ნინო ცხოიძე
18-22 ოქტობერს, თბილისში, მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „წმინდა ანდრიას ჯვარი“ მეათედ ჩატარდება. წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი კინომატოგრაფისტების, კერძო პირებისა და კომპანიების, ასევე, სტუდენტების მიერ შექმნილი მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, ტელე-ფილმები და ტელე-პროგრამები.
ქართველი ავტორების გარდა, წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და პოლონეთის კინემატოგრაფისტები. პროგრამაში ბევრი საინტერესო სიახლეა. კერძოდ, სახელოვან ესპანელ კინორეჟისორს, ლუის ბუნიოლს დაბადებიდან 115 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მისი ფილმების ჩვენება მოაწყონ. ამ ამბავმა ძალიან გაახარა ბარსელონაში დიდი რეჟისორის მუზეუმის მესვეურები.
ფესტივალი ამჯერადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და ასოციაცია „მეოხის“ ორგანიზებით ტარდება. ჟიურის უცვლელი თავმჯდომარეა კინომცოდნე მარინა კერესელიძე. ჟიურის შემადგენლობაში წელსაც იქნებიან დეკანოზი მამა იოსები (ლატვიიდან), ცნობილი კინოოპერატორი ლომერ ახვლედიანი და პოლონელი რეჟისორი, თბილისზე შეყვარებული კაცი, იეჟი ლუბახი. ბატონი იეჟი ორჯერ იყო ფესტივალის ლაურეატი, ხოლო ბოლო ორი წელია, ჟიურის წევრის სტატუსით ჩამოდის საქართველოში. წელს ჟიურიში პირველად იქნება თურქი პროდუსერი, წარმოშობით ლაზი, ფუნდა ოზიურდი.
რაც შეეხება პრიზებს, წელსაც იგივე ნომინაციებია: მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური და სტუდენტური ფილმები. მთავარ პრიზად კვლავ მოქანდაკე ირაკლი წულაძის მიერ დამზადებული მინიატურული ბრინჯაოს ქანდაკება რჩება. მასზე ჯვარზე გაკრული წმინდა ანდრია პირველწოდებულია გამოსახული. ასეთივე გამოსახულებაა მედლებზეც“- აცხადებს სტუდია „მეოხის“ დირექტორი გიორგი გელაშვილი. სტუდია „მეოხი“, როგორც ფესტივალის ორგანიზატორი, „სიგელ-გუჯარით“ აჯილდოვებს მონაწილეებს, რომლებიც მაყურებელთა სიმპატიებს დაიმსახურებენ.
„აღსანიშნავია, რომ იგრძნობა საფესტივალო თემატიკისადმი ახალგაზრდების დაინტერესება. ამის მაგალითია ირაკლი დონაძე, რომელმაც მეშვიდე ფესტივალზე გაიმარჯვა. მაშინ იგი 14 წლის იყო. ირაკლი ახლა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტია. გვიხარია, რომ მისი ცხოვრება ამ გზით განვითარდა და წელს აბიტურიენტობის დროინდელი ფილმიც წარმოადგინა“,- მითხრა ასოციაცია „მეოხის“ ხელმძღვანელმა მარიანა კალანდარიშვილმა.
სასიხარულოა, რომ წარმოდგენილი სტუდენტური ფილმები სწორედ კაცთმოყვარეობაზე, სილიერ ღირებულებებზე, სიყვარულზე და სათნოებაზეა გადაღებული. ასევე, კარგი, ზრდასრული მაყურებლისთვისაც საინტერესო ნამუშევრებია ანიმაციური ფილმების კატეგორიაში.
