ქველმოქმედება, რომელმაც პარიზში დრო გააჩერა

პარიზი, ხარების სახელობის ეკლესია
პარიზი, ხარების სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე ამაღელვებელი კორსიკელებისა და ქართველების მიერ ერთობლივად შესრულებული „წმინდაო ღმერთოს“ მოსმენა გახლდათ...

  ნინო ცხოიძე                                                  პარიზი. ოქტომბერი, 2015

  პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ტროკადეროს მოედანთან ახლოს, ხარების სახელობის ეკლესიაში უჩვეულო სანახაობა გაიმართა. აგვისტოს ომის დროს დაობლებული გორელი ბავშვების დასახმარებლად, გორის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლისა და კორსიკული ანსამბლ „მერიდიანუს“ შემოქმედება  მრავალხმიანობის, ერთიანობისა და სოლიდარობის ნამდვილ ზეიმად იქცა.

 მართალია, საკმაოდ მოზრდილი დარბაზი სრულად ვერ შეივსო, რამაც ორგანიზატორთა გულისწყრომა გამოიწვია, მაგრამ მაყურებებლის ოვაციები და მხურვალე ტაში იმის დასტური იყო, რომ სცენასა და დარბაზს შორის მაგიური კავშირი შედგა. მით უმეტეს, რომ ფრანგების გარდა, დარბაზში კორსიკული წარმოშობის მაყურებლებიც ისხდნენ.  აქვე იყვნენ საქართველოს ძველი, ისტორიული ემიგრაციის,  მათ შორის, საფრანგეთში დაბადებული ბატონი გურამ წულაძე და თანამედროვე ემიგრაციის წარმომადგენლებიც. მაყურებელთა შორის აღმოჩნდა ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი და ემოციური ფილმის „ფესვების“ მონაწილე, ფრანგი მსახიობი, ქალბატონი ლორანს რაგონი, რომელიც   დოდო აბაშიძეს უწევდა პარტნიორობას. მისმა მეხსიერებამ აღგვაფრთოვანა. მან რამდენიმე ქართული სიტყვაც გვითხრა და ლექსიც წაგვიკითხა — „მე პატარა ქართველი ვარ“, რომელიც ფილმიდან ახსოვდა…

 ამდენად, ქართული სიმღერით გულაჩუყებული ჩვენი თანამემამულეები ცრემლებს ვერ მალავდნენ და კორსიკელების არაჩვეულებრივ გალობასაც მშობლიურივით ეხმიანებოდნენ. ყველაზე ამაღელვებელი კი კორსიკელებისა და ქართველების მიერ ერთობლივად შესრულებული „წმინდაო ღმერთოს“ მოსმენა გახლდათ. ძალზე შთამბეჭდავი იყო ახალი ინტერპრეტეციით შესრულებული „მრავალჟამიერიც“…

 ეკლესიის პატარა სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ქართველები და კორსიკელები. მერე ორივე ერისთვის ძვირფას მელოდიებს ერთად ასრულებდნენ…. ერთობის დემონსტრირება ხან საკრავებით იმართებოდა და საღამო ისე სასიამოვნოდ გაგრძელდა, რომ მაყურებელს დარბაზის დატოვების სურვილი დაეკარგა. 

 რამდენიმე კულმინაციური მომენტისა და დაუსრულებელი შეძახილების, ოვაციებისა და მქუხარე ტაშის შემდეგ მომღერლები კვლავ განაგრძნობდნენ მღერას და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ევროპის გულში, სიყვარულითა და ამავე დროს, პუნქტუალურობით გამორჩეულ ქალაქში, დრო გაჩერდა!..

 გორელი მომღერლები: არსენ აზალაძე, გიორგი მოციქულაშვილი, მიხეილ წითელაშვილი, ტყუპი ძმები ლევან და ლაშა აბუაშვილები, კორსიკელები: ჟან ანტუან ორტიკონი, მათიუ გრაზიანი, ლორან დეპაპი და ჟერემი ლუაიე ერთმანეთზე ხელგადაჯაჭვულნი მაყურებლებს მადლობის ნიშნად თავს უკრავდნენ.

 ყველაფერ ამას კი წინ უძღოდა  ფრანგული საპროდუსერო კომპანია „ენ სი პროდაქსიონის“ ორგანიზებული კონცერტები გორში ამ ორი ანსამბლის მონაწილეობით. სწორედ მაშინ, 2014 წელს, დამეგობრდნენ ქართველი და კორსიკელი მომღერლები და თანამშრომლობა მემორანდუმითაც გაფორმდა. ამჯერად კი — კონცერტამდე კომპანიის მესვეურებმა ისინი საფრანგეთის ჩრდილოეთით, ერთ მყუდრო დაბაში, დაქირავებულ დიდ სახლში მოათავსეს, რომ რეპეტიციების გარდა, ყურადღება სხვა არაფერზე გადაეტანათ.

