თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. აჭარაში წმინდა სამების სამონასტრო კომპლექსი გაიხსნა, რომელიც მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის შალვა ბრეუსის მხარდაჭერით აშენდა, იუწყება ქართული მედია.
ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურში სამონასტრო კომპლექსის გახსნასთან დაკავშირებით პირველი პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გადაიხადა, იუწყება მედია.
პარაკლისის დაწყებამდე საქართველოს პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
„ჩვენ ვდგევართ იმ წმინდა ადგილზე, სადაც ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატით საქართველოში მოციქული ანდრია პირველწოდებული შემოვიდა, სადაც აღავლინა ლოცვები საქართველოს მშვიდობისა დაკეთილდღეობისთვის. როცა მოციქულმა დააპირა გაეგრძელებინა გზა საქართველოში, ადგილობრივმა მოსახლეობამ სთხოვა, რომ დაგვიტოვ ეღვთისმშობლის ხატიო. მოიტანეს ფიცარი, მიადეს ამ ხატს და გამოისახა ახალი ასლი. ის იყო დატოვებული აქ. ეს არის უდიდესი ადგილი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფლის წყალობით აშენდა ეს დიდებული ტაძარი წმინდისა სამებისა“, — ბრძანა პატრიარქმა.
მონასტრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ილია მეორემ უმაღლესი საეკლესიო ჯილდოთი — წმინდა გიორგის ორდენით ბიზნესმენი შალვა ბრეუსი დააჯილდოვა.
ბიზნესმენმა ბრეუსმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბედნიერია, რომ მონასტრის მშენებლობა 13-წლიანი შრომის შემდეგ დასრულდა.
„ამ ადგილას მონასტრის აშენება მეუფე დიმიტრის (ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი) ოცნება იყო. დავიწყეთ მუშაობა. ორი წელი პროექტზე ვმუშაობდით, ხოლო 13 წელი — მშენებლობაზე… გელათის შემდეგ ასეთი მოზაიკით არც ერთი ტაძარი არ მოპირკეთებულა. დღეს ბედნიერი ვარ, 15-წლიანი შრომა დასრულდა. ცრემლებამდე მიხარია“, — აღნიშნა ბრეუსმა.
სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა 2002 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო.