რუსუდან შაიშმელაშვილი
„გზამ ირლანდიიდან თბილისამდე საკმაოდ დამქანცა. ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება ეს უსასრულო ფრენა და თბილისში, საკუთარ ბინაში როდის მივალ. ერთი თვითფრინავი, მეორე…და აი ჩემი, სანატრელი, ამდენის ხნის უნახავი, საყვარელი თბილისი. ხარბად შევყურებ ღამის ქალაქს, როგორ შეცვლილა, როგორ გალამაზებულა, როგორ დამშვენებულა“,-ეს ამონარიდი ეკუთვნის საოცარ ქალბატონს, პოეტ გიული ჩქარეულს, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია, საზღვარგარეთ ცხოვრობს. სულ ახლახანს იგი თბილისში დაბრუნდა და მის საყვარელ კუთხეში, ხევში, პოეზიის საღამო გამართა. ამ საღამოს ცნობილი ბევრი მწერალი, პოეტი, სასულიერო პირი და საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი ადამიანი დაესწრო. შეხვედრა გამორჩეული აღმოჩნდა იმითაც, რომ იგი სნოში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის მშობლიურ სახლში გაიმართა. ქალბატონ გიულის სწორედ ამ შეხვედრაზე გავესაუბრე.
—ქალბატონო გიული, ბედნიერი ვარ, თქვენთან შეხვედრით. ვიცი, რომ წლებია, საქართველოს გარეთ იმყოფებით. რა მოგცათ და როგორი იყო ემიგრანტული ცხოვრება?
— დიახ, უკვე 20 წელია, რაც წასული ვარ. როგორც იცით, ყველა ემიგრანტ ქართველს, ვინც საქართველოდან მიდის, თავისი წილი მიწა მიაქვს. მეც აქედან წასულმა, წავიღე მიწა, რომელიც უკვე კრისტალებად იქცა, მაგრამ მაინც სულ თან დამაქვს. მივდივარ-მიმაქვს, მოვდივარ-მომაქვს. ეს მიწა თითქოს ჩემი თილისმაა და მიცავს. მე ბედნიერება მერგო წილად, რომ ამ კუთხეში დავიბადე. აქ ყოველ ჩამოსვლაზე მგონია პირველად მოვდივარ. ახლა ვფიქრობ, ჩემი ირლანდიელი მეგობრები ჩამოვიყვანო და აქაურობა დავათვალიერებინო. იქ ძალიან დიდ პატივს სცემენ განათლებას. ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, ირლანდიელები ჩვენს კულტურასა და მენტალიტეტთან თითქოს ახლოს არიან.
—ქალბატონო გიული, ბავშობისდროინდელი მოგონებები გაგვანდეთ…
— მახსოვს, როცა წერა დავიწყე-ბავშვი ვიყავი. ჩემი ლექსები რაიონულ გაზეთ „დარიალში“ და “პიონერში“ ხშირად იბეჭდებოდა. მამაც წერდა ლექსებს, მაგრამ ისინი არასოდეს დაუბეჭდავს,- თავისთვის ინახავდა. დღემდე გვაქვს ოჯახში ორი სქელტანიანი წიგნი შენახული. მამა სტამბის დირექტორი იყო. როცა დაინახა, რომ ვწერდი, რედაქციის მაშინდელ რედაქტორს, შალვა არაბულს სთხოვა, გადაეხედა ჩემი ლექსებისთვის. გამოდის, რომ ის იყო ჩემი პირველი მასწავლებელი და დღეს თუ რაიმეს წარმოვადგენ,- ეს შალვა არაბულის დამსახურებაა. შემდეგ სკოლა დავამთავრე და იმავე წელს უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე. რამდენიმე თვეში კი გავთხოვდი, იმ პერიოდშიც უამრავ ლექსს ვწერდი. ორი რომანი კი,- უკვე დაწერილი და დასაბეჭდად გამზადებული მქონდა. იმ დროს სახლი დაგვეწვა და ყველაფერი გაგვინადგურდა. იძულებული გავხდი, ყველაფერი თავიდან დამეწყო.. ოჯახი რომ ფეხზე დამეყენებინა,- ამ მიზნით საქართველო დავტოვე და საზღვარგარეთ წავედი. 20 წელია უკვე ემიგრანტი ვარ და შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ირლანდიაში ვცხოვრობ. როდესაც ოჯახი ისევ ფეხზე დავაყენე მერე უკვე გამომიჩნდა დრო იმისათვის, რომ ჩემს შემოქმედებაზეც მეფიქრა.
—ალბათ ემიგრანტული ცხოვრებიდან გამომდინარე, თქვენს პირველი წიგნს,,ნოსტალგია“ დაარქვით..
