ლალი ნოზაძე
მესაქონლეობის დარგის განვითარება და მისი მომგებიან ბიზნესად ჩამოყალიბება მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. საქართველოს ბუნებრივი და ეკონომიკური პირობების ეფექტიანად გამოყენება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა უმნიშვნელოვანესია. პირუტყვის გამოკვება, საძოვრების სიმცირის პირობებში, ქართველი ფერმერებისთვის ჯერაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება. დღეს ამ მიმართულებით დანერგილი და ჩვენს მიერ დაანონსებული სიახლის შესახებ მოგითხრობთ, რომელსაც ჰიდროფონიკის მეთოდით მწვანე მასის წარმოება ჰქვია. ამ წამოწყების პიონერი საქართველოში ფერმერი — როლანდ მათიაშვილია, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით გავესაუბრეთ.
— ბატონო როლანდ, რამდენადაც ვიცი, კინო ხელოვნებიდან სოფელში ამოყავით თავი, როგორ მოხდა თქვენი დაინტერესება ბიომეურნეობით?
— ხასიათით რომანტიკოსი ვარ და ბავშობიდან მიყვარდა ბუნება. საათობით შემიძლია ტყეში და მინდორში ფოტოკამერით, ან საყვარელ ძაღლთან ერთად ხეტიალი. სოფლის მეურნეობაში საქმიანობა ჩემი ჰობი იყო, თუმცა არასდროს მომცემია საშუალება, რომ საკუთარი თავი ამ სფეროში გამომეცადა. 90-იან წლებში ვცადე მარნეულში მეურნეობის მოწყობა, მაგრამ ცნობილმა მოვლენებმა ხელი შემიშალა. სპეციალობით დოკუმენტური ფილმების რეჟისორ-ოპერატორი ვარ. ვმუშაობდი გენრი კავლელიშვილთან, სოსო ჩხეიძესა და ოთარ ტურაბელიძესთან ერთად. ბოლო ჩემი ნამუშევარია „დაბრუნების დასაწყისი“, რომელიც ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონ-მუხრან-ბატონების ბიოგრაფიას ეხება, გიორგი და დავით ბაგრატიონების დაბრუნებას საქართველოში. 2012 წლამდე მე-9 არხის საინფორმაციო სამსახურში ვიყავი. არხის დახურვის შემდეგ უმუშევარი დავრჩი და მაშინ უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე სოფელში წასვლა მეურნეობის მოსაწყობად. ვიყიდე სოფლად პატარა სახლი დიდი ეზოთი და დავიწყე ყოველ დღე, დილის 6 საათზე ადგომა და ძროხების მიხედვა. არც ერთი დღის ჩაგდება არ შეიძლება, მაგრამ თუ ეს საქმიანობა მოგწონს, სიძნელეებსაც გადალახავ. მანამდე საერთოდ არ შევსულვარ ბოსელში, ძროხა ახლოს ბავშობაში, ბებიაჩემთან თუ მენახა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ფერმერული მეურნეობის არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ როგორც გითხარით, ყველა სიძნელის გადალახვა შეიძლება, თუ საქმე გიყვარს.
—უშუალოდ ჰიდროფონიკის მეთოდზე რას გვეტყვით, მწვანე მასის წარმოების ამ ინოვაციის შესახებ საიდან გახდა თქვენთვის ცნობილი?
— ინტერნეტი ბევრ რამეში მეხმარება. საქმიანობის დაწყებამდე უკვე აურაცხელი ინფორმაცია მქონდა გადაკითხული და მომზადებული ვიყავი. უამრავი პრობლემაა ქართულ სოფელში. ამ პრობლემიდან უმთავრესი — წყლის უკმარისობა და დიდი საძოვრების არარსებობაა. ამის გამო, ძროხის პროდუქტიულობა მინიმალურია. მოსახლეობა ეკონომიურად ძალიან გაჭირვებულია, ტექნიკური სიახლეების შემოტანის საშუალება არ აქვთ და ინერციით მიჰყვებიან ცხოვრებას. წელს დიდი გვალვების გამო ქართლში ერთიანად გადახმა მინდვრები, რამაც ძროხების ნაადრევად გაშრობა გამოიწვია. მოგეხსენებათ, მწვანე ბალახის გარეშე ძროხის წველადობა კატასტროფულად ეცემა. ზუსტად ამ პრობლემის მოგვარების მიზნით გავეცანი ახალ ტექნოლოგიებს ინტერნეტში და გამოსავალიც ვიპოვე — ეს არის ჰიდროფონიკის მეთოდი.. ამ მეთოდის გამოყენებით ხდება მწვანე მასის ინტენსიური წარმოება შენობის შიგნით. გამოდის, რომ არც ზაფხულის გვალვა და არც ზამთრის ყინვები საშიში აღარ არის საქონლის გამოსაკვებად.
