სალომე გურგენიძე
ჩვენი რესპონდენტი ბალერინა ანა ტურაზაშვილია. დღეს ის მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია. როცა ცეკვავს, მთელი სისავსით აჩენს საკუთარ ინდივიდუალობას. მაყურებელიც ყოველთვის ამჩნევს ამ მოწადინებას და აპლოდისმენტით აჯილდოვებს მსახიობს.
როგორც ყველა გოგონას, ბავშვობაში მასაც ძალიან მოსწონდა ბალეტის ყურება, ჰაეროვანი კაბები, დეკორაციები. დედამ შეამჩნია შვილის მისწრაფება და 9 წლის ანა მაკა მახარაძის სტუდიაში მიიყვანა.
ანა ტურაზაშვილი: „იქ გადავდგი პირველი საბალეტო ნაბიჯები. ქალბატონმა მაკამ ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მისვლა მირჩია. ზუსტად იმ დროს მისაღები გამოცდები ტარდებოდა. მეც წავედი საცდელად და მიმიღეს —საკმაოდ მაღალი ქულები დავაგროვე, მეორე ადგილზე გავედი“.
ასე აღმოჩნდა ბალეტში. თბილისში სწავლას ხუთი წელი მოანდომა. შემდეგ, მოსკოვში ოსტატდებოდა. 2 წელი თბილისის საბალეტო დასში იმუშავა. მალე აღიარებაც მოვიდა და მოსკოვში, დიდი თატრის სოლისტი გახდა.
დღეში, დაახლოებით 4-5 საათი ვარჯიშობს. თეატრი წელიწადში 200-ზე მეტ საბალეტო სპექტაკლს დგამს. შესაბამისად, ანასაც ძალიან ბევრი მუშაობა უწევს. მიაჩნია, რომ წარმატება მხოლოდ თავდაუზოგავ მუშაობას და ინდივიდუალურ მიდგომას მოაქვს.
ანა ტურაზაშვილი: „ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იმკვიდრებენ თავს საბალეტო სფეროში, ვურჩევ, მოსუმინონ საკუთარ გულისხმას. ბალეტი ისეთი პროფესიაა, სადაც ძალიან ბევრი წესი და კანონია, მაგრამ საკუთარი ხელწერა ჩნდება ცეკვაში და მოძრაობაში. ეს ყოველთვის ბევრად უფრო შესამჩნევია და მაყურებელი ყველაზე მეტად ამას აფასებს“.
ახალი სეზონისთვის მზადების დაძაბული პერიოდი დასრულდა. იწყება შემოქმედებითი წარმატებებისკენ სვლის ახალი ეტაპი. დარწმუნებულია, ტრადიციულ „გედების ტბას“ სრულიად ახალი დადგმები და კმაყოფილი მაყურებლის ოვაციებიც მოყვება. თბილისში ცეკვაზე რას ფიქრობს? ელის შეთავაზებას, რომელსაც სიამოვნებით მიიღებს — საქართველოში ცეკვა ანა ტურაზაშვილისთვის ყოველთვის საოცნებოა.