თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ზოოპარკისთვის ვოლიერების ესკიზებს მსოფლიოში ზოოპარკების ცნობილი დიზაინერი, ჰოლანდიელი ერიკ ვან ფლიტი (Erik van Vliet) შექმნის, რომელიც უკვე ჩამოვიდა საქართველოში, — ნათქვამია თბილისი ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებაში.
„ბატონმა ერიკმა საკუთარი ინიციატივით, სრულიად უანგაროდ გადაწყვიტა ჩვენი დახმარება, ჩათვალა რა, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება ახლა განსაკუთრებულად სჭირდებოდა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ზოოპარკს. ამჟამად ის ჩვენთან იმყოფება და ცდილობს გაგვიზიაროს თავისი პროფესიული გამოცდილება და ახალი, თანამედროვე დიზაინის ვოლიერების შექმნაში დაგვეხმაროს, როგორც არსებულ, ისე ახალ ტერიტორიაზე“, — აღნიშნავენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში.
ფლიტის დიზაინითაა დამზადებული ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და აზიის ქვეყნების ზოოპარკების ვოლიერები. იგი ამ სფეროში უკვე 21 წელია მუშაობს.
„იმედია, სულ მალე შევძლებთ მისი კრეატიული იდეების განხორციელებას და იმგვარი ზოოპარკის აშენებას, როგორზეც დიდი ხანია ყველანი ვოცნებობდით“, — ნათქვამია განცხადებაში.