ბოლო ყოველთვის კეთილია

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვასიკო ძოწენიძე
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვასიკო ძოწენიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ჩემი თეატრი მომწონს, ჩემი თაობაც ძალიან მომწონს - იმიტომ, რომ ბოროტები და შურიანები არ ვართ. ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ვამჩნევთ, მაგრამ არც ვინმეს დასჯას ვაპირებთ და არც მათ ზურგს უკან ქილიკს".

 მანანა ტურიაშვილი

 მხიარული, თეატრის ერთგული, ჭირში თუ ლხინში ერთთავად მეგობრებთან იყო. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს — ვასილ ძოწენიძეს 50 წელი შეუსრულდებოდა. თავმდაბალი, უზომოდ უყვარდა თეატრი და სულ იქ ტრიალებდა. საერთოდ, თავდაუზოგავი, თავდადებული არტისტები ქმნიან თეატრის მაგიურ ატმოსფეროს. ვასიკო ამ მხრივაც სამაგალითო იყო. მინდა შემოგთავაზოთ ინტერვიუ, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 2010 წელს  ჩამოვართვი ყველასათვის საყვარელ მსახიობს.

 — ვასიკო,  რა არის შენთვის თეატრი?

 — ყოველთვის მაინტერესებდა თეატრის, სცენის იდუმალი სამყარო, რომელიც ჯადოქრობას ჰგავს. წარმოიდგინე, ხუთასი კაცი დარბაზში ზის, თითქმის ყველას წაკითხული აქვს პიესა, მაგრამ გაიხსნება ფარდა თუ არა, ყველა ელოდება სასწაულს, თითქოს ზღაპარის ზღურლბს გადააბიჯე. არ ვიცი, ამას რა დავარქვა: მსახიობსაც სჯერა ამ ზღაპრის, მაყურებელსაც — მისტიკაა. თუ მაყურებელი მონუსხე და მოგყვება, ის შენი ხდება — ეს უდიდესი სიამოვნებაა… ბედნიერებაა, როცა გრძნობ დარბაზის რეაქციას, მის გულისცემას და თუ ის მსახიობის პულსაციას ემთხვევა, მაშინ უბედნიერესი კაცი ხარ. ასეთი საღამოს შემდეგ, შინ სხვანაირი ბრუნდები  - პატიოსანი და ვალმოხდილი. მინდა გითხრა, რომ კრიტიკას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს აუცილებელია. თუ გინდა, რომ სრულყოფილებას მიღწიო ერთ მხარესაც უნდა მოუსმინო და მეორესაც. შექებაც უნდა გაანალიზო და დაწუნებაც — ორივე მხარეს რაციონალური მარცვალი უნდა მოძებნო და შენი პიროვნების, შენი სამსახიობო ოსტატობის დასახვეწად უნდა გამოიყენო. მე ვგულისხმობ ნორმალურ კრიტიკას და არა ზურგს უკან ინტრიგის ქსოვას ან გაკილვას.

 

 -ვასიკო, თეატრალურ სამყაროში მრავალი ცდუნებაა. შენი აზრით, რას იძენს მსახიობი თეატრში და რას კარგავს?

 — პირველ რიგში, მსახიობი უნდა იყოს პიროვნება, ინდივიდი, მერე — დასის, კოლექტივის წევრი. არ გაქვს უფლება, შენს არსებაში დააბუდო ინტრიგებში ჩათრევის  ან ჭორების შუაგულში ყოფნის მისწრაფება. მსახიობი ამ ჭაობზე მაღლა უნდა დადგეს. მე ასეთი პოზიცია მაქვს — ვცდილობ, სხვა რაკურსით შევხედო ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება. 

 - პიროვნება და თეატრი — რა კავშირი შეიძლება იყოს მათ შორის?

 - პიროვნება არა მარტო თეატრს სჭირდება, არამედ ყველა სფეროს. თუ შენი „მე“ გაქვს, ამ შემთხვევაში ხარ მშვიდი, დინჯი და ძლიერი. თუ პოზიცია გაქვს და შენი სიმართლე გაგაჩნია, მაშინ მოდიან და ჭკუას გეკითხებიან ან დახმარებას გთხოვენ. იცი, რა კარგი შეგრძნებაა, როცა ადამიანის დახმარება შეგიძლია?! სულ რაღაცას ველოდები. როლები მაქვს, მაგრამ მინდა მთავარი როლიც მივიღო. არ ვიცი, შეიძლება, ჯერ არ დამდგარა ამის დრო. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ ჩანს ის რეჟისორი, რომელიც მთავარ როლს მომცემს. იცი, რას ვგრძნობ? ბევრი რამ მაკლია და ვცდილობ სრულყოფას, რომ უფრო ღრმად ჩავწვდე ჩემს პროფესიას. არ მინდა, დროებითი, წამიერად აკაშკაშებული ვარსკვლავი  ვიყო, რომელიც უცბად აინთება და სამუდამოდ ჩაქრება. მირჩევნია რაციონალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა მივყვე იმ საქმეს, რომელიც ასე ძლიერ მიყვარს, მომწონს და შედეგზე ფიქრით თავს არ ვიკლავ. პატივმოყვარეობა ჩემი ცხოვრების აზრი არ არის. ბედის კმაყოფილი ვარ — რაც მარგუნა, იმაზეც ვმადლობ ღმერთს.

