რუსუდან პირველი
თბილისის საკრებულომ 2015 წლის 6 აპრილს თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში მოქმედი ცხოველების მოვლა- პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი მიიღო. რას ითვალისწინებს ეს ნორმატიული აქტი, რას ავალდებულებს შინაური ცხოველის პატრონს და რა სანქციები გატარდება კანონის დარღვევის შემთხვევაში, ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლერი ქვარაია გვესაუბრება.
— ბატონო ლერი, რას წარმოადგენს ცხოველების მოვლა- პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი?
— ეს არის თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში მოქმედი ცხოველების მოვლა —პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი, რომელიც თბილისის საკრებულომ 2015 წლის 6 აპრილს მიიღო. ნორმატიული აქტი 8 აპრილს ამოქმედდა და შესაბამისად, ის ეხება მხოლოდ თბილისში მაცხოვრებელ მოსახლეობას და მათ მფლობელობაში არსებულ ცხოველებს. სხვა სიახლეებთან ერთად, ეს ნორმატიული აქტი ცხოველების რეგისტრაციის სავალდებულო პროცედურას ითვალისწინებს. ამისთვის დაწესებული იყო გარკვეული ვადები. რეგისტრაციის ვადა 8 ოქტომბერს ამოიწურა, ანუ წესის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. შესაბამისად, ამ პერიოდში ცხოველების პატრონებს, საუბარია მხოლოდ შინაურ ცხოველებზე, კატებზე და ძაღლებზე, ევალებოდათ საკუთრებაში, მფლობელობაში არსებული ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია სააგენტოში, ან ვეტერინარულ დაწესებულებებში. სხვა ცხოველებზე ეს წესი არ ვრცელდება.
— საერთოდ როგორ ხდება ცხოველების რეგისტრაცია?
- ცხოველების რეისტრაციისთვის აუცილებელია ჯერ იდენტიფიცირება. ამისთვის არსებობს სამი მეთოდი: საჭდე, ე.წ. ბირკა, ტატუირების საშუალებით გაკეთებული იდენტიფიკატორი და ყველაზე გავრცელებული და ოპტიმალური მეთოდი — მიკრო ჩიპი, რომელიც ცხოველის კანქვეშ შეჰყავთ. იდენტიფიკაციის შემდგომ ცხოველის პატრონს შეუძლია მიმართოს ზემოთ ჩამოთვლილ დაწესებულებებს, სადაც რეგისტრაცია მოხდება და ამას ძალიან მცირე დრო სჭირდება. რეგისტრაცია უფასოა.
— მაგრამ თავად იდენტიფიკაციის პროცესი ფასიანია?
- რა თქმა უნდა, იდენტიფიკაციის პროცესი ფასიანია, რადგან ეს პროცესი გარკვეული იდენტიფიკატორების შეძენასა და მათ მიმაგრებასთანაა დაკავშირებული.
- ბატონო ლერი, თუ მეპატრონე თავის მფლობელობაში მყოფ ცხოველს არ დაარეგისტრირებს, ამ შემთხვევაში რა ხდება?
- ამ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა და კერძოდ — ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს შესაბამის საჯარიმო სანქციებს. მოქალაქისთვის ჯარიმა შრომის მინიმალური ანაზღაურების ერთი მეხუთედის ოდენობა არის, ხოლო თანამდებობობის პირისთვის შრომის მინიმალური ანაზღაურების ნახევარი.
— ბატონო ლერი! კიდევ ერთი ჯარიმის შესახებ მინდა ვისაუბროთ, რომელმაც ბევრი მოქალაქე გაახარა, ეს ძაღლების სეირნობის დროს საზოგადოებრივი სივრცის სისუფთავის დაცვას ეხება…
— დიახ, ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი შინაარსობრივად მოცულობითი დოკუმენტია, ის ძალიან ბევრ ვალდებულებას შეიცავს, ერთ — ერთი ვალდებულებაა, დაასუფთავოს პატრონის საკუთრებაში მყოფი ცხოველის მიერ დაბინძურებული საზოგადოებრივი სივრცე. რა თქმა უნდა, როგორც ამ შემთხვევაში და სხვა ყველა დარღვევის შემთხვევაში, პატრონის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები — მოქალაქეს მიეცემა გაფრთხილება, ან დაჯარიმდება 50 ლარის ოდენობით. ნებისმიერ ადამიანს პრობლემის გარეშე შეუძლია ნახოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ნორმატიული აქტი, გაეცნოს მას და მიიღოს სასურველი ინფორმაცია.
როგორც სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გვაცნობა, ამ დროისთვის უკვე 700- მდე შინაური ცხოველი (ძაღლი, კატა) გახლავთ დარეგისტრირებული, თუმცა მონაცამები ყოველდღე ახლდება, შესაბამისად, დარეგისტრირებულთა რიცხვი ყოველდღე მატულობს. რაც შეეხება ჯარიმებს — სააგენტო ამ ეტაპზე არ არის უფლებამოსილი ცხოველების მოვლა — პატრონობის წესის (დადგენილება N 7-28 6 აპრილს მიღებული თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ) დარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 103 —ე მუხლით რეაგირებაზე, ხოლო დაურეგისტრირებელი ცხოველის გამოვლენა, მათი აღმოჩენა - დაფიქსირებით და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით მოხდება.