თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik.საერთაშორისო ფესტივალი "Kinovino” პირველად გაიმართება თბილისში 6-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით, იტყობინება საქართველოს ღვინის კლუბი.
კინოვინო ღვინის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალია საქართველოში, რომლის ანალოგიც მსოფლიოს მეღვინეობის ყველა რეგიონსა და სახელმწიფოში არსებობს. მისი ფოკუსი იქნება მსოფლიოს მეღვინეობა და მევენახეობა — მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის, ისტორიის, გეოგრაფიის, განათლების, ტურიზმისა და ჯანდაცვის კონტექსტში.
ფესტივალთან დაკავშირებით, 6 ოქტომბერს საქართველოს ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, ღვინის ექსპერტი და მწერალი, ჯონათან ნოსიტერი ეწვევა, რომელიც თავად გახსნის თბილისში საკუთარი ფილმების რეტროსპექტივას. 6 ოქტომბერსვე, KINOVINO-ს, ხელოვანთა კავშირ Conceptart-ისა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში ჩატარდება ჯონათან ნოსიტერის შეხვედრა ღვინისა და კინოს მოყვარულებთან. 10 ოქტომბერს კი გაიმართება შემოქმედებითი ღონისძიება ღვინის ბარ Vino Underground-ში.
6-10 ოქტომბერს, კინოვინოს ფარგლებში, საქართველოს ისტორიის მუზეუმსა და კინოთეატრ ამირანში გაიმართება ჯონათან ნოსიტერის ფილმების — მონდოვინო (Mondovino), ბუნების წინააღმდეგობა (Natural Resistance) დარიო — სექს- კომედია (Rio Sex Comedy) — საპრემიერო ჩვენებები.
მონდოვინო დოკუმენტური კინოს ისტორიაში მეოთხე ფილმია, რომელიც ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინირებული
ღვინის კინოფესტივალის მიზანია საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაცია მსოფლიოში, ადგილობრივი მეღვინეობის ინტეგრაცია მსოფლიო ღვინის სამყაროში.
პროგრამა, კინოჩვენებების გარდა, მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება დატვირთული. დეგუსტაციები ჩატარდება Chateau Mukhrani-ში, ხოხბის ცრემლების, იაგო ბიტარიშვილის, სოლიკო ცაიშვილისა და სხვა მცირე მარნებში.
სტუმრები ეწვევიან ვაზისა და ხეხილის საგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრს, მოინახულებენ ალავერდის მონასტერს, თელავის ღვინის მარანს, შუხმანისა და სტორის მარნებს, ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმს და სხვ.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ღვინის კლუბი, კომპანია ბადაგონი, სასტუმრო Vinotel, დოკუმენტური ფილმების სტუდია, პირველი არხი, რადიო ფორტუნა, მედიაპალიტრა, ბილეთები.გე, კინოთეატრი ამირანი, Vino Underground Tbilisi.