თბილისის თეატრალური ფესტივალი შექსპირის თეატრ „გლობუსის“ „ჰამლეტმა“ დაასრულა.
მაყურებლისთვის ქართულ ენაზე ტრადიციული „საღამო მშვიდობისა!“–ს შემდეგ (ვიცით – ასეთი რამ ყველა ქვეყანაში ხდება!) ბრიტანელი მსახიობები მაყურებლისთვის თითქმის სამი საათის განმავლობაში (ანტრაქტით) თამაშობდნენ.
ყველაზე საინტერესოა, რომ როდესაც სპექტაკლში პირველად გამოჩნდა ჰამლეტი. მაყურებელმა გადაწყვიტა, რომ შეეშალა და სცენაზე ტიპური ქართველი გამოვიდა, შესაძლოა, თეატრის მომსახურე პერსონალი. მაყურებელი ერთმანეთს ეკითხებოდა – ეს ჰამლეტია?
დანიის პრინცს მსახიობი არც მედიდურობით, არც გარეგნობით, არც უნაკლო დიქციით არ ჰგავდა. ის, ალბათ, უფრო პრინცის მოსამსახურის როლზე გამოდგებოდა, ან, ბოლოს და ბოლოს, რომელიმე არაბული სათავგადასავლო ზღაპრის გმირად. როგორც აღმოჩნდა, ეს ნაიმ ჰაიატია – პაკისტანური წარმოშობის მსახიობი, რომელიც აღმოსავლეთ ლონდონში გაიზარდა.
ქართველი მაყურებელი „გლობუსის“ დასის მსახიობთა ინტერნაციონალურმა შემადგენლობამ სასიამოვნოდ გააოცა. გარდა „პაკისტანელი ჰამლეტისა“, დადგმაში მონაწილეობდნენ მსახიობები, რომლებიც წარმოშობით ახალზელანდიური მაორის ტომიდან, ჰონგკონგიდან, ნიგერიიდან იყვნენ, ან იამაიკური თუ კუბური ფესვები ჰქონდათ.
როგორც ძველ, შექსპირისეულ ეპოქაში, მსახიობები „ჰამლეტში“ სხვადასხვა როლებს ასრულებდნენ, თანაც გარდასახვა წამიერად ხდებოდა: თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებს და პოლონიუსი უკვე მესაფლავედ გარდაქმნილა.
ნაკლებ საინტერესო სპექტაკლში არც მუსიკალური თანხლება ყოფილა. მუსიკის ხმებს თავად მსახიობები სხვადასხვა ინსტრუმენტების საშუალებით ქმნიდნენ. აკორდეონი, ფლეიტა და ვიოლინო სცენაზე ხან ტრაგიკულ და ხანაც სასიცოცხლო მხიარულ ბგერებს გამოსცემდნენ.
თორმეტმა მსახიობმა სპექტაკლში ქრესტომათიული ტექსტი თანამედროვე მაყურებლისთვის საყვარელი პროვოკაციების გარეშე წარმოადგინა. დეკორაციებიდან – დაფები, საგზაო ჩემოდნები, წითელი ფარდა და გაუგებარი ეპოქის კოსტიუმები.
მაგრამ პრობლემა არც უსუსურ ჰამლეტსა და არც უპრეტენზიო დეკორაციებში ყოფილა, არამედ იმის შეგრძნებაში, რომ შექსპირის „გლობუსს“, რომელიც 1997 წელს რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნა და პრეტენზია აქვს ლეგენდარული დრამატურგის მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და წარმოჩენაზე, არა აქვს ამაღელვებელი სიახლე, სიცოცხლით სისავსე და მიმზიდველობა. იგრძნობოდა, თითქოს სცენას ნაფტალინის სუნი სდიოდა.
„ეს ნორჩ მსახიობთა თეატრალური სტუდიის ფრიადოსნების საჩვენებელ სპექტაკლს ჰგავდა. თქვენ იგრძენით ტკივილი გმირთა საუბარში ან სახეებზე, როდესაც ოფელია დაიხრჩო? მე – ვერა. თუმცა, სასურველი იყო… სიმართლე რომ ვთქვა, მთელი თამაშის განმავლობაში თავიდან არ ამომდიოდა აზრი იმის შესახებ, რომ ქართველი მსახიობები უფრო ორიგინალურად ითამაშებდნენ“, – განაცხადა ერთ–ერთმა მაყურებელმა ლევან კობახიძემ.
მართლაც, მრავალჯერ დაღეჭილი პიესის ახლებურად დანახვის მცდელობა ან თუნდაც რეჟისორულ ორიგინალურ იდეაზე სულ მცირე მინიშნება დადგმაში ძნელად აღსაქმელი იყო. ბრიტანელების სურვილმა, რომ უფრო „უბრალონი ყოფილიყვნენ“ და რაც შეიძლება ნათლად მიეტანათ შექსპირი სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ხალხებისთვის, უფრო სპექტაკლის წინააღმდეგ ითამაშა – ეს ნაივი ზოგიერთმა საერთოდ ვერ გაიგო. სხვებს ბანალურად, ადრენალინი არ ეყოთ.
„ყველაფერი მარტივადაა, სპექტაკლზე ასე ვმსჯელობ – მსახიობების თამაშისგან ჟრუანტელმა დამიარა – ესე იგი, თამაში გიპყრობს, არ გაყრის ჟრუანტელი – ესე იგი, თამაში არ გიპყრობს. სამწუხაროდ, აქ მეორე ვარიანტი იყო. თუმცა, რომ არ ჩამოსულიყვნენ, ვერ ვნახავდით, როგორ თამაშობენ მსოფლიოში ლეგენდარული შექსპირის თეატრის მსახიობები. ახლა დიდი სურვილი გამოჩნდა, მათი სხვა დადგმებიც ვნახო“, – განაცხადა სპექტაკლის დამთავრების შემდეგ მაყურებელმა სალომე გვასალიამ.
თბილისში „ჰამლეტი“ „გლობუსის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა და დამდგელმა რეჟისორმა დომინიკ დრომგულმა წარმოადგინა. მისი აზრით, პიესა ყოველთვის აქტუალურია და ჰამლეტები დღემდე ჩვენ შორის არიან.
„ვფიქრობ, „ჰამლეტი“ ყოველთვის აქტუალურია, რადგანაც ის თავისებურად ახალ მომავალს ქმნის. ჰამლეტი ხომ ძალზე უბედური ადამიანია, რომელსაც უნდა შეცვალოს ის, თუ მის გარშემო ადამიანები როგორ ფიქრობენ და იქცევიან. ადამიანებს კი ყოველთვის ცვლილებები უნდათ“, – განაცხადა სპექტაკლის რეჟისორმა დომინიკ დრომგულმა.
თავად დრომგული არ მალავს, რომ შექსპირი აუტანელ, ზარმაც, ხარბ ადამიანად მიაჩნია, რომელიც ხშირად სვამდა და თავის ოჯახს საშინლად ექცეოდა. ერთი სიტყვით, ის ადამიანი იყო და არა ღმერთი. სხვათა შორის, ყველაფერ ამასთან, დრომგული ავტორია წიგნისა „უილი და მე: შექსპირმა ჩემი ცხოვრება დაიპყრო“.