—ბატონო როლანდ, თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, როგორ ხდება მწვანე მასის წარმოება?
— აგიხსნით, მწვანე მასის წარმოება ჰიდროფონიკის საშუალებით როგორ ხდება. შენობის შიგნით ვაწყობთ თაროებს, თაროებზე ვათავსებთ პლასტმასის კონტეინერებს, რომელშიც ხორბლის ან ქერის მარცვალს ვყრით. შესაბამისი რეჟიმის დაცვით, ტემპერატურის და მორწყვის პირობებში 8 დღის შემდეგ მიიღება არაჩევეულებრივი ჯეჯილი, რომელიც მეტად გამოსადეგია საქონლის საკვებად. მთავარი ის არის, რომ ერთი კილოგრამი მარცვლიდან ვღებულობთ 7-9 კილოგრამ მწვანე მასას. ძროხას დღეში სჭირდება დაახლოებით — 20-24 კილოგრამი მწვანე მასა, რომელსაც 3,5 კილოგრამი მარცვლიდან ვიღებთ. შედეგი განსაცვიფრებელია. მწვანე მასის მიღებით წველადობა საგრძნობლად იზრდება და ძროხის დროზე ადრე გაშრობაც აღარ ხდება.
—რამდენად შრომატევადია პროცესი და ძირითადი სირთულე რაში მდგომარეობს?
— საზღვარგარეთ მწვანე მასის საწარმოებლად არსებობს ოთახის მოსაწყობი ავტომატიზებული სისტემები, რომელიც თვითონ აწესრიგებს ტემპერატურას და სინოტივეს. არსებობს ასევე ვაგონი-კონტეინერები, რომელსაც მხოლოდ დენს და წყალს მივაერთებთ და პროცესი ავტომატურად ხორციელდება. ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ქართველი მეურნე მის შეძენას ვერ შეძლებს. გამოსავალი სისტემის კუსტარულად მოწყობაშია: შენობაში ვაწყობთ თაროებს და ჩვენ თვითონ ვიცავთ ტემპერატურას გამათბობლის საშუალებით. მიუხედავად საქმის პრიმიტიულობისა, თვითღირებულება ჩვეულებრივი ადამიანისთვის მაინც დიდია. დაახლოებით 4-5 ათასი ლარი ჯდება არაავტომატური სისტემის აწყობა, ისიც თუ, შენობა უკვე გაქვს. თავისუფლი თანხა ბევრს არ აქვს, ბანკებთან ურთიერთობას მაღლი პროცენტის გამო კი — მტერსაც არ ვურჩევ. მე თვითონაც უსახსრობის გამო ბოლომდე ვერ მივიყვანე საქმე.
—ამ ინოვაციით თუ დაიტერესდა სოფლის მოსახლეობა და მიმდევრები თუ გამოგიჩნდნენ?
— მთელი სოფელი ელოდება იმას, რა გამომივა. უმეტესობა კი, სკეპტიკურად უყურებს ამ საქმეს, მაგრამ ეჭვის შეტანა მწვანე მასის წარმოებაში არ შეიძლება. ეს არის,,ოქროს გასაღები“ ქართველი მეურნისთვის.
—ბატონო როლანდ, სამომავლოდ რას აპირებთ, გაქვთ თუ არა დაგეგმილი სხვა სიახლე თქვენს მეურნეობაში?
— პერპექტივაში ვგეგმავ სამი მეთოდის გართიანებას, ანუ სამი „ოქროს გასაღების“ გამოყენებას. ესენია: ჰიდროფონიკა, ბიოგაზი და ჩინური სათბური. ამ სამი საქმის ერთმანეთში შერწყმით მივიღებთ არაჩვეულებრივად იაფ მწვანე მასას, რაც უხვი რძის, კარაქისა და ყველის წარმოების გარანტია იქნება.