ტანტების ცირკი, წამალაშვილის სექცია და კომბალას ისტორია

© photo: Sputnikძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საშურია, ვინმემ ითავოს და შთამომავლობას შემოუნახოს იმ მართლაც სახელოვანი წინამორბედების ისტორიები, ვის მაგალითზეც ჩემპიონთა მთელი თაობები აღიზარდა.

 ვახტანგ კობაიძე

 ჩემი ოჯახის ფოტოალბომმა ერთი ისტორია გამახსენა. ბიძაჩემი, პავლე კობაიძე, ამ 30 წლის წინ გარდაიცვალა. პანაშვიდზე მოსულმა მამაჩემის მეგობარმა, კაკო უგულავამ, ეზოში მიხმო. იქაურობა სავსე იყო სამძიმარზე მოსული ნათესავებით. გაიცანი, ბიძაშენის ძველი მეგობარიაო, ვიღაც უცნობი წარმიდგინა ძია კაკომ. ჩემს წინ ოთხმოცს მიღწეული, ჯანმაგარი მოხუცი იდგა. უცნობმა ხელი გამომიწოდა – „მიცნობდეთ, ელიზბარ რჩეულიშვილი გახლავართ, ერთად ვჭიდაობდით, ვერ შევდივარ, არ მინდა წაქცეული ვიხილო ბეჭდაუდებელი ფალავანი“. შევატყვე, ამბის მოყოლა უნდოდა. გრძელ სკამზე ჩამოვჯექით. მისი ნაამბობი  მეხსიერებაში ჩამებეჭდა. სულ მინდოდა დამეწერა ეს მოგონება და თქვენც გაგეგოთ, ვინ იყო პავლე კობაიძე.

 „ვისაც ვერის დაღმართზე, ძმებ ტანტების ცირკი ახსოვს, პავლე კობაიძეც ემახსოვრება, – დაიწყო მოყოლა ბატონმა ელიზბარმა. – აქ, ამ სარბიელზე ჭიდაობდა ეს მაღალი, ბეჭებგანიერი, ცხვირკეხიანი ჭაბუკი, რომელსაც მაყურებელმა ზედმეტსახელად „კომბალა“ შეარქვა.

 ჩვენი დაძმაკაცება 1925 წელს, ვანო წამალაშვილის სპორტული სექციიდან დაიწყო. პავლეს არაბუნებრივი ძალა ჰქონდა, მუშტის დარტყმით ხარს წააქცევდა. ალბათ, სიძლიერემ და მოზღვავებულმა ენერგიამ მოიყვანა ჩვენთან. მწვრთნელი ცოდნასა და ენერგიას არ იშურებდა თავის აღსაზრდელების დაოსტატებისთვის. ქომაგებიც მოუთმენლად ელოდნენ ძია ვანოს ბიჭების სარბიელზე გამოსვლას. ნუ ავჩქარდებით, ჩვენი ჯერიც მოვაო, — ამბობდა ოსტატი და ეს დღეც დადგა. გლდანში მიგვიწვიეს. მოგეხსენებათ, გლდანი ფალავანთა სოფელია. კულა გლდანელი, ბევრი სხვაც და თვითონ ვანო წამალაშვილიც გლდანელები იყვნენ.

 დილაადრიან ფეხით გავუყევით გზას (ავტობუსი სად იყო?!). დამხვდურებს გაუკვირდათ, ეს ბარტყები საიდან შეუკრებია ვანოსო, – არ ესიამოვნათ ჩვენი დანახვა. მალე იგრძნეს კიდეც წამალაანთ ბიჭების მკლავის ძალა. ბოლოს, უკანასკნელი იმედი, ვინმე კოტორაშვილი გამოიყვანეს სარბიელზე. ჩვენი მხრიდან კომბალას უნდა ეჭიდავა. ზურნამ ლეკური დაუკრა. კოტორაშვილმა ჩამოუარა, ფალავანი თავს იწონებდა. თანასოფლელები ყიჟინით და შეძახილებით ამხნევებდნენ. ეს ამბავი გუშინდელი დღესავით მახსოვს. მსაჯის ნიშანზე, კოტორაშვილი ბუღასავით წამოვიდა, ჩოხაში უტაცა ხელი, დაიქნია, მაგრამ ძვრა ვერ უყო —  კომბალა მაგრად დახვდა. რაკი ამ ფანდით ვერაფერს გახდა, უკან დაიხია. პავლე მიჰყვა, მოფიქრების საშუალება არ მისცა. შუაკაური ჩაუხვია, მიწას მოწყვიტა, ჰაერში ამოატრიალა და ბეჭებზე დასცა. 

