თბილისი, 11 ოქტომბერი-Sputnik. კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ აშშ–ში დაქირავებულ ლობისტურ კომპანიებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კვალიფიკაციას უწუნებს.
„ლობისტური კომპანიების მოვალეობა, საქართველოს ამერიკის რადარებზე ყოფნაა და, რადგან ჩვენი ქვეყანა იქიდან გაქრა, გამოდის, რომ არაკვალიფიციური ლობისტური კომპანიები დაგვიქირავებია“, –აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ცნობით, აშშ–ის ლობისტურ კომპანიებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2008–2015 წლებში 9,5 მლნ აშშ დოლარზე მეტი გადაერიცხათ, საქართველოს ხელისუფლებამ 2008–2012 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლობირებაზე 7 მლნ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა, ხოლო 2012–2015 წლებში — 2,5 მლნ აშშ დოლარზე მეტი. ყველაზე მეტი ლობირებაზე 2012 წელს დაიხარჯა — 7 მლნ აშშ დოლარი, აქედან 2 მლნ აშშ დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.
სოსო ცინცაძის თქმით, 9 მილიონი ცოტაა, იმ თანხებთან შედარებით, რასაც ლობირებაზე სხვა ქვეყნები ხარჯავენ.
„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წინა ხელისუფლების დროს დახარჯულ თანხებს შედეგი ჰქონდა და საქართველოს მიმართ უფრო მეტი ინტერესი იყო, ახლა გამოდის, რომ ეს ფული წყალში იყრება. როგორც ვხედავთ, საქართველო ამერიკის რადარებიდან გაქრა. ეს კი ნიშნავს, რომ იმ ლობისტური კომპანიებისთვის ფული ტყუილად გადაგვიხდია“, –განაცხადა პოლიტოლოგმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ეკონომია, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ ჯობია, ეკონომიურები სახელმწიფო უწყებები საკუთარი თანამშრომლებისთვის პრემიების გამოწერისას იყვნენ.
„ისეთმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა და რომლის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, პრაქტიკულად, შესაძლებელია მხოლოდ უცხოელი მეგობრების, პოლიტიკური სპონსორების დახმარებით, რასაკვირველია, ამ კუთხით მეტიც უნდა დახარჯოს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ეფექტურად“,– განაცხადა სოსო ცინცაძემ.