კახა გოგოლაშვილი: „რუსეთს დასავლეთის მოწოდებები არასდროს შეუსმენია“

გამოწერა
"მე ეჭვი მეპარება, რომ მშვიდობიანი გზებით რუსეთი შეცვლის იმას, რისთვისაც ამდენი ხანი იბრძოდა“- თვლის ექსპერტი.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე უარს არ იტყვის და ნატო–ს გენმდივნის მოწოდებაც სხვა არაფერია, თუ არა ალიანსის პოზიციის დაფიქსირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებაში, — მიაჩნია ექსპერტ კახა გოგოლაშვილს.

 ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წინა კვირას, საქართველო–ნატოს კომისიის სხდომის დაწყებამდე, კვლავ მოუწოდა რუსეთს, უკან გაიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარება.

 „ეს ხომ პირველი მოწოდება არ არის და რუსეთმა როდის შეისმინდა დასავლეთის მოწოდებები, რომ მაინც და მაინც ეს შეისმინოს. ეს, უბრალოდ შეხსენებაა და პრაქტიკულად პოზიციის დაფიქსირება. ყველას კარგად ესმის, რომ რუსეთი ნაკლებად რეაგირებს განცხადებებზე, თუ მან სერიოზული ზეწოლა არ განიცადა“, –აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა

 მისივე თქმით, ახლა არ არის ისეთი საერთაშორისო კლიმატი, რომ რუსეთს ასეთი მოწოდებები ადარდებდეს. დღეს საუბარი უფრო მეტად უკრაინის წართმეულ ტერიტორიებზე და უკრაინაში მიმდინარე რუსულ ოკუპაციაზეა. რაც შეეხება აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხებს, ისინი შედარებით მეორე პლანზეა გადაწეული. 

 „თუ მთლიანობაში, მოხერხდა რუსეთისთვის რაღაც პირობების თავსმოხვევა, შეიძლება ითქვას რუსეთის „გატეხვა“, მაშინ შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯი გადაიდგმება. მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ მშვიდობიანი გზებით რუსეთი შეცვლის იმას, რისთვისაც ამდენი ხანი იბრძოდა“,–თვლის ექსპერტი.

 კახა გოგოლაშვილის თქმით, რუსეთმა პრაქტიკულად მიისაკუთრა საქართველოს ის ტერიტორიები, რომლებიც დიდი ხანია სურდა, მისი ყოფილიყო. ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის პერიოდიდან  მოყოლებული, ის  ყველაფერს აკეთებდა, რომ იქ  ხალხის ასიმილაცია მოეხდინა, მომხდარიყო ამ კუთხეების გაუცხოება დანარჩენ საქართველოსთან და საერთაშორისო აზრის ფორმირება, თითქოს, ეს საქართველოს ნაწილი არ არის.

 „საბოლოო ჯამში, ომებიც კი გადაიტანა, რომ დაუფლებოდა ამ ტერიტორიებს და ასე მარტივად არ დათმობს“, –აღნიშნა ექსპერტმა.

 რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. თბილისმა ეს ტერიტორიები ოკუპირებულად აღიარა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0