არ გაბრაზდეთ არტისტებზე, ისინი ბავშვებივით არიან

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხშირად ჰგონიათ, რომ რეპეტიცია გამეორებაა, თუმანიშვილის მაგალითზე ეს ასე არ არის. ის ყოველ დღე იმპროვიზირებდა და ალბათ სწორედ ამიტომ იყო მისი რეპეტიციები სანახაობრივი, სახალისო, მოულოდნელი, გამჭვირვალე და ამავე დროს, თუ ჩაუკვირდებოდით, ძალიან რთული...

 თეატრმცოდნე მანანა ტურიაშვილი

  ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  2012 წელს გამოსცა წიგნი: მიხეილ თუმანიშვილის რეპეტიცია "ზაფხულის ღამის სიზმარი" (პირველი ნაწილი), სადაც შექსპირის პიესაზე მუშაობის პროცესია ასახული. მეორე ნაწილი, საქართველოს კლტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ვერ დააფინანსა.

 რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის სარეპეტიციო პროცესის მსვლელობა უცხო თვალისთვის ყოველთვის მიუწვდომელი იყო. ბატონი მიშას რეპეტიცებზე დასწრება მხოლოდ მის აღზრდილებსა და სტუდენტებს შეეძლოთ. საქართველოს თეატრალურ წრეებში მიხეილ თუმანიშვილის "ხალხი" გარკვეულ კასტას წარმოადგენდა, რომელიც "ინახავდა" საიდუმლოს, სცენიური კანონების საიდუმლოს. თუ გაგიღიმებდათ ბედი და მოახერხებდით ამ წრეში შეღწევას, ხომ კარგი, თუ არადა, მთელი ცხოვრება უნდა გეფიქრა: "ნეტა რა ხდება თუმანიშვილის რეპეტიციაზე, ასეთი უჩვეულო, რაც მე არ ვიცი?"

 1989 წლის გაზაფხულზე ბატონი მიშა რეჟისურის გაკვეთილებს უტარებდა ბალტიისპირეთიდან ჩამოსულ სტუდენტებს. ეს ამბავი თეატრალური საზოგადოების შენობაში ხდებოდა. სტუდენტებთან რამდენიმე საათის მუშაობის შემდეგ ბატონი მიშა მათ შეკითხვებზე პასუხობდა. 

 მე ყოველთვის მაინტერესებდა კინომსახიობთა თეატრის შემოქმედებითი ცხოვრება და ბატონი მიშას თითქმის ყველა სპექტაკლს ვესწრებოდი. ბედმა გამიღიმა და სწორედ იმ დღეს, როდესაც გენიალური რეჟისორი სტუდენტებს სცენიურ კანონებზე ესაუბრებოდა, მოულოდნელად მომიბრუნდა და მითხრა: "რეჟისორის თანაშემწე იწერს ჩემს რეპეტიციებს, ამ ბოლო დროს სადღაც დაიკარგა"… უმალ ვუპასუხე: "თუ შეიძლება, მე ჩავწერ". ბატონმა მიშამ განაგრძო: "ჩემი დიქტოფონი აქვს და თუ შეძლებთ გამოართვით"… მეორე დღეს რეჟისორის თანაშემწესთან შინ მივედი და ბატონი მიშას დავალება შევასრულე. ეს იყო 1989 წელი. მას შემდეგ დაიწყო კასეტების შეგროვების მარათონი. მე ყოველ დღე ვიწერდი რეპეტიციებს და ფირებს თაროზე ვალაგებდი. ზაფხულობით დროს ვიხელთებდი და ვშიფრავდი, ანუ რეპეტიციების ტექსტურ ვერსიას ვაკეთებდი. 

 ორ წელიწადში ჩემი სამუშაო სერიოზულ გატაცებას დაემსგავსა. მე არ მინდოდა გამომრჩენოდა ბატონი მიშას არც ერთი სიტყვა, აზრი, სუნთქვაც კი. ჩემს გატაცებას სერიოზულად უყურებდა თავად ბატონი მიშა და მისი სტუდენტები, დღესდღეობით  უკვე ცნობილი რეჟისორები — დათო საყვარელიძე და დათო დოიაშვილი. თითქმის ყველა რეპეტიციაზე ჩვენ სამნი ერთად ვიყავით. მე ვწერდი, ისინი გამუდმებით თვალყურს ადევნებდნენ. ჩვენ ვაკვირდებოდით ქართული რეჟისურის დიდოსტატს და მისგან ბევრს ვსაწვლობდით. ერთხელ დარბაზში ბატომა მიშამ ჩაგვიარა და სტუდენტებს უთხრა:"უნდა ისწავლოთ თეატრი! იმიტომ, რომ მსახიობებთან გექნებათ ურთიერთობა, მათ ძალიან მძიმე ხასიათი აქვთ, მაგრამ თქვენ კი არ უნდა გააგიჟოთ მსახიობები, პირიქით, თქვენს საჭიროებში უნდა დაარწმუნოთ. დაიმახოვრეთ, არ გაბრაზდეთ არტისტებზე. ისინი ბავშვებივით არიან"…

 ბატონი მიშა ყოველ დღე არწმუნებდა მსახიობებს "თავის საჭიროებაში". ეს პროცესი ათასი სახით გამოიხატებოდა: პიესის ანალიზში, თხრობის დროს მსახიობური ნიჭის გამოვლენაში, ზუსტ შენიშვნებში და ა.შ. და ა.შ. ამ პროცესს დასასრული არ ჰქონდა. მსახიობებისთვის და ჩემთვისაც ეს იყო იმპროვიზაციული გაკვეთილები. 

 ხშირად ჰგონიათ, რომ რეპეტიცია გამეორებაა, თუმანიშვილის მაგალითზე ეს ასე არ არის. ის ყოველ დღე იმპროვიზირებდა და ალბათ სწორედ ამიტომ იყო მისი რეპეტიციები სანახაობრივი, სახალისო, მოულოდნელი, გამჭვირვალე და ამავე დროს, თუ ჩაუკვირდებოდით, ძალიან რთული… 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0