მერაბ ხაჩიძე
ბევრ მანკიერებასთან ერთად, ჩვენში კარგა ხანია ერთი მავნე ჩვევაა დამკვიდრებული. პოლიტიკური მოტივებითა და შორს გამიზნული მოსაზრებების მომიზეზებით მავანთაგან ისეთ დარიგებებსა და დირექტივებს ვისმენთ ხოლმე, რომ ნორმალურ ქვეყანაში თქმას გაგიბედავდნენ კი არა… ერთი სიტყვით, ჩვენი დასავლეთიდან მუქარით თითის დამქნევებისა და უკეთეს შემთხვევაში, ჭკუის დამრიგებლების ჯერი არ იკლებს. ახლაც ყველასთვის ცნობილ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას ეხება, საქართველო ქარ-ცეცხლში გაატარეს. ის კი არადა, იმასაც ამბობენ, წულუკიანს რომ დროზე არ ჩაესწრო, პირდაპირ ითხოვდნენ უგულავა-მერაბიშვილის ციხიდან გამოშვებასო(?!).
ამან ევროკავშირის რეგიონთა კომიტეტის თავმჯდომარის, რამონ ლუის ვალკანსელ სისოს ერთი, არც თუ ისე ძველი განცხადება გამახსენა: „…გვსურს გამოვხატოთ ჩვენი წუხილი 2013 წლის 18 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად თბილისის არჩეული მერის, ბატონ გიგი უგულავას გადაყენებასთან დაკავშირებით…“ ახლა, ან ამ კაცს, ან მთელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სად ვდიოთ, რომელმაც დაგვამუნათა და უგულავას თუ მერაბიშვილის ბედ-იღბლით შეშფოთებული მისი ბევრი წინამორბედივით, როგორც ჩამოვიდა, ისევე წავიდა. ანდა, ჩამოსვლით არ შეგვაწუხა და პირდაპირ მაღალი ტრიბუნიდან დაგვიქნია თითი. ასე იყო, ასეა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მომავალშიც ბევრი, ასეთი შეშფოთებულ-შეწუხებული წავა-წამოვა ისე, რომ სიტყვას გზაშიც ვერ დავაწევთ… თემა ნაცნობი და გაცვეთილია; ყოველ შემთხვევაში იმდენად მაინც, რომ ამ ფაქტების ყურიდან ყურში გატარებით იქნებ არც არაფერი შეცვლილიყო, მაგრამ შეურაცხყოფილი ქართველი საზოგადოების მოსარჩლე რომ არავინ არის, ამას რა ვუყოთ?!…
ისე, გავბედავ და, ცნობისმოყვარეობის გამო ვიკითხავ: აგვიხსენით, ეს კაცი (რამონ ლუის ვალკანსელ სისო) მაშინ და დღეს ევროპის სახალხო პარტიის რომელიმე რიგითი წევრი, ან თვით საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოში მეფისნაცვლის ფუნქციასაც ითავსებდა და ითავსებს? ქვეყნის ხელისუფლებამ ცოტა უხერხულობა მაინც ხომ უნდა იგრძნოს, როცა რომელიმე ევროპელი მაღალჩინოსანი, ათეულობით მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვისთვის პასუხისგებაში მიცემული ქალაქის მერის, დამნაშავე პრეზიდენტისა, თუ შინაგან საქმეთა მინისტრის ქმედების გამო, ქართული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რომ აპროტესტებს? როგორ და რომელ ზეწოლებზეც არ უნდა იყვირონ „ნაცებმა“ და მათმა „პარტნიორებმა“, მე პირადად, ყველა ჩემი წინაპარი რომ გააცოცხლო, ისინიც ვერ დამაჯერებენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოძალადე და ტერორისტია, მაგრამ სწორედ ეს ხელისუფლება იმდენად მაინც ხომ უნდა შეწუხდეს, რომ ამდენ სულელურ ბრალდებაზე პროტესტის პატარა გრძნობა მაინც გაუჩნდეს?!
ორიდან ერთია: „ევროპელი დემოკრატები“ ან სასამართლოზე ზეწოლისაკენ მოგიწოდებენ, ან პირიქით, იქით გთვლიან სასამართლოს გადაწყვეტილების თანაავტორად.
არჩეულ მერზე ცალკე ვიტყვი: უგულავა როგორი არჩეულიცაა, ეს თბილისელებზე უკეთ ვინ იცის, მაგრამ თუნდაც ყველაზე ობიექტური არჩევნებით მოსულიც იყოს, ხალხის ქონების გამფლანგველი მერის დასჯა ვითომ რატომ არ შეიძლება, იმიტომ რომ დოკუმენტებში „არჩეული“ უწერია? ანუ, ბაზარში ნაყიდი კიტრი მწარე რომ გამოდგეს, რადგან ჩემი არჩეულია, ბოლომდე უნდა ვჭამო? არჩეულო ხელისუფლებავ, ამომრჩევლის სახელით გაცხადებულ ამ დემაგოგიურ ბრალდებებს მე და ჩემნაირები უნდა ვპასუხობდეთ თუ თქვენ? თუმცა, რატომ მარტო ხელისუფლება? – მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრიც. ასეთ დროს დუმილი ნაცმოძრაობის დამნაშავე ჩინოვნიკებისადმი სოლიდარობის ტოლფასი ხომ არ არის, მაშინ, როცა დუმილის შედეგიც სახეზეა?!
არ დამიწყოთ ახლა, ევროპულ დემოკრატიას იწუნებ, ან მისი ფასი არ იციო. მეც და სხვამაც კარგად რომ ვიცით, ამიტომ ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან კიდევ ერთი შეკითხვა გვაქვს და მეტად აღარ შეგაწუხებთ: როგორ თვლით და მიგაჩნიათ, გამუდმებით ჩვენთვის ფსევდოევროპული დემოკრატიის სახელით თითის ქნევის ფონზე, გვქვია კი სუვერენული სახელმწიფო, ან საერთოდ სახელმწიფო?…