მერაბ ხაჩიძე
მახსენდება — თბილისში მყოფმა, ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, შირვან გუნაევმა ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა: — მიუხედავად აფხაზეთში მომხდარი ამბებისა, ქართველი საზოგადოება ყველაფერზე მაღლა დადგა, გვაპატია და შვიდი ათასზე მეტი ჩეჩენი ლტოლვილი შეიფარაო.
იმ პერიოდში, მადლიერების ეს სიტყვები ვიღაცისთვის მისაღები იყო, ვიღაცისთვის — არა! ბუნებრივია, ვერც ერთს ვერ გაამტყუნებ და არც ამის გასარჩევად გამხსენებია ეს ამბავი. სახელმწიფოს, რომელსაც ნახევარმილიონამდე საკუთარი თუ გარედან შემოსული იძულებით გადაადგილებული ჰყავს, შვიდი ათასი კი არა, ერთი „ზედმეტი“ ადამიანიც შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს. საქმე ის გახლავთ, რომ მაშინდელი სტატისტიკით, ჩვენში არ დაფიქსირებულა ჩეჩენი ლტოლვილების მიერ ჩადენილი არცერთი დანაშაული, მაშინ, როცა ამ მხრივ, იგივე თურქეთს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნა. საქართველოში ჩეჩენ ლტოლვილებს მათივე ხელისუფლებისგან ჰქონდათ მიცემული უმკაცრესი მითითება წესრიგთან დაკავშირებით. ასე იყო ნამდვილად და ამისთვის, მათივე საგანგებო სქემაც მუშობდა.
დღევანდელი მდგომარეობა ბევრად უფრო რთული და განსხვავებულია. სამხრეთში ომად ქცეულ, შიიტებისა და სუნიტების დაპირისპირებაში, დასავლეთთან ერთად, რუსეთიც ჩაერთო — ჩაერთო აქტიურად! პოლიტიკურად ვინ ტყუის და ვინ მართალია, ამის შეფასებას მსოფლიოში ავტორიტეტული ექსპერტებისა და პოლიტიკოსების, ომში ჩართული ქვეყნების მმართველების, ან მათი ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა და მოწონება არ აკლია. მხოლოდ საქართველოშია ამ თემაზე ისეთი სიჩუმე, თითქოს ეს ყველაფერი აგერ, ყურისძირში არ ხდება და თითქოს ეს, მსოფლიო ომის ზღვარზე მისული ესკალაცია, ლტოლვილთა ახალ დიდ ტალღას არ გვპირდება ქართველებს?!
მოსალოდნელი საფრთხისა, თუ უკვე თავსდამტყდარი უბედურების სამი ათასმა ერაყელმა და სირიელმა მსხვერპლმა, უკვე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი განცხადებით. ეჭვგარეშეა, ეს ციფრიც და გეოგრაფიაც გაიზრდება, და გაიზრდება უახლოეს მომავალში.
გვინდა ვიკითხოთ, მაგრამ არ ვიცით ვის ვკითხოთ! აქვე, მეზობლად, თურქეთის სამხრეთითა და აღმოსავლეთით ამტყდარი ომის, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანისა და ჩვენთან „დაკონსერვებული“ კონფლიქტების შემყურეს — სიჩუმის და გარინდების უფლება გვაქვს?! ომი და უბედურება ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ ჩვენნაირ ღარიბ-ღატაკ ქვეყანას ათასობით ახალი ლტოლვილის მიღების და მათი განსხვავებული რელიგიური მრწამსის შედეგად მოსალოდნელი დაძაბულობის გაკონტროლების ძალა და რესურსი გააჩნია? ანდა საამისოდ რომელი სქემა ავამუშაოთ? თუ ლტოლვილების სახელმწიფოების ხელისუფლებას ვკითხოთ აზრი და ვთხოვოთ წასრიგი და დახმარება?! პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე, ეს მიუღწეველი ოცნებაა.
ამას წინათ, სოციალურ ქსელში წავიკითხე, საქართველოში ლტოლვილების შემოსვლას, საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან სერიოზული ფულადი კომპენსაცია მოჰყვებაო. ასეც რომ იყოს, ამ ხალხს ზესტაფონში ვერ ჩაასახლებ, ხოლო იქ სადაც ჩასახლების საშუალება მეტ-ნაკლებად არსებობს, უამისოდაც დარღვეულ დემოგრაფიას, საშვილიშვილოდ ვეღარ გამოვასწორებთ.
საშიშროებას ისიც ამძაფრებს, რომ ამ ეტაპზე, არც საერთოდ სახელმწიფოს და არც კონკრეტულად ხელისუფლებას, გამოკვეთილი დამცავი მექანიზმი არ აქვს. ან, აქვს და არ გვიმხელენ!
ეს ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკა და სტუმარ-მასპინძლობა, ჰუმანიზმი და სახელმწიფოს ინტერესები ჭკუა გონებითა და დახვეწილი დიპლომატიით უნდა იმართებოდეს და არა ვიღაცისთვის კოჭის გორებითა და არაპროფესიონალიზმით. ასეთ დროს მერკანტილიზმი გონებაშიც დაუშვებელია, თუნდაც საქართველოს ბიუჯეტის გაათმაგების ხარჯზე.
იმისთვის რომ ომი იგრძნო, ზარბაზნის ხმის გაგონება აუცილებელი არ არის!