თბილისში საბალეტო სეზონი იხსნება

© photo: Sputnikთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბალეტო დასი მაყურებელს ორ პრემიერას შესთავაზებს. ესენია ერთაქტიანი საბალეტო დადგმები – ჯორჯ ბალანჩინის „სიმფონია დო მაჟორი“ (Symphony in C) და მიხაილ ფოკინის „ვარდის აჩრდილი“ (Le Spectre de la rose).

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 9 ოქტომბერს გალა–კონცერტით 164–ე საბალეტო სეზონს ხსნის, იუწყებიან ორგანიზატორები. 

საღამო თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) 20:00 საათზე დაიწყება.

საბალეტო დასი მაყურებელს ერთდროულად ორ პრემიერას შესთავაზებს. ესენია ერთაქტიანი საბალეტო დადგმები – ჯორჯ ბალანჩინის „სიმფონია დო მაჟორი“  (Symphony in C) და მიხაილ ფოკინის „ვარდის აჩრდილი“ (Le Spectre de la rose).

ერთაქტიანი ბალეტების საღამოზე ასევე შესრულდება ბალანჩინის ბალეტი „სერენადა“, რომელიც ნეოკლასიკური ქორეოგრაფიის შედევრად არის აღიარებული.

ფოკინის ბალეტის „ვარდის აჩრდილი“ პრემიერა 1911 წლის 19 აპრილს მონტე–კარლოში, გარნიეს დარბაზში გაიმართა. ბალეტი შექმნილია კარლ მარია ფონ ვებერის მუსიკაზე (თეოფილ გოტიეს ლექსის მოტივებზე). მთავარ როლებს ასრულებდნენ ვაცლავ ნიჟინსკი და ტამარა კარსავინა.

თბილისურ დადგმაში ნინო ანანიაშვილს პარტნიორობას საბალეტო დასის სოლისტი იონენ ტაკანო გაუწევს.

 „სიმფონია დო მაჟორის“ მსოფლიო პრემიერა პარიზის საოპერო სცენაზე „ბროლის დარბაზი“ 1947 წელს შედგა. შემდეგ წელს ბალანჩინმა ეს ბალეტი მის მიერ შექმნილ „ნიუ–იორკ სიტი ბალეტის“ (New York City Ballet) სცენაზე შეცვლილი დეკორაციებით, კოსტიუმებითა და სახელწოდებით დადგა. 

დედაქალაქის ფილარმონიაში ცნობილ ბალეტს ბელგიელი ბალეტმაისტერი „ჯორჯ ბალანჩინის ფონდიდან“ ბენ ჰაისი გააცოცხლებს.

კონცერტში მონაწილეობს ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით.

საბალეტო სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება. 


ყველა ახალი ამბავი
0