქვს და არც მეორე“ - ეს სიტყვები გოდერძი ჩოხელს ეკუთვნის.
მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი – სამივე მათგანი ერთიანდება მაგიურ სახელში — გოდერძი ჩოხელი. ადამიანი, რომლის ნაწარმოებები და ფილმები ერთ მთლიანობას ქმნის და ზნეობის, ადამიანობის, სიკეთისა და მშვენიერების ნიმუშს წარმოადგენს. ამბობენ, ყველაფერი გენიალური უბრალოაო. წორედ ასეთი უბრალოებით შესძლო მან თითოეულ მკითხველსა თუ მაყურებელში დაეტოვებინა კვალი, რომელიც ყოველ ჯერზე ხელახლა მიგაბრუნებს მის შემოქმედებასთან.
ოქტომბრისთვეში, მხოლოდ ერთი დღით, გუგუნებს ჩოხი, სადაც დაიბადა და თავისი ცხოვრების შეგნებული ნაწილი გაატარა ყველაზე ადამიანური სევდის მწერალმა.,,ძალიან ლამაზი, სევდიანი დღეა დღეს“- გულდაწყვეტილმა მითხრა, კინორეჟისორმა თემურ ბაბლუანმა, რომელიც ამ დღის გამორჩეული სტუმარი იყო.
რეჟისორი თემურ ბაბლუანი:
—ბატონო თემურ, ვიცი, რომ გამორჩეული მეგობრობა გქონდათ…
-ძალიან ახლობელი და ჩემიანი იყო გოდერძი. მასთან ურთიერთობის მრავალი წელი მაკავშირდება. წარმოშობით ორივე მთიდან ვართ, ამიტომ განსაკუთრებულად გვიყვარდა ერთმანეთი. დღემდე მხიბლავს მისი კინო. ახლაც თვალწინ მიდგას „ბაკურხეველი ხევსურის“ ფინალი. მაგარია, ძალიან მაგარი. დღემდე საოცრად მოქმედებს ჩემზე. ჩემის აზრით, ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო კინორეჟისორი და სცენარისტი ჩვენს თაობაში და არა მარტო ჩვენს თაობაში. ის იყო ძალიან ადამიანური, ცოტა უცნაური კაცი იყო… ერთ ზაფხულს ქუჩაში გაციებული შემხვდა, ღიმილით ვკითხე, ამ შუა ზაფხულში რამ გაგაცია-მეთქი. „ორი დღის წინ დავლიე და ვაჟა-ფშაველას საფლავზე ავედი, ჩავეხუტე საფლავს, საოცარ სითბოს ვგრძნობდი და იქვე ჩამეძინა. დილით როცა გავიღვიძე, ვიგრძენი რომ გაციებული ვიყავიო“,- აი, ასეთი იყო გოდერძი ჩოხელი.
გოდერძი ჩოხელის და — ელისო ჩოხელი
-ქალბატონო ელისო, თქვენ ბევრი ისეთი რამ გექნებათ მასზე გასახსენებელი, რაც ფართო საზოგადოებამ არ იცის…
-გოდერძი ხშირად მოდიოდა ჩვენთან და დედას უმზადებდა თივას, შეშას. საქონელს უვლიდა. ერთხელაც შემოდგომას ამოვიდა. დედამ ზამთრისათვის შეშის დამზადება სთხოვა. მოგვიანებით გოდერძიც მოვიდა. დედამ საუზმე გაუწყო.“მოამზადე, შვილო, შეშა“?— ჰკითხა..„ვერა, დედა, ვერ მოგიმზადეო. ნარიყები, არაგვისაგან გამოტანილი შეშა მოგიტანე მხოლოდო. მაგას მეც ხომ მოვამზადებდი“- დედამ უთხრა. რა ვქნა, დედი, რამდენ ხესთანაც მივედი, გვერდზე გადაიხარა. ცულით ხელში რომ დამინახა, დაიჭრიალა. მერე სხვა ხესთან მივედი, იმანაც იგივე გაიმეორა. არ მომჭრა, გოდერძიო! — მთხოვა. ვიარე, ვიარე, მთელი ტყე შემოვიარე და ვერც ერთი ხის მოჭრა ვერ შევძელი, ისიც ხომ ცოცხალია“-ო…
ტარიელ ხარხერაული, გოდერძის უახლოესი მეგობარი
-ბატონო ტარიელ, როგორია თქვენი გოდერძი ჩოხელი?