 თავად კომპანია, რომელსაც ცოლ-ქმარი მარი-ანიკ და სერჟ პულენები ხელმძღვანელობენ (ოჯახური ორგანიზაციაა, მათი ქალიშვილიც აქ მუშაობს), დიდი ხანია მსოფლიო მუსიკის თავისებურებებითაა დაინტერესებული და საქართველოსთანაც მჭირდო ურთიერთობა აკავშირებს. ამაში მათ ჩვენი თანამემამულე, ფრანგული ენის სპეციალისტი, მაია მჭედლიშვილიც ეხმარება. ქალბატონ მაიას დიდი ხანია ვიცნობ და ჩემი ამ კონცერტზე დასწრებაც სწორედ მაიას შეტყობინებამ განაპირობა, თუმცა ამ დღეს თბილისში დაბრუნებას ვგეგმავდი. როგორც მსენელმა,  მაყურებელმა და ჟურნალისტმა ამ კონცერტით დიდი სიამოვნება მივიღე. კონცერტს  სხვა ჟურნალისტი არ დასწრებია და  ამ ექსკლუზივს სწორედ მაია მჭედლიშვილს ვუმადლი. ამასთან, სინანულის გრძნობაც გამიჩნდა იმის გამო, რომ ეს  კონცერტი უფრო ფართოდ ვერ გაშუქდა.

 „ჩვენი კომპანია უკვე 30 წელია, კორპორატიული საღამოებისა და სხვა სახის კონცერტების ჩატარებას უზრუნველყოფს. 2009-2010 წლებში სწორედ ჩვენ მოვაწყეთ საფრანგეთის პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი. 2003 წლიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. მათ შორის, საქართველოსთანაც“- მითხრა მაია მჭედლიშვილმა კონცერტის შემდეგ. მისივე თქმით, კორსიკული და ქართული მუსიკის ერთობლივი კონცერტის ჩატარების იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა. შარშან კორსიკელები ქართული მუსიკის შესასწავლად საქართველოს ეწვივნენ. ეს კონცერტი კი — რომელსაც მე პარიზში დავესწარი, გორის მუნიციპალიტეტის დახმარებით შედგა.

 კონცერტის დასაწყისში,  სწორედ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის აუდიო-მიმართვა გაისმა. მან ხაზი გაუსვა ორი ერის კულტურის ერთიანობით გამოხატული ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა დამსწრეთ ამ კეთილშობილურ საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

 საღამოს ესწრებოდნენ: საქართველოს საელჩოს დესპანი, გულსხმიერებით გამორჩეული, ბატონი გოჩა ჯავახიშვილი; ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს ხელმძღვანელი, ოთარ ზურაბიშვილი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართველთა პრობლემების მოგვარების საქმეში;  წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესიის მოძღვარი, მამა ანტონი; ასევე სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ქართველები და ფრანგი მოქალაქენი.

 ბატონმა სერჟმა და მაიამაც, რომელიც ამ საღამოს უძღვებოდა, აუდიტორიას ამცნეს, რომ კონცერტზე შემოსულ თანხას (ბილეთის ფასი 20 ევრო იყო) პირადად გადასცემენ 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებს ნოემბრის დასაწყისში, როცა ანალოგიური რეპერტუარით დამეგობრებული ანსამბლები კონცერტებს გორშიც გამართავენ. მანამდე კი მათ პარიზიდან სამხრეთ საფრანგეთში გადაინაცვლეს საგასტროლოდ, შემდეგ კი ნიცაში.

 მინდა ისიც ავღნიშნო, რომ კონცერტის შემდეგ პარიზში, გორელ მომღერლებსა და მათ თანმხლებ სტუმრებს საელჩოს, სათვისტომოსა და ქართული სიმღერის ანსამბლ „მარანის" წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. მათ შორის გამოვყოფ ფრანგ მომღერალ ბერტრან ლამბოლეზის, რომელმაც თავისი ქართული საუბრით ისე მოხიბლა ჩემი ქართველი მასპინძელი, რომ მან ფრანგი მომღერალი ოჯახში მიიპატიჟა…

 აი, ასეთი სტუმარ-მასპინძლები ვართ ქართველები უცხოეთშიც!

 ამით დასრულდა ჩემი მოგზაურობა თბილისიდან პარიზამდე, რომელსაც თან ბევრი მოულოდნელობა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა ახლდა. რეპორტაჟებს ჩემი მივლინების შესახებ — ცალ-ცალკე — ქვეყნების მიხედვით შემოგთვაზებთ. 

ყველა ახალი ამბავი
0