თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. რუსი პოეტისა და მწერლის, ბორის პასტერნაკის დაბადებიდან 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კონკურსის შედეგები 8 ოქტომბერს შეჯამდება მწერალთა სახლში, — განაცხადა საქართველოს რუსულენოვან ლიტერატორთა პუშკინის საზოგადოება „არიონის“ თავმჯდომარემ მიხაილ აიდინოვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართა.
ორი თვის წინ გამოცხადებულ კონკურსში 47 ადამიანი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან: ფოთიდან, ქობულეთიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, მარნეულიდან, რუსთავიდან და თბილისიდან.
კონკურსანტებს შორის იყვნენ ჟურნალისტები, ლიტერატორები, პედაგოგები და კერძო პირები.
კონკურსანტები ოთხ კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს: პროზაში, პოეზიაში, პუბლიცისტიკასა და ახალგაზრდულ შემოქმედებაში. თითოეული ნომინაცია სამ საპრიზო ადგილსა და გრან-პრის ითვალისწინებდა.
„ლაურეატთა შორის გახლავთ რუსული ენის პედაგოგი, რუსთაველი ციური ბერიძე. გრან-პრი კი თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ მარია ფილინას გადაეცა. ის პასტერნაკისადმი მიძღვნილი წიგნის ავტორია. სხვათა შორის, თავის დროზე ფილინამ პერედელკინოდან პასტერნაკის წერილები ჩამოიტანა, რომლებიც საქართველოს უკავშირდება. ლაურეატები გახდნენ: პოეტებიდან — თამარა კოსტანტინოვსკაია, მარია კირაკოსოვა-მოვსესიანი და ნატალია სელეზნიოვა; პროზაიკოსებიდან და პუბლიცისტებიდან — მიხეილ რაზმაძე, ალა ტიტვნიძე და სვეტლანა ცივილევა. მათ სიგელები და ფასიანი პრიზები გადაეცემათ“, — განუცხადა ჟურნალისტებს მიხაილ აიდინოვმა.
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება საქრათველოს მწერალთა სახლში (მაჩაბლის №11).
ღონისძიების სტუმრებს შესთავაზებენ მუსიკალურ პროგრამას, რომელშიც თბილისელი ბარდები მიიღებენ მონაწილეობას. საავტორო სიმღერებს შეასრულებს ალექსანდრ ვანინი კალინინგრადიდან.
იქვე გაიმართება ლიტერატურული ალმანახის, „На холмах Грузии“ 22-ე ნომრის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში 1992 წლიდან გამოიცემა. ალმანახში ტრადიციულად იქნება გამოქვეყნებული პოეტური და პროზაული ნაწარმოებები, ასევე თარგმანები და ქართველი თუ უცხოელი ავტორების ლიტერატურული კრიტიკა.
როგორც აიდინოვმა აღნიშნა, ალმანახის 22-ე ნომერში შესულია პროზაიკოს-დებიუტანტთა ნამუშევრებიც. ესენი არიან: შალვა ავსაჯანიშვილი, დინა ლოლაშვილი-პონომარჩუკი და გალინა ჭაია.
ნომრის სიახლე გახლავთ რუბრიკა „კინოსცენარები“. მასში გამოქვეყნებულია თეატრალური ართჰაუსის დეტექტიური ჟანრის ფილმის სცენარი, რომლის ავტორიც ალექსანდრე მეიფარიანი გახლავთ. ამ სცენარმა ამერიკის სცენარისტთა კონკურსში Hartley Merrill Prize მეორე პრემია აიღო.