 - მაგრამ ეს ხომ გარკვეულ გულისტკივილთან არის დაკავშირებული? თქვენ ხართ წარმოსადეგი, გაქვთ მშვენიერი ხმა, სიმაღლე…

 — არა, არა! ჩემი მეგობრები, ვინც გვერდში მიდგას, ვისთან ერთად ვიღვწი, ვშრომობ, პურს ვჭამ, დროს ვატარებ — აი, ეს  არის ჩემი სიმდიდრე…

 —ვგრძნობ, რომ დაკვირვებული ადამიანი ხარ და მაინტერესებს, დღეს  როგორ საზოგადოებას ხედავ და რა არის შენი გულისტკივილის საგანი თუ მიზეზი?

 — ყველას თვითგადარჩენის ინსტიქტი გამოუმუშვადა. ხალხი დაძაბულია — ყველა ფიქრობს: ვინმემ არ მოატყუოს, ცუდ ამბავში არ გაეხვიოს. ყოველ სიტყვას, ყოველ საქციელს უფიქრდებიან და, საერთოდ, ადამიანების ნდობა დავკარგეთ. დღეს ასჯერ უნდა გამოცადო კაცი, რომ ენდო — აი, ეს ცუდია. თითქოს სიტყვამაც ფასი დაკარგა, ქმედებამაც და ვაჟკაცობის განმსაზღვრელმა ღირებულებებმაც. გარშემო იმდენი ტყუილია, რომ ყველაფერი გაუფასურდა. სულ იმის მოლოდინში ვართ, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ წავა და რამე გვეშველება, მაგრამ ამ ლოდინში  ბევრს გული გაუტყდა, პერსპექტივის გრძნობა დაკარგა.

 — ვასიკო, აი, ახლა მოწყენილი სახე გაქვს და ძალიან სერიოზულად ლაპარაკობ. ამ დროს, ვიცი, რომ  მხიარული ადამიანი ხარ…

 — გასამხიარულებლად სულ ცოტა მყოფნის. სულ პრობლემებზე, რომ იფიქრო, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება გული გაგისკდეს. ხომ გახსოვს შუქი რომ ქრებოდა  და სანთლებს ვიმარაგებდით? ამაზე ერთმა ჩემმა მეგობარმა იხუმრა: რაც მე სანთელი დავანთე ამ ათ წელიწადში, ღმერთისთვის რომ დამენთო ის სანთლები, შუქიც გვექნებოდა, გზაც გაგვეხსნებოდა და ქვეყანა ასეთ კრიზისში არ იქნებოდაო.

 - ვატყობ, ოპტიმისტი ხარ — მაინც იმედის თვალით უყურებ მომავალს…

 — აბა რა, აუცილებლად. სულ იმაზე ფიქრით ვცხოვრობ, რომ ჩემი შვილები კარგად იყვნენ. ძალიან კარგები არიან, ნიჭიერები, ლამაზები. ოჯახი მასულდგმულებს, ოჯახი მაძლევს სტიმულს, ვიცხოვრო და გავაგრძელო ცხოვრების გზა. ჩემი თეატრი მომწონს, ჩემი თაობაც ძალიან მომწონს — იმიტომ, რომ ბოროტები და შურიანები არ ვართ. ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ვამჩნევთ, მაგრამ არც ვინმეს დასჯას ვაპირებთ და არც მათ ზურგს უკან ქილიკს.

 — ვასიკო, მომავალი როგორ გესახება? 

 - დარწმუნებული ვარ, ბოლო კეთილია. ხელისუფლების იმედით, მთავრობის ხელის შემყურე ჩემი მტერი იყოს. მხოლოდ ღვთის მადლითა და საკუთარი გარჯით შევძლებთ ბედნიერად ცხოვრებას. 


ყველა ახალი ამბავი
0