თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. აჭარაში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები გრძელდება, ამ დროის მონაცემებით დატბორვის 1000 მდე შემთხვევა, მეწყრული მოვლენები და სხვა სახის ზიანია დაფიქსირებული, ნათქვამია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ პარასკევს, 9 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
8 ოქტომბრის ღამით ქობულეთში ძლიერი წვიმა მოვიდა, რომლის შედეგადაც დაიტბორა ქუჩები და სახლები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქალაქისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა გელაურის დასახლებაში დაფიქსირდა, რომლის თითქმის 90% დაიტბორა. გელაურში გვიან ღამემდე მუშაობდა ტექნიკა და დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა ინტენსიურად მიმდინარეობდა. დღეის მდგომარებით სამუშაოები თითქმის დასრულებულია.
წყლის ამოტუმბვა სხვა უბნებშიც ხორციელდებოდა, წყლის მაღალი დონის გამო ვერ მოხერხდა მხოლოდ ჯავახიშვილის უბანში სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.
ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები განახლდა მუნიციპალიტეტში სოფლებში. გზის გაწმენდითი სამუშაოები სოფელ ლეღვაში, ალამბარში, აჭყვისთავში, ჭახათში, გვარასა და წყავროკაში ა დრომდე მიმდინარეობს.
ამ დროისათვის მოსახლეობას ელექტრო ენერგია და წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.
საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი, რომელიც სტიქიის გამო შეჩერდა, ორშაბათიდან განახლდება.