ირმა ლეჟავა
თბილისში გაიზარდა, მაგრამ ამბობს, ბოლო ხანს საუბარში ისეთ „ფშაურებს“ ჩავურთავ ხოლმე, რომ აშკარაა, არქაული ფშაური დიალექტის ნოსტალგია მომეძალაო. — ასაკოვანი ქალბატონი ლატავრა თეთრაული ჯერაც საკმაოდ მხნედ გამოიყურება და სიამაყით იხსენებს ვაჟა-ფშაველას მამის ნათლულს, ვაჟას დობილ ფშაველ მოლექსე ბებოსა და თავის საამაყო წინაპრებს:
— ბებოჩემი ქალიკელ გორზამაული ჩარგლელი ქალი იყო, თიანეთის რაიონის სოფელ არტანში გამოთხოვილი, გიორგი თეთრაულის დიაცი ანუ მეუღლე. ქალიკელი 1860 წელს დაიბადა. ყმაწვილქალობაში ლამაზი და ლაღი ყოფილა, ძმიანი, თმიანი და მთხოვნელ მრავალი, რაც ფშავლის ქალს მეტად აამაყებს. ცამეტ მთხოვარი მყვანდა ქალობაშიო, —სიამაყით ჰყვებოდა უკვე მოხუცებული, — თავ მამწონდაო. ან კი რად არ მაეწონებოდა?— რვა ნაჭაპნთ (ნაწნავებს) ვატარებდი, თმის ძირებ დაწყლულებულიღა მქონდის, ჩემთ თმათ ზიდვა მიჭირდის, ბოლონი ჭვივთა მცემდიანო. ბავშვობაში სუსტი ყოფილა ბებო. ვაჟა-ფშაველას მამა — პავლე მღვდელი - იღბლიან კაცად მიიჩნეოდა, თან ახლო მეზობლობა და ნათელმირონიც აკავშირებდათ და ქალიკელი „თავისად დაუსახელებია“ — მოუნათლავს. ვაჟასთან ძალიან მეგობრობდა. თავისი ღვიძლი ძმის სულთან ერთად იფიცებდა ვაჟაის თავს. შემდეგშიც, როცა გათხოვდა, ვაჟა მისი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო თურმე. ჰოდა, როცა ქალიკელს ხუთი ქალიშვილის შემდეგ ნანატრი ვაჟი — მამაჩემი შესძენია, ვაჟა დაურქმევია, ნათლობისას კი ივანე უწოდებიათ, მაგრამ ყველა მაინც ვაჟას ეძახდა. ამაზე დიდი სიამაყე რა უნდა ყოფილიყო ჩვენი ოჯახისთვის, შვილო, მამაჩემი საუკუნის წინ, 1910 წელს დაბადებულა და ბებოსგან ვიცი, ახალშობილთან „პირის სანახავად“ მისულ ვაჟა-ფშაველას საჩუქრად ლეკებთან საგანგებოდ მისთვის დამზადებული პატარა და ძალიან ლამაზი, სპილოს ძვლითა და ზარნიშით მოსევადებული ქართული ხანჯალი მიუტანია — აკვანში თავქვეშ ამოუდია ახალშობილისთვის — ასეთი წესი იყო ფშავში. ეს ხანჯალი ამჟამად, როგორც უძვირფასესი რელიკვია, ჩემს ოჯახში ინახება, რადგან უფროსი ქალიშვილი ვარ. მე კი, ოჯახის ტრადიციისამებრ, ხანჯალი და ქალიკელის დაქსელილი ქსოვილით შეკერილი მამას ფშაური ჩოხაც გადავეცი ჩემი უფროსი ვაჟის უფროს შვილს, სანდრო ყოლბაიას. სანდრო თავის უფროს შვილს გადაულოცავს და ასე გაგრძელდება მომავალში.
- ბებო ქალიკელი კარგად გახსოვთ?
- როგორ არ მახსოვს. მეცხრე კლასში ვიყავი, რომ გარდაიცვალა. ქალმა, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდა და ჯვარსა სვამდა ხელმოწერის ნიშნად, თავის საყოლს — შთამომავლობას დაუვიწყარი და ძვირფასი მემკვიდრეობა დაუტოვა თავისი პოეტური შემოქმედების სახით. კალმად საკუთარი ენა ჰქონდა და ქაღალდად ნათელი გონება. თიანური ზამთრის დღეებში კერაზე საჩეჩელთან, ანდა ტარ-ფარტენასთან მუხლმორთხმული ღრმად ხანდაზმული ბებო გონებაში თხზავდა სტრიქონებს და ზაფხულში მასთან სტუმრად ჩასულ მის „ნუკრებს“ — შვილიშვილებს — კარნახით გვაწერინებდა. სამწუხაროდ, მისი სიყმაწვილის დროინდელი და ყველაზე ლამაზი ლექსების ნაწილი აღარ შემოგვრჩა ორიოდე გამონაკლისის გარდა. ქალიკელი იტყოდა ხოლმე, ხუთი ქალი მყავ და ერთა შვილიო, — მთაში შვილად მხოლოდ ვაჟი მიაჩნდათ, რადგან ფუძეს ის უნდა დარჩენოდა. ამიტომაც შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი თემა მუდმივად სამხედრო სამსახურში მყოფი მისი „სილაღე“ (ასე ეძახდა მამაჩემს) იყო. ღრმად მოხუცებულმა, 91 წლისამ, შვილზე დარდისაგან გულით დაავადებულმა, მომაკვდავმა, მაგრამ ჯერ კიდევ გონებანათელმა დატოვა თავისი უკანასკნელი სიტყვა, 24-სტროფიანი „სიზმარი-ანდერძი“. ენა აღარ ემორჩილებოდა და ჩემი ერთ-ერთი მამიდა მომაკვდავის ტუჩებზე ყურდადებული ისმენდა მის ამონალუღლუღებს და ასეთი წვალებით გადაჰქონდათ ქაღალდზე:
„…თეთრი ჩიქილით მიუვალ, ტყეში რო ხთიშობელია,
მიდღეგრძელებენ შვილებსა,სადაც თავ-ხევისბერია;
მე კი შანდობა მითხროდით, არავისი ვარ მტერია,
ასი წლისა ვარ ბებერი, ე, მა სიტყვების მთქმელია…
ჩემ საყოლთ სადღეგრძელოთა ხსენება იყოს ჩემია…
არ მინდა სუდარ-სამარხი, შვილის მეღირსოს ხელია.
სუყველა კარგად იყვენით, ბევრ სიტყვა საცინელია,
ჩემ დროთა მოიყარენით, გქონდესთ ადამის დღენია!“
ბებო ქალიკელი მე „ოქროს კოლოფს“ მეძახდა, ჩემს დას — „ვარდის კონას“. მინდა იცოდეთ, რომ თედო რაზიკაშვილმა ქალიკელ გორზამაულისაგან ჩაიწერა განთქმული მოლექსე ქალის, ხვარამზეს ლექსები. იგი აღნიშნავს, რომ ხვარამზე თედოსა და ვაჟას დედის, გულქან ფხიკლეშვილისა და თვით ქალიკელ გორზამაულის ტოლი და ამხანაგი იყოო.
- თქვენს ოჯახს ვაჟა- ფშაველაზე ბევრი მოგონება შემორჩა..
- დიახ ასეა, ჩვენს ოჯახს ვაჟაზე მართლაც ბევრი მოგონება შემორჩა. დარო და ევდო მამიდების მონათხრობსაც ხშირად ვიწერდი. დარო მამიდა ჰყვებოდა: „სუ მუდამ დადიოდნენ ვაჟაი და ბაჩანაი ჩვენსა, არტანში. ერთხელ მოიდნენ ორნივა. დაუკალით ქათამი. მე მოვხარშე, ცამეტი წლისა ვიქნებოდი. თურმე, კუჭი გასაჭრელ ჩამიგდავ და ამ ვაჟას ამაუჩნდა ე კუჭი. — მოდი აქა, ბიძაის ქალოო, — დამიძახა, — ბიძამ რა გითხრასო. — ამაიღო ი კუჭი და მითხრა: ჩემთან კი არა გიშავ რა, შვილო, და სხვებთან კი არ მოგიხდეს, გაფრთხილდი, ქალობაში არ შაირცხვინო თავიო“. ევდო მამიდას მონათხრობიც მახსოვს: „დედას, ქალიკელს ისე ახარებდნენ, დაიძახებდნენ თუ არა, იცნობდა იმათ ხმასა. მაშიავ დატრიალდებოდა. ბაბოჩემისა (მამის, გიორგის დედის) ალალ მამიდაშვილ იყო ი ღვდელი, ვაჟაის მამა- პავლე. სისხლით ნათესავები ვართ. დედისა კი ნათლია იყო, ვაჟაი კი — ნაძმობ. დედაჩემი ქალიკელი იმათ გათხოილ იყო. ჩემ პირგაურევლად არ გაათხოოთო, — ნათქომი ჰქონდა პავლესა. არტნის ხეობაში ყველაზე მდიდარ კაცი იყო მამაჩვენიო (იმდროინდელი სიმდიდრე ცხვარ-ძროხის რაოდენობით იზომებოდა და პავლე მღვდელმაც მდიდარ კაცზე, თავის დედიძმისშვილ გიორგი თეთრაულზე გაათხოვა ქალიკელი)“. დარო მამიდას მოგონებებიდან კიდვ ეს მახსოვს: „ხუთი წლისა ვიქნებოდი, ჩაუჯექ კალთაში ვაჟასა და ვკითხე: რა უყავ თვალი-მეთქი?— ჯიბეში მიზისო, — მითხრა. ხელ ჩაუყავ და კამფეტებ დავხელე. მემრე დედას შავეკითხე და მითხრა, — ბედნიერმა (ციმბირის წყლულს გულისხმობდა) გამოსთხარაო… ერთხელ კიდევ, ვაჟაის სახლის თავზე რომ გზა-ბილიკ გადის, იქ ცხვარ მიუდის ერთ მწყემსსა: სცემსა და აგინებს. ამოიდა, თურმე, ვაჟაი და, — როგორ თუ ამ უენპირო საქონელს აგინებო! — ტყიპა ის მწყემსი. დაითრია ერთ ჭედილა და შაათრია შინა — აი, შენ ეგრე გინდა დაჯარიმებაო… ასეთი კიდევ რამდენი ამბავი ვიცი“.
