თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. გამოძიება ანკარაში მომხდარ აფეთქებების მთავარ ვერსიად „ისლამური სახელმწიფოს“ მონაწილეობას განიხილავს, განაცხადა ორშაბათს თურქეთის პრემიერ–მინისტრმა აჰმეთ დავითოღლუმ.
„გამოძიება გრძელდება, დეტალებს არ გავამჟღავნებ, მაგრამ ძირითად ვერსიად „ისლამური სახელმწიფოს“ მონაწილეობა განიხილება. ჩვენ ერთ სახელთან მივედით, რომელიც ამ დაჯგუფებასთან კავშირზე მიუთითებს. ტერაქტი ანკარაში – ეს 1 ნოემბრის არჩევნებზე ზემოქმედებისა და მის შედეგების შებღალვის მცდელობაა. ეს თურქეთის, მისი ხალხის სტაბილურობასა და დემოკრატიაზე თავდასხმაა. მაგრამ ეს თურქეთს სირიად ვერ აქცევს“, – განაცხადა დავითოღლუმ ტელეკომპანია NTV–სთან ინტერვიუში.
ორი აფეთქება თურქეთის დედაქალაქში 11:04 საათზე, მიტინგის დაწყებამდე მოხდა. მიტინგი ორგანიზებული იყო პროფკავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ და მისი მთავარი ლოზუნგი იყო „შრომა, მშვიდობა, დემოკრატია“. მიტინგი ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში თურქულ–ქურთული კონფლიქტის წინააღმდეგ უნდა გამართულიყო. აფეთქებები რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, სადაც მიტინგის მონაწილეები აქციაში მონაწილეობისთვის მიდიოდნენ. დაიღუპა 97 ადამიანი, 500–ზე მეტი – დაშავდა.