ლალი ნოზაძე
დედამიწის მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა პროტეინით მდიდარ საკვებზე, რაც განაპირობებს მეფრინველეობის, მეცხოველეობისა და თევზჭერის წარმოების გაზრდას. პროპორციულად იზრდება წარმოების ორგანული ნარჩენებიც ანუ ქათმის, საქონელის და თევზის გადამუშავების შემდეგ მხოლოდ 70-75% გამოიყენება ადამიანების საკვებად, დანარჩენი კი,- ორგანული ნარჩენები ხდება. მუნიციპალური ნარჩენების 25%-ს ასევე ორგანული ნარჩენები წარმოადგენს, რაც აბინძურებს გარემოს, ნიადაგს, მიწისზედა და მიწისქვეშა წყლებს და ინფექციური დაავადებების, ეპიდემიებისა და პანდემიების გავრცელების საშიშროებას წარმოშობს.
მსოფლიოს სხვადასხვა კვლევით ცენტრებში ამ პრობლემის გადასაჭრელად ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს. შედეგად გამოიკვეთა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ბიოკონვერსიული პროექტი, რომლის განხორციელებაც წარმატებით მიმდინარეობს. პროექტს საფუძველად უდევს ბუზების ლარვების უნიკალური თვისება გადაამუშაოს ნებისმიერი ტიპის ორგანული ნარჩენები (ხორცის, თევზის, მცენარეული, ნაკელი, რესტორნებისა და სხვა სხვა კვების ობიექტების ნარჩენები, სამზარეულოს ნარჩენები და ა.შ.) ტროპიკული სარტყელის ბუზი Black soldier Fly-Hermetia illuscens– რომელიც შერჩეულია პროექტისთვის არ წარმოადგენს ინფექციური დაავადებების გადამტან ვექტორს განსხვავებით სახლის ბუზისაგან (Musca Domestica), რასაც ამ პროექტების ბიოუსაფრთხოების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. პირიქით, სადაც ეს ბუზი ბინადრობს, 90- 95% ეცემა ოთახის ბუზის პოპულაცია და შესაბამისად ოთახის ბუზის მიერ დაავადებათა ტრანსმისიის რისკი მცირდება. ენტომოლოგიის ინსტიტუტის განმარტებით ამ მწერის ქართული სახელწოდება არ არსებობს, ამიტომ მის აღსანიშნავად აბრევიატურა BSF გამოიყენება.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ ტექნოლოგიის პილოტური პროექტის განხორციელებისას დადგინდა, რომ მწერების მიერ ნებისმიერი ტიპის ორგანული ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიიღება მაღალი 36% — 70% პროტეინის შემცველი ლარვები, გამშრალი ლარვების ცხოველური პროტეიონის მასა და ბიოჰუმუსი, გამდიდრებული ფერმენტებით (ენზიმებით), რომლებსაც ლარვები გამოჰყოფს. ნიადაგში შეტანის შემდეგ ბიოჰუმუსი ნიადაგს ორგანული და არაორგანული ნივთიერებებით ამდიდრებს, ფერმენტები (ენზიმები) კი დამღუპველად მოქმედებს ფიტოჰელმინთებზე — ნემატოდებზე, ფილოქსერაზე და ნიადაგის შხამქიმიკატებით დამუშავება ამ პარაზიტებთან საბრძოლველად აღარ არის საჭირო.
BSF-ის გამოყენება საშუალებას იძლევა გარემოზე მეთანით დაბინძურებით მიყენებული ზიანი შემცირდეს. მაგალითისათვის, ქათმის ექსკრემენტების ტრადიციული მეთოდებით გადაწვასა და სასუქამდე მიღწევას სამი წელი სჭირდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში აზოტოვანი პროდუქტების დაშლის შედეგად მეთანის გამოყოფა მიმდინარეობს. ვერმიკომპოსტირებით (საფუძვლად უდევს ჭიაყელების მიერ ორგანული ნარჩენების შეთვისებისა და ტრანსფორმირების უნარი) ამ მასალის გადამუშავებას მაქსიმუმ სამი თვე სჭირდება, ხოლო BSF-ის ლარვები კი ამ სამუშაოს სულ რაღაც ერთ კვირაში ახდენენ.
გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაცია და ევროკავშირის ეგიდით შეიქმნა პროექტი PROTEINSECT, რომელიც საკვებისა და გარემოს კვლევის სააგენტოს კოორდინაციის ქვეშ მიმდინარეობს. პროექტი ყურადღებას ამახვილებს ხუთი ძირითადი მიმართულებით: მწერების და კონკრეტულად BSF შეფასების, როგორც ორგანული ნარჩენების ბიოლოგიური გადამამუშავებელი აგენტი და შინაურ ცხოველთა საკვები პროტეინის წყარო, ამ მეთოდოლოგიის მდგრადობა და მისი ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანიანობის უზრუნველყოფა.
საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიებისა და მეთოდების იმპლემენტაციის მიზნით ფირმა „ბიოტექისა“ და ქართველ მეცნიერთა და ბიზნესმენთა ჯგუფის ერთობლივი შრომის შედეგად შეიქმნა პროექტი „Geo Insect“-ი. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული მეთოდიკის გაუმჯობესებას, გადამუშავებისას ნედლეულის ყოველ პარტიაში ე.წ. „სასარგებლო მიკროორგანიზმების“ კომპლექსისა და მასში ცელულოზის დამშლელი მიკროორგანიზმების შეტანას. ეს არის ჩვენი ნოუ- ჰაუ, რომელიც იძლევა საშუალებას ამ გზით მიღებული ბიოჰუმუსის ნიადაგში შეტანისას ნიადაგი სასარგებლო ბაქტერიებით გამდიდრდეს და „გაცოცხლდეს“ მიწა, რომელიც წლების განმავლობაში არანორმირებული რაოდენობის ნიტრატების, შხამქიმიკატების, პესტიციდებისა და ფუნგიციდების შეტანისაგან პრაქტიკულად „მკვდარია“ და ასეთი მიკროორგანიზმებისაგან დაცლილია. არანაკლები ზიანი ადგება მიწას საქართველოში გავრცელებული ე.წ. მოსავლის აღების შემდეგ ყანაში დარჩენილი ნარჩენების „გადაწვისას“-აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შპს “ბიოტექის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვირუსოლოგმა და ეპიდემიოლოგმა პაატა გამცემლიძემ.
საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 30 მლნ. აშშ. დოლარის ეკვივალენტის მაღალ პროტეინიანი კონცენტრატი შემოდის, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში ცხოველების, ფრინველების და თევზებისთვის მაღალპროცენტული პროტეინიანი საკვები პროდუქტის ადგილობრივი წარმოების შექმნა ძალიან აქტუალურია. ამასთან ერთად საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და ფერმერებს მხოლოდ ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება მისცემს იმის საშუალებას, რომ საზღვარგარეთ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი მაღალ ფასად მოახდინონ. ასეთი მეურნეობები კი ნიადაგის ბიოჰუმუსით და „სასარგებლო მიკროორგანიზმებით“ გამდიდრების გარეშე ვერ განვითარდება, რადგან ორგანული მეურნეობა შხამქიმიკატების ხმარებას გამორიცხავს.
პროექტ „Geo Insect“- ის შემუშავებაში ფირმა „ბიოტექის“პარტნიორი ამერიკული კომპანია „EnviroFlyght LLC“-ი და მისი მეპატრონე და დირექტორი გლენ ქურთრაითია, რომელიც ამ დარგში მსოფლიოში ცნობილი ექსპერტი და რამდენიმე პატენტის ავტორია. ფირმას აღნიშნულ კომპანიასთან ტექნოლოგიის ტრანსფერთან დაკავშირებით გაფორმებული აქვს წინასწარი ხელშეკრულება, რომელიც BSF-ის გამოყენებით ბიოკონვერსიული წარმოების შესაქმნელადაა საჭირო. ფირმა „ბიოტექმა“ ასევე კონსულტაციები გაიარა მწერების საშუალებით ორგანული ნარჩენების ბიოკონვერსიის საკითხებში მსოფლიოში ერთ —ერთ ყველაზე ცნობილ ამერიკელ ექპერტთან, პაულ ოლივიერთან, რომელმაც ევროპის, აფრიკის და აზიის ქვეყნებში უკვე რამდენიმე ასეთი ფერმის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
პილოტური პროექტის განხორციელებისას ჩნდება პერსპექტივა, რომ საქართველოში პირველად შეიქმნას ინსექტარიუმი, სადაც მოხდება BSF- ის გამრავლება და მათი ლარვების საშუალებით დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ბიოორგანული ნარჩენების გადამუშავება. ამავდროულად ინსექტარიუმის შექმნა იძლევა მწერების კვერცხების შეგროვების და პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით გლეხებისა და ფერმერული მეურნეობებისთვის მათი გადაცემის საშუალებას სიმბოლურ ფასად, რაც ხელს შეუწყობს ინდივიდუალურ ფერმერულ მეურნეობებს და ფერმერულ კოოპერატივებს აითვისონ ბიოკონვერსიული ტექნოლოგიები, ეფექტურად გამოიყენონ საკუთარი მეურნეობების ორგანული ნარჩენები. ასევე არ დააბინძურონ გარემო, მიიღონ ცხოველური ცილოვანი საკვები და მაღალი ხარისხის ბიოჰუმუსი ორგანული მეურნეობისათვის. პროექტი „Geo Insect”-ი პირველ ეტაპზე მოიცავს ყოველდღიურად საშუალოდ 3 – 5 ტონამდე ორგანული ნარჩენების გადამუშავებას, ინსექტარიუმთან დაკავშირებულ ფერმერებისათვის ბიოკონვერსიის ტენოლოგიების სწავლებას და მათ აქტიურ ჩართვას ამ პროცესში. ასევე მათთვის ადგილზე ხელნაკეთი ბიორეაქტორების შექმნას, BSF- ის კვერცხების გადაცემასა და მუდმივ მონიტორინგს. მომავალში პროექტის საწარმოო სიმძლავრეების მატებასთან ერთად უკვე ასობით და ათასობით ფერმერისა და ფერმერული კოოპერატივებისთვის ანალოგიური სერვისების შეთავაზებასა და პრაქტიკულ განხორციელებასაც ითვალისწინებს.
პროექტი „Geo Insect“-ი გვიჩვენებს გზებს და განსაზღვრავს საშუალებებს, თუ როგორ უნდა ავიცილოთ ორგანული ნარჩენების ნაგავსაყრელებზე ლპობის შედეგად გარემოზე მიყენებული ზარალი და ამავე დროს მათი გადამუშავების საშუალებით მეფრინველეობის, მეთევზეობისა და მეცხოველეობისთვის ბიოჰუმუსი და დეფიციტური ცხოველური ცილებით მდიდარი საკვები პროდუქტი მივიღოთ.
იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სათანადო დაინტერესებას გამოიჩენს პროექტ „Geo Insect“-ისა და სხვა ინოვაციური, ბიოტექნოლოგიური პროექტების მიმართ და მათი სუფსიდირებით ხელს შეუწყობს ორგანული სოფლის მეურნეობის წინსვლას საქართველოში.