საქართველოს ნაკრებმა რაგბიში ნამიბიას სძლია

გამოწერა
ინგლისში მეორე გამარჯვების მოპოვების შემდეგ ქართულმა გუნდმა 2019 წლის მსოფლიო თასზე კვალიფიკაცია ავტომატურად მიიღო.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. მსოფლიო თასის ბოლო მატჩში, რომელიც ინგლისსა და უელსში მიმდინარეობს, საქართველოს ნაკრებმა რაგბიში ნამიბიის ნაკრებს ანგარიშით 17:16 (0:6) სძლია, იუწყება პორტალი Rugger.

ინგლისში მეორე გამარჯვების მოპოვების შემდეგ ქართულმა გუნდმა 2019 წლის მსოფლიო თასზე კვალიფიკაცია ავტომატურად მიიღო.

დიდი მონდომებისა და სურვილის მიუხედავად, პირველ ტაიმში „ბორჯღალოსნები“ უამრავ შეცდომას უშვებდნენ, ბურთი ხელიდან უვარდებოდათ. მილტონ ჰეიგის გუნდმა ერთი მცდელობის ორგანიზება შეძლო, მაგრამ შეხვედრის არბიტრმა ეს არ ჩათვალა, რადგანაც ამას წინ ქართველების მიერ წესების დარღვევა უძღოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის სასტარტო ნახევარში გუნდებმა თითქმის ათი წუთით მეტი ითამაშეს, ხოლო „ველვიჩიასს“ ორი მოთამაშით ნაკლები ჰყავდა მინდორზე, ქართველმა რაგბისტებმა მოწინააღმდეგის გუნდს მაინც ვერაფერი მოუხერხეს. უფრო მეტიც, ნამიბიელებმა პირველი ტაიმი, ტეუნ კოტზეს ორი ზუსტი საჯარიმოთი, 6:0 მოიგეს.

მამუკა გორგოძე - Sputnik საქართველო
მამუკა გორგოძე - საქართველო-ახალი ზელანდიის მატჩის საუკეთესო მოთამაშეა

შესვენებაზე ქართულმა გუნდმა ძალები მოიკრიბა და მეორე ნახევარი უკვე წარმატებით ჩაატარა. მამუკა გორგოძე, ლაშა მალაღურაძე მცდელობების ავტორები გახდნენ, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა ორივე რეალიზაცია და საჯარიმო გაიტანა – 6:17. ნამიბიელებმა ევროპელებს მატჩის დაძაბული დასასრული მოუწყვეს. თავდაპირველად ტუენს კოტზემ საჯარიმო გაიტანა (9:17), ცოტა ხნის შემდეგ კი რეალიზაციის მცდელობით ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (16:17). „ბორჯღალოსნებმა“ მინიმალური სხვაობის შენარჩუნება შეძლეს.

ნამიბია (6) 16:17 (0) საქართველო

მცდელობები: კოტზე (74) – გორგოძე (49), მალაღურაძე (54);

რეალიზაციები: კოტზე (75), კვირიკაშვილი (50, 55);

საჯარიმოები: კოტზე (2, 17, 71) – კვირიკაშვილი (68);

ყვითელი ბარათები: ლარსონი (40+4), კუტზე (40+9), ბოტმა (50), ბრეგვაძე (34).

მანამდე ქართველმა რაგბისტებმა ტონგას ნაკრებს ანგარიშით 17:10 სძლიეს, მაგრამ წააგეს არგენტინისა (9:54) და ახალი ზელანდიის (10:43) გუნდებთან. ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ აღიარეს – ტონგასა და ახალ ზელანდიასთან მატჩებში. შედეგად ქართველმა რაგბისტებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და ტურნირზე გამოსვლა დაასრულეს.


ყველა ახალი ამბავი
0