— დიახ და ის 2010 წელს დაიბეჭდა, ამ წელს გამოვჩნდი ლიტერატურულ ასპარესზე…როცა განსაკუთრებულად მენატრებოდა ჩემი ბავშობა, ახლობლები და სამშობლო, მაშინ კალამს ვიღებდი და თვალცრემლიანი ვწერდი. მეორე წიგნი „ნატერფალი“ უკვე საქართველოში ჩამოსვლისას შემდეგ,- როცა მშობლიურ მიწაზე დავადგი ფეხი, მაშინ დაიწერა. იქ შესულია ასევე ნოველები და ჩანახატები. ამ წუთას კი მესამე კრებულის დასაბეჭდად გამზადებული, რომლის რედაქტორიც ყველასთვის საყვარელი პოეტი, ტარიელ ხარხერაული იქნება. ასევე ვმუშაობ ავტობიოგრაფიულ რომანზე. საქართველოში ჩამოსულმა, ჩემს ბინაში გავხსენი ლიტერატურული სალონი „ნოსტალგია“, სადაც პოეზიის საღამოები იმართება. როგორც ცნობილი საზოგადო მოღვაწეებისთვის ისე დამწყები, ახალგაზრდა პოეტებისთვის. აი ეხლაც, ცნობილი პოეტის, ერეკლე საღლიანის საღამოსთვის ვემზადებით.
—ჩემთვის ცნობილია, რომ იმ წლებში, როცა უცხოეთში ცხოვრობდით, —თქვენ ერთი უცნაური თიკუნი გიწოდეს…
— ნამდვილად ასეა.. წლების მანძილზე ჩემს სახელს არავინ მეძახდა, რადგან ასეთი ზედმეტსახელი მქონდა,,ქალი, რომელიც გამუდმებით ტირის“. იმდენად დიდი იყო ოთხი წლის სიმარტოვე, რომ 40 წლის ასაკში აქედან წავედი. ეს ძალიან ძნელია.. ჩემს გარშემო ერთი ქართველიც არ იყო.. ეს ალბათ ერთის მხრივ, კარგიც იყო, რადგან უცხო ენა ადვილად ვისწავლე და სამსახურიც მალე ვიშოვე.
—პოეტ გიული ჩქარეულს უცხოეთშიც იცნობენ…
— იცნობენ, რადგან ხშირად ვესწრები პოეზიის საღამოებს. რამდენჯერმე მეც მთხოვეს, რომ მათში მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ ენას გამართულად ვერ ვფლობ. მინდა, რომ ჩემი ლექსები ინგლისურად ვთარგმნო, თუმცა იმასაც მეუბნებიან, —ქართულად წაიკითხე, ძალიან მუსიკალური ენაააო, მაგრამ მაინც ვერ ვბედავ… ბოლო ორი წელია, უმეტესს დროს, საქართველოში ვატარებ. არ მინდა ლიტარატურულ ცხოვრებას მოვაკლდე. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ხევი არა მარტო საქართველოს მის ფარგლებს გარეთაც გავაცნო ყველას.
—და ბოლოს, ლექსის გარეშე ვერ დაგემშვიდობებით…
— სიამოვნებით გაგაცნობთ ლექსს, რომელიც ჩემი ცხოვრების ამსახველია..
„ნუთუ სიცოცხლე ერქვა სიცოცხლეს, ბურუსითა და ტკივილით სავსეს,
ხატთან ლოცვაში გადმოღვრილ ცრემლებს,სანთელს, უთქმელი სატკივრის დამცლელს.
მე ვერ ვიცხოვრებ უსამშოოობლოოდ, არც მიცხოვრია, არც ერთი წუთი,
ძარღვში ბობოქრობს ქართული სისხლი და ყოვლისშემქმნელს მადლობას უთვლის.
რომ გამაჩინე იმ ქვეყნის შვილად, ვისაც ფესვი აქვს ძირმაგარ მუხის,
თუმც ზამთრის სუსხმა მოუზროს კვირტი, გაზაფხულს მაინც მადლობას უხდის,
არც მიცოცხლია წლები რომლებიც,შემომეძარცვა უცხო მიწაზე,
მრავალი წლების მიუხედავად, არც მან მიმიღო, ვერც მე ვიწამე.
არ მიცხოვრია, ის წლები არა, ეს იყო გრძელი ღამის სიზმარი,
ვერ გავხვდი სხვისი შვილების დედა, ვერ გავხვდი სხვისი ქვეყნის ხიზანი.
ქართველი ვარ და ქართველად ვკვდები ეს არის ჩემთვის დიდი ღირსება,
ჩემს ქართველობას თუ ვუღალატე ქართული მიწა, ნურც მეღირსება.
—დიდი მადლობა გულწრფელი საუბრისთვის…