თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში მიმდინარე ტურნირზე, რუსმა ალექსეი იაკიმენკომ ფინალში რუმინელ ტიბერიუ დოლნიჩანუს 15:8 მოუგო და ინდივიდუალურ შეჯიბრში ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.
ფინალში ხმლით მოფარიკავე ორი ლიდერი შეხვდა ერთმანეთს — იაკიმენკოს მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი უჭირავს (32 ქულა) და დოლნიჩანუს — მეორე (26 ქულა).
ქართველ მოფარიკავეთა შორის ყველას ბექა ბაზაძემ აჯობა, რომელმაც 1/16 ფინალამდე მიაღწია და შემდეგ გერმანიის წარმომადგენელთან ნიკოლას ლიმბახთან 5:15 წააგო. საბოლოოდ ლიმბახმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გუნდური ტურნირი აშშ-ს ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში ფრანგთა ნაკრები 45:38 დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები გერმანელ მოფარიკავეებს შეხვდათ.
საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში 1/8 ფინალის სტადიაზე წააგო მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონებთან — სამხრეთ კორეასთან — 37:45.
მსოფლიო თასის ეტაპზე თბილისში 32 ქვეყნის 160 სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრს ორგანიზება მოფარიკავეთა ფედერაციამ გაუკეთა თბილისის მერიისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.