სალომე გურგენიძე
ჩვენი რესპონდენტი ცნობილი კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილია. პირველი კარიკატურა მან სკოლაში დახატა. მის მხიარულ გალერეაში ყველა ცნობილი ადამიანის კარიკატურაა. ნათქვამია, ლამაზი ადამიანი ის არის, ვის კარიკატურასაც ვერ დახატავო. მაგრამ ნიჭიერ შემოქმედს ჯერჯერობით არავის დახატვა არ გაჭირვებია. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ქალების ხატვა განსაკუთრებით უჭირს, რადგან მათ ადვილად სწყინთ ხოლმე..
- ბატონო ბესიკ, მინდა, დასაწყისშივე გკითხოთ, კარიკატურისტი გარდა იუმორის გრძნობისა, ჩვეულებრივი მხატვრისგან რითი განსხვავდება?
— იცით, თან განსხვავდება და თან არა. პრაქტიკულად, ჩვეულებრივი მხატვისგან არ უნდა განსხვავდებოდეს იმიტომ, რომ კარიკატურაზე მუშაობა ეს ნიშნავს, კარგად ხატავდე. საერთოდ, უმჯობესია, რომ ხატვის ხელოვნებას კარგად იცნობდე. კარიკატურისტებს ხატვის სწავლა არც ისე უყვართ და დიდი სურვილიც არ აქვთ.
- გახსოვთ, პირველად ვისი კარიკატურა დახატეთ?
- იცით, არ მახსოვს. ალბათ მასწავლებლის ან კლასელის კარიკატურას დავხატავდი…
— ბატონო ბესიკ, დამეთანხმებით საქართველოში ბევრს არ აქვს იუმორი და ვინმე ხომ არ განაწყენებულა თქვენი კარიკატურით?
- თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი განაწყენებულა, ძირითადად, თანამდებობის პირები. ხშირად მესმის ხოლმე, რომ ახლაც თურმე ბევრს სწყინს, მაგრამ მე არ ვაქცევ ყურადღებას, რადგან მე ჩემი საქმე უნდა ვაკეთო. კარიკატურისტის მისია კი ის არის, რომ მოვლენა ან პიროვნება უტრირებულად წარმოსახოს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელი უნდა იყოს…
- ვისი კარიკატურაა უფრო რთული დასახატი: ქალის თუ მამაკაცის?
- ძირითადად, ქალბატონების ხატვა მიჭირს იმიტომ, რომ არ მინდა, მერიდება ხოლმე, ხაზი გავუსვა მათ რაიმე ნაკლს, თუ აქვთ ასეთი…როდესაც ადამიანს ვხატავ, ყურადღებას ვაქცევ სახის იმ ნაკვთს, რომლის უტრირებაც ამა თუ იმ შარჟს მოუხდებოდა, ეს შეიძლება იყოს: თვალები, ყურები ან ცხვირი… ძირითადად დიდ ცხვირს ხატავენ ხოლმე, მაგრამ შეიძლება,მხატვარმა ადამიანში სახასიათო ცხვირი კი არა, სხვა ნაკვთი დაინახოს.
- თქვენს მიერ შექმნილ კარიკატურების გალერეაში არა ერთი ცნობილი ადამიანის კარიკატურაა…
— თითქმის ყველა ცნობილი ადამიანი დახატული მყავს. დიდი მოწონებით სარგებლობს ლევან წულაძის კარიკატურა. მიხეილ სააკაშვილის 3 ათასამდე შარჟი მაქვს დახატული. რომელი ერთი გითხრათ…
- ბატონო ბესიკ, საინტერესოა, დღევანდელ რეალობას კარიკატურულად როგორ გამოსახავდით?
— ჯერ კიდევ 2010 წელს მქონდა დახატული სურათი, რომელზეც დაჩოქილი ადამიანების წრეა, სადაც ისინი ერთმანეთს უკანალზე ჰკოცნიან. მხოლოდ 2-3 კაცი დგას გვერდზე და ამ წრეს ზევიდან დაჰყურებს. ასეთი სიტუაციაა დაახლოებით, მაგრამ დღესდღეობით არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ზედაპირზე ტივტივებს და აშკარად ჩანს. ღირსეული ადამიანებს კი იმ სამ ადამიანს მივაკუთვნებ, რომლებიც ამ ხალხს ზემოდან დაჰყურებს…
- როგორც ვიცი, დღეს საბავშვო სტუდია გაქვთ, სადაც ბავშვებს კარიკატურის ხატვას აწავლით. საერთოდ, შეიძლება, ადამიანს ეს ასწავლო, თუ გარდა ხატვის ნიჭისა, სხვა გარკვეული მონაცემებია საჭირო?
- ხატვის ნიჭის გარდა, რა თქმა უნდა, მას გარკვეული მონაცემები უნდა ჰქონდეს. მე ვიცი ძალიან ბევრი მხატვარი, რომელიც კარიკატირას ვერაფრით დახატავს.. ჩემს ბავშვებს თავიდან აკადემიურ ხატვას ვასწავლი. არ აქვს მნიშვნელობა ეს სტუდია იქნება, სკოლა თუ სამხატვრო აკადემია, პირველ რიგში უნდა ისწავლებოდეს ხატვა — ეს არის ფანქრის ჭერის ხელოვნება, აკადემიური შტრიხი და ხელოვნებისადმი აკადემიური მიდგომა. როცა ადამიანი ამას ფლობს, მაშინ შეიძლება, თავს უფლება მისცეს, რომ კარიკატურა დახატოს,- რადგან ეს ყველაფერი დაეხმარება მას.
- ბატონო ბესიკ, საუბრის დასასრულს გაიხსენეთ რაიმე მხიარული ამბავი, რომელიც კარიკატურას უკავშირდება…
— ყველა ხატვის პროცესი მხიარულია, ამ ყველაფარს ხალისით ვუდგები. როცა კარიკატურას იმ ადამიანს აჩვენებ, ვინც დახატე, ძალიან სახალისოა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნუ წყინთ მათზე შექმნილი მხიარული კარიკატურა, სხვა თვალით და ღიმილით შეხედონ მათაც და საერთოდ, ყველაფერს მათ გარშემო…