- ქალიკელის შემდეგ გვარში მოლექსე არავინ გყოლიათ?
- მამაჩემი. თელავის ლეგიონში მსახურობდა და დედა იქ გაუცნია, კვირაობით თავშეყრის ადგილას, „ტანც-პლაშადკაზე“. დედა მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი ქალი იყო, ძალიან ლამაზი და მამას შეჰყვარებია. ლექსებსაც სწორედ, მას უძღვნიდა ხოლმე, მერე კი მოიტაცა თურმე, დედა. ახალგაზრდობაში, შეყვარებული რომ ვიყავი და მელექსებოდა, მეც ვწერდი. ჩემი შუათანა ვაჟი, ზურაბი და მისი მეუღლე მაია მიქაია კი მწერალთა კავშირის წევრები არიან. ვახუშტი კოტეტიშვილთან მეგობრობდნენ ძალიან. მათი ქალიშვილი ელენეც წერს მოთხრობებს. რატის ვაჟი ერეკლეც კარგად წერს პროზაულ ნაწარმოებებს. მე თვითონ ფილოლოგი ვარ. სტუდენტობისას მსახიობობამ გამიტაცა და უნივერსიტეტის თეატრში ბევრი მთავარი როლი შევასრულე. ჩემი მეუღლე, ფსიქოლოგი, თვალსაჩინო მეცნიერი მამია ყოლბაია 10 მონოგრაფიის ავტორია. სხვათა შორის, მისი წიგნების სტილისტ-კორექტორიც ვიყავი.
- ერთ-ერთ შვილიშვილს მაინც სახელად ვაჟა რატომ არ დაარქვით?
- გეტყვით: ოჯახში დააწესეს, რომ ქალიკელის შთამომავალი ვაჟისთვის აუცილებლად ვაჟა უნდა დაერქმიათ. მამაჩემი, ვაჟა თეთრაული, სამხედრო იყო. 32 წლისა უკვე პოლკოვნიკი გახლდათ. ძირითადად, რუსეთში ვცხოვრობდით — ცამეტი ქალაქი მოვიარეთ, ერთხანს ციმბირშიც კი ვიყავით. საქართველოში რომ გადმოიყვანეს და ვაზიანის სამხედრო ნაწილი ჩააბარეს, სკოლაშიც მაშინ შემიყვანეს, 8 წლისა. ჩვენ თბილისში დავფუძნდით, მამა კი დიდი სამამულო ომში, ფრონტზე წავიდა. 62-ე გვარდიის შტაბის უფროსი იყო და დაახლოებით 52 წლისა დნეპრის ფორსირებისას დაიღუპა. მამას ორი ქალიშვილი ვყავდით და ფრონტზე რომ წავიდა, დედა მესამე შვილზე დატოვა ფეხმძიმედ. დაიბადა ბიჭი, ჩემი უმცროსი ძმა და მასაც ვაჟა დაარქვეს. ვაჟა წლი-ნახევრის იყო, დიზინტერიით რომ გარდაიცვალა. მე რომ გავთხოვდი და პირველი ბიჭი გამიჩნდა, ვაჟას დარქმევა მინდოდა, მაგრამ მამიდებმა საგანგებოდ დამიბარეს და კატეგორიულად გამაფრთხილეს: არც ერთი ვაჟა არ შეგვრჩა, ყველა ახალგაზრდა დაგვეღუპა და შვილს სხვა სახელი დაარქვიო. შემეშინდა და სამივე ბიჭს სხვა სახელები დავარქვი.
— დიდი მადლობა საინტერესო მოგონებებისთვის.