თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო ნატოსთვის ძალზე ფასეული პარტნიორია, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს, 6 ოქტომბერს, ნატოს მინისტერიალის მომზადებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.
ბრიუსელში ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს, ნატოს პარტნიორი და წევრი–ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. მინისტერიალში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მიიღებს მონაწილეობას.
„საქართველო ნატოსთვის ძალზე ფასეული პარტნიორია. ცოტა ხნის წინ საქართველოს ვსტუმრობდი და იქ ახალი საწვრთნელი ცენტრი გავხსენი, რომელიც ქართულ მხარესთან ერთად შემუშავებული არსებითი პაკეტის ნაწილია. ხუთშაბათს, მინისტერიალის ფარგლებში, ჩვენთან საქართველო–ნატოს კომისიის შეხვედრა გაიმართება. ეს საქართველო–ნატოს თანამშრომლობის კიდევ ერთი ელემენტია. ველოდებით შეხვედრას თავდაცვის მინისტრთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე 27 აგვისტოს, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ხელშემწყობი ღონისძიებების პაკეტის ფარგლებში გაიხსნა. ცენტრში მომზადებას გაივლიან ალიანსის პარტნიორი და წევრი–ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა.
2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი–ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან.
უელსის ნატოს სამიტზე, რომელიც 2014 წლის 4–5 სექტემბერს გაიმართა, დამტკიცდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს ალიანსის წევრად გახდომაში დაეხმარება.