თბილისის, 8 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მოდის კვირეულზე (Tbilisi Fashion Week) ქართველი დიზაინერები 8–11 ოქტომბერს 2016 წლის გაზაფხული–ზაფხულის საკუთარ კოლექციებს წარმოადგენენ, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
კვირეულზე ქართველი მოდელიერების ოცამდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი.
თბილისში შემოდგომის ყველაზე მთავარი მოვლენა მოდის სფეროში „ვარდების მოედნის“ ტერიტორიაზე, გასართობ და დასასვენებელ ცენტრ „მეტროში“ გაიმართება, რომელიც აერთიანებს შოურუმს, ლაუნჯსა და გრანდიოზულ პოდიუმს.
Tbilisi Fashion Week–ის დიზაინერთა შემადგენლობაში არიან გიორგი შაღაშვილი, ჩუბიკა, Daloodi, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, გიორგი ქებურია, ლექსო ახალკაციშვილი (მოდის სახლი „მატერია“) და სხვები.
მოდის კვირეულზე თავის ნამუშევრებს პირველად წარმოადგენენ Atelie 27, Lika 4 Lika და BULLY.
გაიმართება ისეთი ბრენდების კოლექციების პრეზენტაციები, როგორებიცაა SoYOU, N-DUO-CONCEPT.COM, Artbeat Project, Artarea, Pierrot Le Fou and Full House.
თბილისის მოდის კვირეულის დებიუტი ფოტოხელოვან ირმა შარიქაძის კოლექცია გახდება. ის თბილისის მოდის კვირეულის საიმიჯო ფოტოს ავტორია.
კვირეულის გასაშუქებლად ჩამოვლენ მსოფლიოში ცნობილი მოდის ჟურნალების წარმომადგენლები, მათ შორის VOGUE (იტალია, რუსეთი, ავსტრალია), Buro24/7, ELLE Australia, L’Officiel & Harper’s BAZAAR Turkey და Nargis Azerbaijan.
ტრადიციულად, თბილისის მოდის კვირეული წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და ზაფხულში ტარდება.
ღონისძიება უკვე მეთორმეტედ ტარდება. მისი მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მეწარმეობის განვითარების სააგენტო.