თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ორ პარტიაში — 6:1, 6:2 მოუგო რუს ივან გახოვს და ყაზახეთში გამართული ITF Futures სერიის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
პირველ სეტში მეტრეველმა ბურთების 82% მოიგო პირველი ჩაწოდებიდან და ხუთიდან სამი ბრეიკ პოინტის რეალიზება მოახერხა, მაშინ როდესაც გახოვმა მოწინააღმდეგის მხოლოდ ერთი ჩაწოდების აღება შესძლო.
მეორე პარტია პირველისაგან დიდად არ განსხვავდებოდა. აშკარა უპირატესობისა და სიტუაციის სრული კონტროლის ფონზე, მეტრეველმა ორჯერ აიღო რუსეთის წარმომადგენლის აწოდება და მატჩი ლოგიკურ ფინალამდე მიიყვანა.
ალექსანდრე მეტრეველი იქვე შიმკენტში წყვილთა თანრიგშიც გახდა გამარჯვებული. ივან გახოვთან ერთად ფინალში, ორ სეტში —7:7 და 6:3 მეორე ინტერნაციონალურ დუეტს მოუგო მარკოს კალოველონისის (ბულგარეთი) და ალექსანდრე ლაზოვის (რუსეთი) შემადგენლობით.
წყვილთა თანრიგი ყაზახეთში ქართველმა გოგონებმაც მოიგეს. ეკატერინე გორგოძემ და სოფიო ქვაცაბიამ სამ პარტიაში — 7:5, 3:6, 10:6, ყზბეკ ჩოგბურთელებს ალბინა ხაბიბულინასა და პოლინა მერენკოვს მოუგეს.