თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ყრუთა შორის ევროპის VI ჩემპიონატს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 10-17 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს, იტყობინება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
კონტინენტის პირველობაში ქართველების გარდა სომეხი, აზერბაიჯანელი, ბელგიელი, ბელარუსი, ბულგარელი, ბერძენი, ლიტველი, მოლდოველი, პორტუგალიელი, რუსი, სერბი, თურქი და უკრაინელი სპორტსმენები იასპარეზებენ. საერთო ჯამში ევროპის ჩემპიონატზე 237 სპორტსმენი გამოვა ევროპის 14 ქვეყნიდან.
ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის თანაორგანიზატორია თბილისის მერია.
„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის დიდი პატივია ასეთი შეჯიბრების მასპინძლობა. მინდა გითხრათ, რომ ევროპის ჩემპიონატი ბატონი პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით იმართება — სწორედ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა, რომელიც ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებას მოხმარდება. მსურს მონაწილე სპორტსმენებს წარმატება ვუსურვო", — განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტროს მოადგილემ შალვა გოგოლაძემ.