„კმაყოფილები ვართ, რომ ჩვენი ფესტივალი უკვე დამკვიდრდა და ცნობილი გახდა, რამაც განაპირობა კიდევ ერთი სიახლე, რაც ფესტივალის „მეგობრების ჯგუფის“ შექმნას უკავშრდება. მაყურებლებმა, რომლებიც მუდმივად ესწრებიან ფესტივალს, გამოთქვეს ამ ჯგუფის შექმნის სურვილი და, როგორც ახალგაზრდული ოლიმპიადის დროს აქტიურობდნენ მოხალისეები, ისე იაქტიურებენ ჩვენი მეგობრებიც. ისინი შესაბამისი სამკერდე ნიშნებით მოემსახურებიან ფესტივალზე მოსულ მაყურებლებს“,- მითხრა ქალბატონმა მარიანამ.
ფესტივალი „წმინდა ანდრიას ჯვარი“ წელს თბილისში, თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსის კინოდარბაზში (მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის 40) ჩატარდება. ფესტივალის სამუშო დღეები უცვლელია. იგი 18 ოქტომბერს გაიხსნება და 22-ში საზეიმოდ, გამარჯვებულთა დაჯილდოვებით დაიხურება.
საფესტივალო ჩვენების გახსნის პატივი წილად ხვდა ფოთელ ჟურნალსიტს, ირმა კეკელიძეს, რომელმაც შარშან ნარკომანიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი წარმოადგინა და საორგანიზაციო ჯგუფის მიერ დაწესებული „სიგელ-გუჯარით“ მოიპოვა. 18 ოქტომბერს, საფესტივალო ჩვენებას მისი ახალი დოკუმენტური ფილმი „გულიდან გულამდე“ გახსნის. ფილმის მთავარი გმირი, მოსკოვში მოღვაწე ცნობილი ქართველი დასტაქარი, სახელოვანი ფოთელი, ლეო ბოკერიაა.
„ფესტივალზე რამდენიმე საპრემიერო ჩვენებაა დაგეგმილი. მაგრამ მათ შორის გამოვყავით ეს ფილმი, რომელიც ბატონ ლეო ბოკერიას ცხოვრებას, მის პიროვნებას ეძღვნება. სასიხარულოა, რომ იგი პირადად დაესწრება ფილმის პრემიერას. ასოციაცია „მეოხი“ სწორედ ბატონ ლეოს გადასცემს მთავარ პრიზს — „წმინდა ანდრიას ჯვარს“, რომელსაც ყოველ წელს ვანიჭებთ ღვაწლმოსილ ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების, მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეებს. არ არის გამორიცხული, თავად ფილმის ავტორმაც დაიმსახუროს პრიზი. ეს უკვე ჟიურის პრეროგატივაა“,- გვითხრა გიორგი გელაშვილმა.
პატრიარქის კურთხევით, ორგანიზატორებს დაგეგმილი აქვთ საფესტივალო ჩვენების გამართვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და უცხოელი ავტორებისთვის. როგორც მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, ეს ფილმები რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა ნახოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
სამწუხაროდ, ამ კეთილშობილური საქმის განსახორციელებლად საჭირო სახსრები არ გამოინახა. საფესტივალო ჩვენება მაინც გაიმართა ორად გაყოფილ სარფში, ტრაბზონსა და სტამბულში, რისთვისაც „მეოხი“ მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც მათ დახმარება გაუწია. სტუდია „მეოხის“ მიერ გადაღებული მართლმადიდებლური დოკუმენტური ფილმები „13 ასურელი წმინდა მამა“, „წმინდანები დავით და კონსტანტინე მხეიძეები“ და „ღვთისმშობლის შესამოსელი“ საჩუქრად გადაეცა ათენის ქართულ საკვირაო სკოლას. სპონსორების მოძიების შემთხვევაში, საფესტივალო ჩვენება დაგეგმილია საფრანგეთში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ირლანდიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ.
ასოციაცია „მეოხი“ ფესტივალზე ეპატიჟება ყველა მსურველს. დასწრება თავისუფალია. აქვე გეტყვით, რომ ფესტივალის ჩატარებაში ორგანიზატორებს დახმარება კულტურის სამინისტრომ და თბილისის მერიამაც გაუწიეს.