 სიმღერ-სიმღერით გამოვიარეთ მანძილი გლდანიდან თბილისადე. შემდეგ კვირას, ვანო წამალაშვილის ბიჭები გორს ვეწვიეთ, შემდეგ კასპს, და მოსახდენიც მოხდა – ტანტების ცირკში გამოსვლა შემოგვთავაზეს. ის დრო იყო, როცა წარმატებით მიმდინარეობდა პროფესიონალთა ჩემპიონატები კლასიკურ ჭიდაობაში. ტანტების ცირკი კი თაღლითთა ბუდე იყო: ცირკის დირექციას წინასწარ  ჰქონდა გრაფიკი,  ვინ როდის უნდა წაქცეულიყო, ვინ უნდა გასულიყო ფინალში და ა.შ. აი, ამ კარგად ორგანიზებულ ფარსს დაუპირისპირდნენ ახალბედა მოჭიდავეები.

 1928 წელს ჩატარებული პირველობა ქართულ ჭიდაობაში დიდი მოვლენა იყო. აჭრელდა ქალაქი აფიშებით. პირველ ოფიციალურ ჩემპიონატის პირველ გამარჯვებულებს ხალხი გულწრფელად ელოდებოდა. სამი დღის განმავლობაში უკრავდა ზურნა, ერკინებოდნენ ფალავნები ნახერხმოყრილ სარბიელზე. ვანო წამალაშვილის სექციიდან ხუთი ჩემპიონი გახდა, მათ შორის პავლეც იყო. 

 1929 წელსაც მოეწყო პირველობა. ქვემძიმე წონაში ამჯერადაც პავლე კობაიძემ, კომბალამ გაიმარჯვა. უკვე საქართველოში ორგზის ჩემპიონი იყო.

 ეჰ, ჩვენი პავლე გულთბილი, ნიშა ხარივით ერთგული მეგობარი იყო, ზედმეტი სიტყვა არ დასცდებოდა. ერთი შეხედვით ზანტი იყო, მაგრამ, როგორც კი სარბიელს ფეხს დაადგამდა, შეიცვლებოდა: გაფიცხდებოდა, ფანდი ფანდს მოსდევდა, დაუნდობელი ხდებოდა. ჭიდაობის დამთავრების შემდეგ, მეზურნეებს მოკრძალებით თავს დაუკრავდა, მადლობას გადაუხდიდა და სარბიელიდან ისეთი მოკრძალებით გავიდოდა, თითქოს არც გაემარჯვოს. 

 ასეთი იყო ჩვენი კომბალა, პავლე კობაიძე, მთიელი ბიჭი, ბეჭდაუდებელი ფალავანი“, – ამ სიტყვებით დაამთავრა  ელიზბარ რჩეულიშვილმა ყოფილ ჩემპიონზე თხრობა.

 ვინ იცის, რამდენი სახელგანთქმული ფალავანის ცხოვრება დარჩა „კადრს მიღმა“, რამდენი სახელი ჩაყლაპა იმ ავბედითმა დრომ. არადა, რა საშურია, ვინმემ ითავოს და შთამომავლობას შემოუნახოს იმ მართლაც სახელოვანი წინამორბედების ისტორიები, ვის მაგალითზეც ჩემპიონთა მთელი თაობები აღიზარდა. 


ყველა ახალი ამბავი
0