—მე გოდერძი ჩოხელს ვხედავ თავის შემოქმედებაში, მხოლოდ მისი ნაწარმოების კითხვით შეიძლება მისი მასშტაბების დანახვა. როცა პიროვნულად ვხედავდი, მაშინ მის მასშტაბებს ვერ ვხედავდი. წლების მერე, როცა გოდერძი წავიდა ჩვენგან, დავინახე არა კაცი, რომელიც ასე უყვარდა ხალხს, არამედ კაცი, რომელიც წუთისოფლისთვის იყო საჭირო. დამერწმუნეთ, ბევრი ადამიანისაგან მოისმინთ, რომ გოდერძი ჩოხელი მისი მეგობარი იყო. არა, ჩვენ ყველანი მისი პერსონაჟები ვართ და არა მეგობრები. სულ ახლახანს ახმეტელის თეატრში ვიყავი, სადაც გოდერძის ნაწარმოებების მიხედვით, პირველად საქართველოში დაიდგა სპექტაკლი. პირველივე წუთიდან შიშმა ამიტაცა, როგორ შეიძლება გოდერძი ჩოხელი აიყვანო აი, ასეთ პატარა სცენაზე, თან ამდენი მსახიობებით. ოცი კაცი მაინც იდგა სცენაზე. მაგრამ სპეკტაკლის დამთავრების შემდეგ გაკვირვებული დავრჩი. როგორ შეძლო რეჟისომა, რომ გოდერძის ხასიათი არ დაკარგვოდა სპექტაკლს, ის დიდი ტკივილი, რომელმაც გოდერძი ჩოხელის გული ასე დაფლითა. აი, ამ სპექტაკლში დავინახე, როგორ იდგა ის მწერვალზე.
„ბედისწერის თეატრი“ გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით აკინძული უჩვეულო და ამაღელვებელი სპექტაკლია. მაყურებელი სულის შემძვრელი და სულგანაბული უსმენს ჩოხელის სევდიან და გულწრფელ ნაამბობს. ადამიანთა დარდისა და სევდის შემგროვებელი, ამქვეყნად მოსვლის მიზანზე ჩაფიქრებული გოდერძი ჩოხელი, გუდამაყრიდან, ამ მიკროსივრციდან მთელ სამყაროს ხედავს და გვესაუბრება იმ მთავარ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელთა გარეშეც ადამიანს გაუძნელდება არსებობა. სიკეთე, რწმენა, ღირსება, სიყვარული, ერთგულება და ბავშვური გულუბრყვილობა, ალალმართლობა თან სდევს ბედისწერის ამ თეატრში მოფუსფუსე პერსონაჟთა ცხოვრებას…
რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი
-ბატონო ლაშა, რამდენად რთული იყო ამ სპექტაკლზე მუშაობა, შეჭიდება ჩოხელთან და რა აზრია ჩადებული მასში?
—ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის ძალიან ახლობელია გოდერძი ჩოხელი, მაგრამ როცა მისი შემოქმედება სცენაზე გადაგაქვს და ცდილობ, პერსონაჟები გააცოცხლო, სირთულეებს აწყდები. არ გინდა, დაკარგო ის სიბრძნე, რომელიც მის ნაწარმოებებშია. თან ეს ყველაფერი მოქმედებას მოარგო, რომ მხოლოდ მონოლოგი არ გამოვიდეს. ძალიან ბევრი ხერხის მოფიქრება დაგვჭირდა, რომ მწერლის ხელწერა მაყურებლამდე არა განსხვავებული, არამედ პირველყოფილი სახით მოგვეტანა. მგონი, ჩვენი ჩანაფიქრი გამართლდა და მაყურებელიც ნასიამოვნები დარჩა.
ფილოლოგი თამარ წოწორია
—ქალბატონო თამარ, როგორ შეაფასებდით გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას?
— გოდერძი ჩოხელის მთელი შემოქმედება ადამიანის სულსა და სულიერებაზეა. მისი რომანებისა და მოთხრობების თემაც ადამიანის ადამიანად ყოფნა და თუ გადარჩენაა. მისი სულიერი მზერა ღვთის შვილების გადარჩენისაკენ იყო მიმართული. თავადაც უჭირდა ამ დროითა და სივრცით შემოსაზღვრულ სამყაროში გაძლება, ზეცას მიილტვოდა, ამაღლებას ლამობდა, ღმერთს ეძიებდა… ამიტომაცაა ალბათ, რომ ჩოხში მას საკუთარი სახლიც არ აქვს და ახლა გვაქვს ასაშენებელი,,გოდერძის სახლი“. ასევე უნდა გვქონდეს თბილისში გოდერძის ქუჩა, უნდა ტარდებოდეს მისი სახელობის მუდმივმოქმედი სემინარები, უნდა დაარსდეს მისი შემოქმედების კვლევის ცენტრი. გოდერძი ჩოხელის სახელობის სულიერების აკადემია, რომელიც ასევე ანგარიშვალდებული იქნება ჩაატაროს საერთაშორისო კონფერენციები, რომ მსოფლიომ ახლოს გაიცნოს მისი,,სულ სხვანაირი“ შემოქმედება. გოდერძის შემოქმედებიდან ადამიანის სულისათვის გალობა ისმის. გალობის კულტურა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოვიდა ქრისტიანობაში. წესისამებრ, ჰიმნები და ფსალმუნები გალობით უნდა წარმოთქმულიყო, რომ მორწმუნენი სევდასა და მწუხარებას არ დაეთრგუნა. ეს ტრადიცია ქრისტიანულმა სამყარომ შეითვისა. გოდერძიც მისთვის დამახასიათებელი სიფრთხილით, ადამიანისადმი პატივისცემითა და მოაზროვნის დაკვირვებით სვამს კითხვებს და პასუხებსაც თვითონ სცემს სრულიად სხვა ხმით, განსხვავებული კილოთი. გოდერძი უგალობს ადამიანთა სევდას და სულებში შემოაქვს სინათლე, სითბო, სიყვარული და მათაც საგალობლად განაწყობს. მადლობა მის სულს ამისათვის…